Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

ჯაზფესტივალის მოახლოებასთან ერთად, თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებები, სწორედ ბათუმში მოუმზადა.

შეთავაზებები, ტრადიციულად, მრავალფეროვანია და ყველა იმ კატეგორიას აერთიანებს, რომელიც ბათუმში სტუმრობისას დაგჭირდებათ.  

სასტუმროები:

  • Rooms Batumi

ჯაზ ფესტივალისთვის, თიბისი კონცეპტმა და Visa-მ სასტუმროში- Rooms Batumi, 31 ივლისის ჩათვლით, 20%-იანი ფასდაკლება მოგიმზადათ. შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ კვირის დღეებში, შაბათ-კვირის გარდა.

  • Le Meridian

თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, 28 დეკემბრის ჩათვლით, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ 15%-იანი ფასდაკლებით, ბათუმის სასტუმროში – Le Meridian.

  • Hilton Batumi

31 დეკემბრის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის შეთავაზებით, ეწვიეთ Hilton ბათუმს და ისარგებლეთ 18%-იანი ფასდაკლებით.

  • La Quinta by Wyndham Batumi.

31 დეკემბრამდე, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ 20%-იანი ფასდაკლებით სასტუმროში – La Quinta by Wyndham Batumi.

  • Alliance Palace ბათუმი

9 ივლისიდან-17 ივლისის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ, ესტუმროთ სასტუმროს – Alliance Palace ბათუმი და ისარგებლოთ 30%-იანი ფასდაკლებით.

  • ორბი სითი

სასტუმროში ორბი სითი კი, 30%-იანი ფასდაკლებით, 9 ივლისიდან-15 ივლისის ჩათვლით, ისარგებლებთ. 

  • ნიუ ვეივ ბათუმი

გრძელვადიანი შეთავაზება გელოდებათ ნიუ ვეივ ბათუმშიც. აღნიშნულ სასტუმროში 15%-იანი ფასდაკლებით, 30 სექტემბრამდე ისარგებლებთ.

კაფეები:

თიბისი კონცეპტის და Mastercard-ის შეთავაზებების ფარგლებში, ბათუმის შერჩეულ კაფეებში, მთლიანი ივლისის განმავლობაში, ყოველ პარაკევს, შაბათს და კვირას, თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათით გადახდისას თანხის 30%-ს, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს მომენტალურად დაიბრუნებთ. კაფეების ჩამონათვალი ასეთია: ლუკა პოლარე, 8000 მოსავალი, უმამი, მედეა, ბოტანიკო, ლევილი, ლიმონი, ვერანდა აკროპოლი.

თავის მოვლა:

11, 12 და 13 ივლისს, ეწვიეთ PSP-ს ბათუმის ფილიალებს, გადაიხადეთ თიბისის ახალი ან ძველი სადებიტო ბარათებით და დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ.

შოპინგი:

  • 11-13 ივლისს, ეწვიოთ Dressup ჯგუფის შერჩეულ ფიზიკურ ობიექტებს ბათუმში და დაიბრუნოთ 10% ულიმიტოდ: Jeans Gallery, Factory Outlet, Levi’s, Calvin klein Jeans, Calvin Klein Underwear, GANT, GUESS, Kid’s Gallery, Lee & Wrangler, ETAM, Jack & Jones, Lacoste, Samsonite, TOMMY HILFIGER, G-Star raw. შეთავაზება მოქმედებს, აღნიშნული მაღაზიების ყველა ფილიალში, როგორც თიბისი კონცეპტის ახალი, ისე ძველი სადებიტო ბარათებით გადახდისას.
  • თიბისი კონცეპტის ახალი და ძველი სადებიტო ბარათების მფლობელები, 10-17 ივლისის ჩათვლით, რონიკოს ბათუმის ფილიალებში, შერჩეული სათვალეების ბრენდებზე, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ: Porshe Design Furla Escada Rodenstock George Piralli Roli Giorgio Armani Morel Vogue.
  • 9-17 ივლისის ჩათვლით, მათ 20%-იანი ფასდაკლება ექნებათ Kenari-ის ბათუმის ფილიალებშიც. ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ ბრენდებზე: Giorgio Armani, Burberry, Georgio Piralli, Balenciaga, Kenzo.

ბათუმის ყველა კატეგორიის შეთავაზების დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.

11-13 ივლისს დაესწარი შავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზფესტივალს და ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებებით შენთვის საჭირო ყველა კატეგორიაში!

მე უარს არ ვიტყოდი პუტინთან მოლაპარაკებაზე – ინტერვიუ ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან

ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანიაბმ „ბიბისიმ“ (BBC) თავის ვებ-გვერდზე, სათაურით – „მე უარს არ ვიტყოდი პუტინთან მოლაპარაკებაზე“ – გამოაქვეყნა ვრცელი ინტერვიუ  გადამდგარ გენერალთან, ნატოს სამხედრო საბჭოს ყოფილ ხელმძღვანელთან და ჩეხეთის ამჟამინდელ პრეზიდენტთან პეტრ პაველთან (ესაუბრება ჟურნალისტი მარინა ევსტაფიევა).

როგორც ცნობილია, პეტრ პაველი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას რუსეთის აგრესიის მოგერიებაში. ინტერვიუში იგი ამბობს, რომ უკრაინას მოუწევს დროებით უარი თქვას თავისი ტერიტორიის ნაწილზე, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული (ამ მხრივ იგი შედარებას აკეთებს აფხაზეთთან და „ოსეთთან“ მიმართებით). პეტრ პაველი ჰყვება, თუ როგორ აქვს წარმოდგენილი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრული და განმარტავს, თუ რატომ არ იტყვის უარს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრასა და მოლაპარაკებაზე. გარდა ამისა, ჩეხეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ნატოს ჰააგის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში უკრაინის ნატოში მიღების არმოხსენიება სულად არ ნიშნავს უარს: ალიანსის წინა გადაწყვეტილებები ძალაშია და მოქმედებას აგრძელებენ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

ვინ იმარჯვებს რუსეთ-უკრაინის ომში?

– რუსეთი თვლის, რომ ამჟამად ის ბრძოლის ველზე წარმატებას აღწევს და იმარჯვებს, უკრაინა კი აცხადებს, რომ მისი თავდაცვა ძლიერია და მიუთითებს რუსეთის დიდ დანაკარგებზე. თქვენი აზრით, ვინ იმარჯვებს?

– რუსეთის მტკიცებაზე ვიტყოდი, რომ გამარჯვება სხვაგვარად გამოიყურება. დიახ, რუსეთმა საკმაოდ სერიოზული ტაქტიკური გამარჯვებები მოიპოვა, ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორიის ნაწილი, რუსეთის არმია ნელ-ნელა წინ მიიწევს, მაგრამ დიდი დანაკარგების ხარჯზე. მე ვიტყოდი, რომ ის ფასი, რომელსაც რუსეთი იხდის მიწების დასაპყრობად, ძალიან მაღალია. უკრაინა წარმატებით უწევს წინააღმდეგობას და მომხდურს დიდ ზარალს აყენებს, მნიშვნელოვანი მიმართულებებით პოზიციებს ინარჩუნებს და უკან არ იხევს. მაგრამ თუ ომი ამ სულისკვეთებით გაგრძელდება, უახლოეს ხანში არ დასრულდება, რაც ჩვენთვის მიუღებელია.  სწორედ ამიტომ ვეხმარებით უკრაინას და ზეწოლას ვახდენთ რუსეთზე – პუტინი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი არმია ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს. (…)

– ვრცელდება სპეკულაციური ხმები, რომ რუსეთის ამჟამაინდელი საზაფხულო შეტევა შეიძლება კრემლის უკანასკნელი შეტევა იყოს – რუსეთს რესურსები ამოეწურება და იძულებული გახდება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს…

– მე პირადად ასეთ მითქმა-მოთქმას არ ვუჯერებ… და არც იმის არ მჯერა, რომ რუსეთი ოდესმე უკრაინის მთელ ტერიტორიას დაიპყრობს. (…)

რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების პერსპექტივა

– თქვენ თავის დროზე უკრაინისათვის საკმაოდ არასასიამოვნო და არაპოპულარული თვალსაზრისი გამოხატეთ, რომლის თანახმად, კიევს მოუწევს დროებით უარი თქვას რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დროებით შეურიგდეს რუსეთისადმი მათ დათმობას. მაგრამ რას ნიშნავს „დროებით დათმობა“? ჩვენ ვხედავთ, რომ ყირიმი უკვე 10 წელია რუსეთის ხელშია… როდის დასრულდება „დროებითობა“?

– ჩეხეთს თავისი ისტორია აქვს დროებით ოკუპაციასთან დაკავშირებით – ჩვენ ოკუპირებულ მდგომარეობაში თითქმის 22 წელი ვიმყოფებოდით (1968 წლიდან, როცა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა ჩეხოსლოვაკიაში ჯარები შეიყვანეს და „პრაღის გაზაფხული ჩაახშეს). ევროპაში არის პრეცედენტები, როცა ტერიტორიები კიდევ უფრო დიდხანს იყო ოკუპირებული, მაგალითად, გერმანიის აღმოსავლეთი ნაწილი – გდრ. მე არ ვამტკიცებ, რომ უკრაინის შემთხვევა ზუსტად იგივე იქნება, უბრალოდ, ფაქტის კონსტატაციას ვახდენ.

– და თქვენ ძველებურად თვლით, რომ უკრაინამ ტერიტორიები უნდა დათმოს, თუნდაც დროებით?

– დიახ, ძველებურად ვთვლი, რომ დღეს, უკრაინას, დასავლეთის სრული მხარდაჭერითაც კი არ შეუძლია ოკუპირებული ტერიტორიების მოკლე ვადაში გათავისუფლება ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი მსხვერპლის, მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე. ამიტომაც ვთვლი, რომ დასავლეთის მოქმედება უსამართლო იქნებოდა, თუ ის უკრაინას ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაუყონებლივ დასაბრუნებლად წააქეზებს. იმიტომ, რომ მე არ მსურს უკრაინელი ხალხის განადგურება. მე მინდა, რომ უკრაინელებმა ომი გადაიტანონ და იცოცხლონ… მინდა, რომ უკრაინამ იარსებოს დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით. თუ დამოუკიდებლობის შენარჩუნების ფასი გამოხატული იქნება იმაზე თანხმობაში, რომ ტერიტორიის რაღაც ნაწილი დროებით ოკუპირებული იყოს, მაგრამ საერთაშორისო აღიარების გარეშე – დაე ასე იყოს. ჩვენ არასოდეს არ ვაღიარებთ იურიდიულად უკრაინის ოკუპირებულ მიწებს რუსეთის კუთვნილებად.

– რა თქმა უნდა, თუმცა არის ნიუანსები: ყირიმი იურიდიულად რუსეთის კუთვნილებად არ არის აღიარებული, მაგრამ მოსკოვი, როგორც ჩანს, იქიდან წასვლას არ აპირებს. თქვენ პირადად რა რეალურ ნაბიჯებს გადადგამდით ასეთი პერსპექტივის თავიდან ასაცილებლად?

– მე ვიტყოდი, რომ ის ნაბიჯები და მოქმედებები, რომლებიც უკრაინასთან მიმართებით შეიძლება გადაიდგას, საშუალოვადიანიც არის და გრძელვადიანიც. ჯერ-ჯერობით ისინი შემუშავების სტადიაშია. თუ ჩვენ მოვახერხებთ და უკრაინას თავისი ტერიტორიის [დარჩენილ] ნაწილზე სუვერენიტეტის განმტკიცებაში დავეხმარებით, შემდეგ კი ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრირებას მოვახდენთ, აღვადგენთ მის ეკონომიკას და მოსახლეობას ცხოვრების ნორმალურ პირობებს შევუქმნით, მაშინ ეს კარგი სიგნალი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისათვის, რომ მათ უკრაინაში უფრო კარგი ცხოვრების პირობები ექნებათ, ვიდრე რუსეთში. მე კარგად ვხედავ, რომ რუსეთის განცხადებები ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის ზრუნვაზე სიცრუეა. მე ვთვლი, რომ ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთისათვის მძიმე ტვირთია და რომ კრემლი მათ ძირითადად პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს. 

შეხედეთ ოსეთს ან აფხაზეთს საქართველოში: ეს რეგიონები რუსეთზე ბევრად უფრო ღარიბებია და რუსეთის ხელისუფლება არ ცდილობს მცირედ მაინც გააუმჯობესოს მათი ცხოვრების დონე – იმიტომ, რომ რუსეთისათვის ისინი მეორეხარისხოვანი ადამიანები არიან.

– თქვენ მტკიცედ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ თუ ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები დაინახავენ, რომ მეზობლად ცხოვრება უფრო უკეთესია, მათ რუსეთი თავისი კონტროლიდან გასვლის უფლებას მისცემს?

– დიახ, ადრე თუ გვიან, ასე მოხდება… ვინ იცის, რომ…

– როგორ გარემოებებში?

– თქვენ იცით, როგორი რეჟიმი იქნება რუსეთში 20 ან 30 წლის შემდეგ? ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში მუდამ არ იქნება, იგი უკვდავი არ არის. თვით რუსეთშიც კი ადამიანებს ღირსეულად ცხოვრება სურთ. მათ უნდათ, რომ ცხოვრების კარგი დონე ჰქონდეთ, იმოგზაურონ, ისწავლონ და მსოფლიოს ქვეყნებთან ბიზნესურთიერთობები ჰქონდეთ. არ ვფიქრონ იმას, რომ რუსეთის მოსახლეობის უმეტესობა კმაყოფილია იმით, რომ მათი ქვეყანა იზოლაციაშია და სანქციების ქვეშაა.

– თქვენ თქვით, რომ ვლადიმერ პუტინის რეჟიმი მარადიული არ არისო, მაგრამ ამჟამად იგი ხელისუფლებაშია და რუსეთის პრეზიდენტია. ესე იგი, თქვენი ნათქვამიდან გამოდის, რომ უკრაინელებს მოლაპარაკებაზე წასვლას და დათმობებზე თანხმობას სთავაზობთ, ხომ? მაგრამ განა ასეთი სტატუს-ქვოზე თანხმობას, ასეთი პირობების მიღება პუტინისადმი მორჩილებას არ ნიშნავს? თქვენ მზად ხართ ასეთ უკანდახევაზე?

– აშკარაა, რომ თუ ჩვენ ამას ადამიანური სამართლიანობისა და თუნდათ საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან შევხედავთ, ძალიან ძნელი იქნება ასეთ მდგომარეობაზე თანხმობა. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ რეალურ სიტუაციაში ვცხოვრობთ. დავფიქრდეთ – განა სხვა ალტერნატივა არსებობს? დიახ, ჩვენ უკრაინის მხარეზე ვართ, მაგრამ რუსეთთან უსასრულოდ უნდა ვიბრძოლოთ? ასეთი მიდგომა, ალბათ, ადამიანების დიდ დანაკარგებამდე მიგვიყვანს, ეკონომიკა კიდევ უფრო დაინგრევა – ჩვენიც და უკრაინისაც. რაღაცით უნდა დავიწყოთ. საწყის ეტაპზე რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა მივიყვანოთ, შევთანხმდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე, შემდეგ კი დიდ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე… ამის შემდეგ კი უკრაინის ეკონომიკურ აღდგენას დავიწყებთ. პარალელურად შევხედავთ, როგორ იცავს რუსეთი ხელშეკრულების პირობებს და თუ დავრწმუნდებით პოზიტივში, მოსკოვთან ისეთივე თანამშრომლობას დავიწყებთ, როგორიც ადრე გვქონდა… თუმცა ძირითადი წინასწარი პირობაა უკრაინაში მშვიდობის შენარჩუნება.

„მე უარს არ ვიტყოდი პუტინთან მოლაპარაკებაზე“

– თქვენ თქვით, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ რუსეთთან თანამშრომლობას დავიწყებთო. როგორ გაქვთ წარმოდგენილი ამ პროცესის განვითარება? თქვენ პირადად მზად ხართ პუტინთან მოსალაპარაკებლად?

– მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ჩეხეთი რუსეთის წინააღმდეგ ძალიან აგრესიულად არის განწყობილი. ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს და მიაჩნიათ, რომ ომს მოლაპარაკება სჯობს. მაგრამ ამისათვის მინიმუმ ორი სუბიექტია საჭირო. ჩვენ, ევროპას, მოლაპარაკება გვინდა, რუსეთს კი არა… მე პირადად უარს არ ვიტყოდი რუსეთთან მოლაპარაკებაზე – იმ პირობით, თუ მოსკოვი ჩვენ თანასწორ პარტნიორად აღვიქვამს, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე… არ უნდა იყოს ძლიერი ან სუსტი, უნდა იყოს მხოლოდ თანასწორობის პრინციპი. სამწუხაროდ, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება სხვაგვარად თვლის, კრემლისთვის არ არსებობს გაგება – „მოგება ორივე მხარისათვის“.  პუტინის აზრით, ომებს ან იგებენ, ან აგებენ. მე კი მგონია, რომ ამ შემთხვევაში წაგებული არცერთი მხარე არ უნდა იყოს. ყველას მშვიდობა გვინდა. არ ვესწრაფვით რუსეთის გაკონტროლებას, ჩვენ საკუთარი პრობლემებიც თავზე საყრელი გვაქვს (…).

უკრაინის ნატოში მიღება

– ნატოს წლევანდელი სამიტის კომუნიკეში არაფერი არ არის ნათქვამი უკრაინის ნატოს წევრად მიღების თაობაზე. არადა, გასული წლების დეკლარაციებში მოკავშირეები უკრაინას არწმუნებდნენ, რომ კიევის გზა ალიანსისაკენ შეუქცევადია და რომ უკრაინას ნატოს წევრი გახდება. რაიმე შეიცვალა საბოლოოდ?

– არა, არაფერი… ნატოს პრაქტიკა ისეთია, რომ რაც ერთხელ დეკლარაციაში ჩაიწერება და არ  შეიცვლება (ან არ გაუქმდება), ის თავის მოქმედებას აგრძელებს. ამრიგად, წინა სამიტებზე მიღებული განცხადებები ჯერ კიდევ ძალაშია და თავიანთ აქტუალობას ინარჩუნებენ. უკრაინა ჰააგის სამიტის დეკლარაციაში იმიტომ არ არის განსაკუთრებულად გამოყოფილი, რომ უბრალოდ, ამ მხრივ არაფერი არ შეცვლილა და ყველაფერი ისევ ძალაშია.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ანა წითლიძე პარტია „ლელოს“ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

სამეგრელოში უკვე დაწყებული ჰქონდათ კამპანია, შეგიძლიათ იმ ადამიანის ფეისბუქ-გვერდზე შეხვიდეთ, ვინც საკრებულოში უნდა ჰყავდეთ და ნახავთ, რომ უკვე ორი თვეა კამპანია აქვს დაწყებული, სოფელ-სოფელ დადის და ჩვეულებრივ, კამპანიას ატარებს „ლელოს“ წარმომადგენელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ, თანაპარტიელებთან, ლევან სანიკიძესა და ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად, ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.

მან „ლელო“ მოსყიდვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის წარმომადგენლები „ჩემოდნით დადიოდნენ“ და „ნაცმოძრაობის” წევრებს სთავაზობდნენ, მათ გვერდით დამდგარიყვნენ, ფული კი იმდენი ექნებოდათ, რამდენიც დასჭირდებოდათ.

„ამაში ხომ იტყუებოდნენ და რომ ვიძახი, ჩემოდნით დადიოდნენ-მეთქი, იცი როგორ დადიოდნენ ჩვენს ადამიანებთან, ლიდერები ვინც გვყავს, სოფლებში? ასე ეუბნებოდნენ “ლელოს” წარმომადგენლები, რომ “ნაცები” მაინც მონაწილეობას არ იღებთ, ან ჩვენ დაგვეხმარეთ, ჩვენი კანდიდატი იყავით და ფული გვაქვს ულევი; რამდენიც გინდათ და რამდენიც დაგჭირდებათ, ამ ყველაფერში, იმდენი გექნებათ – და უკაცრავად, მოსყიდვა სხვა რა არის?” – განაცხადა ანა წითლიძემ.

შრომის პროდუქტიულობის პროგრესით საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია, წლიური გაუმჯობესებით კი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს

მსოფლიო ბანკმა შრომის პროდუქტიულობის 2024 წლის შედეგები გამოაქვეყნა. შრომის პროდუქტიულობა იზომება, როგორც ერთ დასაქმებულ პირზე მსყიდველუნარიანი მთლიანი შიდა პროდუქტის დონე მუდმივ ფასებში. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ეს მაჩვენებელი 2024 წელს 10,4%-ით გაიზარდა და 56 ათას 608 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბა.

ზრდის ამ ორნიშნა, 10%-ზე მაღალი, წლიური ტემპით საქართველო მსოფლიოში გაიანას შემდეგ მეორე ადგილს იკავებს, ევრაზიის კონტინენტზე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ პოზიციაზეა. ამასთან საქართველო შრომის პროდუქტიულობის პროგრესით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია. ჩვენი საუკუნის 24 წლიან პერიოდში შრომის პროდუქტიულობა ყველაზე მეტად გაიზარდა გაიანაში 786%-ით, მეორე ადგილზეა ჩინეთი 506%-იანი ზრდით, მესამეზე კი საქართველო სადაც შრომის პროდუქტიულობა 340%-ით არის გაზრდილი.

შემაშფოთებლად დაბალია შრომის პროდუქტიულობის წლიური ზრდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. მსოფლიო ბანკის შეფასებით ევროკავშირში შრომის პროდუქტიულობის ზრდის ტემპი 2024 წელს 1%-ზე დაბალი იყო, ხოლო ისლანდიაში, ირლანდიაში, ავსტრიაში, იტალიასა და ფინეთში შრომის პროდუქტიულობა დაეცა.

მსოფლიოს ბანკის მერ წარმოდგენილი განმარტებით, „შრომის პროდუქტიულობა გამოიყენება ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების შესაფასებლად, შექმნას და შეინარჩუნოს ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები სამართლიანი და შესაფერისი ანაზღაურებით. ინვესტიციების, ვაჭრობის, ტექნოლოგიური პროგრესის ან სამუშაო ორგანიზაციის ცვლილებების შედეგად მიღებულმა პროდუქტიულობამ შეიძლება გაზარდოს სოციალური დაცვა და შეამციროს სიღარიბე, რაც თავის მხრივ ამცირებს დაუცველ დასაქმებასა და სამუშაო სიღარიბეს.“

„მშპ ერთ დასაქმებულ ადამიანზე არის საკვანძო ზომა იმის მონიტორინგისთვის, მიდის თუ არა ქვეყანა მდგრადი განვითარების იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ეწოდება „მდგრადი, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული მუშაობა ყველასთვის“ [SDG ინდიკატორი 8.2.1].“, – განმარტავს მსოფლიო ბანკი.

რუსეთმა უკრაინაზე ყველაზე მასიური იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინაზე დრონებით ომის დაწყებიდან ყველაზე მასიური იერიშით შეუტია. უკრაინის საჰაერო შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ქვეყნის მიმართულებით 728 დრონი იყო გაშვებული.

ძირითადი დარტყმა ქალაქ ლუცკზე მიიტანეს. ამ ეტაპზე ინფორმაცია დაშავებულებისა ან დაღუპულების შესახებ არ გავრცელებულა. გავრცელდა ცნობები ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის შესახებ.

რუსეთში კი განაცხადეს, რომ უკრაინამ დრონებით ქალაქ კურსკზე მიიტანა იერიში, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.

თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს. აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი მკურნალობას ერთ-ერთ საავადმყოფოში განაგრძობს.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან პაციენტის გაყვანამდე რამდენიმე საათით ადრე, რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა შეაფასა. ლევან რატიანის თქმით, რიჟვაძე სტაბილურად მძიმეა, თუმცა შენარჩუნებულია დადებითი დინამიკა და მართვითი სუნთქვიდან ის მალე უნდა მოიხსნას.

გულ-მკერდში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით, აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კლინიკაში სამი დღის წინ შეიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, კახეთში ალექსანდრე ახვლედიანთან სტუმრად ყოფნის დროს, აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. ტყვიამ ფილტვი დააზიანა.

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში – სეტყვა. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების, დროგამოშვებით ძლიერი ქარი.

რაც შეეხება დედაქალაქს, ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 10 ივლისიდან თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა თანდათან მოიმატებს.

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ენერგიის აღდგენაში ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ. ახლობელი ადამიანები ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში გვერდში დაგიდგებიან. საღამოს დაგეგმილი შეხვედრა კომფორტული და სასიამოვნო იქნება. მოერიდეთ ახალი კრედიტის ან ვალის აღებას – ახლა ამისთვის არახელსაყრელი გარემოებებია.

კურო

ახლა კუროებისთვის იდეალური დროა გეგმებისა და ახალი იდეის განხორციელებისთვის. ყველა საჭირო თვისება გაქვთ, რომ საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ. ეცადეთ, უახლოეს მომავალში მავნე ჩვევებზე უარი თქვათ – წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქროს. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას – მათ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.

ტყუპი

უმჯობესია ახალი საქმეები არ დაიწყოთ – შედეგი საეჭვო იქნება. ყურადღებით იყავით – თქვენს გარემოცვაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც შეიძლება პრობლემები გამოიწვიონ. მოერიდეთ რისკებს და სამომავლოდ გადადეთ დიდი შენაძენები. ასევე ეცადეთ, ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ. ყურადღება მიაქციეთ ძველ, დაუსრულებელ საქმეებს, რომლებიც გამუდმებით თავს გახსენებთ და წინსვლაში ხელს გიშლით.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის გააზრებული აქტივობის პერიოდი იწყება. ნუ მისცემთ დაპირებას, რომლის შესრულებასაც ვერ შეძლებთ და არც სხვისი დაპირება დაიჯეროთ. ნებისმიერ კამათში გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ და სიმართლე თქვათ, როგორი ძნელიც არ უნდა იყოს. ამ დღეს გაცნობილი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში ქაოსს და აურზაურს შემოიტანს, ამიტომ გირჩევთ, საღამო სახლში განმარტოებით გაატაროთ.

ლომი

დაკავდით პიროვნული განვითარებით – ეს შეიძლება ლექციის მოსმენა ან წიგნის კითხვა იყოს. საკუთარი მიღწევების ან საინტერესო შეთავაზებების შესახებ არავის უამბოთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენს ნაცნობებს შორის არაკეთილსინდისიერი ადამიანიც არის, რომელმაც შეიძლება თქვენი გეგმების ჩაშლა სცადოს. შესაძლოა ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად სამსახურისთვის გამოყოფილი დროის შემცირება დაგჭირდეთ.

ქალწული

საუკეთესო დროა დაწყებული საქმეების დასრულებისთვის. სავარაუდოდ, ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ, თუმცა ეცადეთ, წარმატებამ თავბრუ არ დაგახვიოთ, რადგან ეს სამუშაო პროცესზე ცუდად აისახება. უთხარით ადამიანებს სიმართლე – ეს ურთიერთობების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. 9 ივლისი გარშემო მყოფთა კრიტიკისთვის შესაფერისი დრო არ არის – თქვენს უწყინარ შენიშვნას შეიძლება ვნებათა კორიანტელი მოჰყვეს.

სასწორი

რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების მცდელობამ შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. უმჯობესია, პასუხისმგებლობები კოლეგებს ან ოჯახის წევრებს გაუნაწილოთ და დასვენების დრო გამონახოთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს, დაისვენეთ და ყურადღება სასიამოვნო საქმეებზე გადაიტანეთ. სავარაუდოდ, შესაძლებლობა გექნებათ, ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

მორიელი

ეცადეთ, საკუთარი თავისა და ახლობელი ადამიანების მიმართ გულწრფელობა გამოიჩინოთ. პრობლემებს ნუ გაექცევით – სასურველია, ოჯახთან და ახლობლებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. გამორიცხული არ არის, რომ ძველი შეცდომები ბუმერანგივით დაგიბრუნდეთ და ცხოვრება გაგირთულოთ. არაჯანსაღ საკვებს მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ.

მშვილდოსანი

პირად ცხოვრებაში შესაძლოა მოულოდნელ სირთულეებს შეეჯახოთ. ახლობლებთან ურთიერთობებში ზედმეტად აგრესიული ნუ იქნებით – ეს ურთიერთობებს მხოლოდ დააზიანებს. უმჯობესია, პრობლემები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილოთ და საუკეთესო გამოსავალი მონახოთ. თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ საკითხის განხილვა სხვა დროისთვის გადადეთ.

თხის რქა

ამ დღეს კოლეგებთან მცირე უთანხმოება გელით. თუ ჭორებს და შურიანი ადამიანების პროვოკაციებს ყურადღებას არ მიაქცევთ, ნეგატივი თანდათან გაქრება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მკაფიო სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და ეტაპობრივად განხორციელება დაიწყოთ. ამ დღეს ზღვა ინფორმაციიდან მხოლოდ ის უნდა აირჩიოთ, რომელიც თქვენ და თქვენს პასუხისმგებლობებს ეხება. სასიყვარულო თავგადასავალი ემოციების ზღვას გპირდებათ.

მერწყული

ამ დღეს რამდენიმე საქმის კეთება არ უნდა სცადოთ. გირჩევთ, პრიორიტეტები განსაზღვროთ და მთელი ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანი საქმისკენ მიმართოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ღამის წვეულებებს და ხმაურიან თავშეყრის ადგილებს მოერიდოთ. გირჩევთ საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და მიუწვდომელი მიზნები არ დაისახოთ.

თევზები

შესაძლოა, დღეს მოგებიანი საქმიანი შემოთავაზება მიიღოთ და უარი არ უნდა თქვათ. ეცადეთ, თქვენი დრო გონივრულად დაგეგმოთ და, რაც მთავარია, შინაგანი სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გირჩევთ, საღამო ხალხმრავლობისგან მოშორებით, მშვიდ გარემოში გაატაროთ – ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნა გრძელდება, ვერანაირი მსგავსი ქმედება, ვერ აგვაღებინებს ხელს პოლიტიკურ ბრძოლაზე -“ლელო – ძლიერი საქართველო”

არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნა გრძელდება და როგორც ჩანს, „ლელო – ძლიერი საქართველო“ განსაკუთრებული სამიზნეა, – ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ყოველ ჯერზე, როდესაც ხელისუფლება შეეცდება პოლიტიკურ დევნასა და დაშინებას, ამას ბრძოლის გაძლიერებით უპასუხებენ.

„არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნა გრძელდება და როგორც ჩანს, „ლელო – ძლიერი საქართველო“ განსაკუთრებული სამიზნეა, რადგან დღეს ჩვენი კოალიციის ერთდროულად სამი წარმომადგენელი – კომუნიკაციების ხელმძღვანელი ლევან ჯორბენაძე, გენერალური მდივნის მოადგილე ოთარ ფარულავა და ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ბექა ბერიძიშვილი დააკავეს.

ჩვენ, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური გუნდი ვაცხადებთ, რომ ვერანაირი მსგავსი ქმედება, ვერ აგვაღებინებს ხელს იმ პოლიტიკურ ბრძოლაზე, რომელიც გამოცხადებული გვაქვს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც შესულია ჩიხში, მოქცეულია სრულ იზოლაციაში და უკვე შიდაკლანური დაპირისპირების მწვავე ფაზაშია, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ დღეს დაშინებით, ძალადობით და დევნით შეაჩერებს ქართველი ხალხის წინააღმდეგობას.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე როდესაც დააპატიმრეს, ჩვენ ვთქვით, რომ ვერაფერი შეგვაშინებს, ვერაფერი აგვაღებინებს ხელს ამ ბრძოლაზე და დღესაც იგივე გზავნილი გვაქვს, როგორც ივანიშვილისა და მისი ხელისუფლებისთვის, ასევე ჩვენი თანაპარტიელებისა და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომელიც აგრძელებს ბრძოლას თავისუფალი ქვეყნისთვის, სადაც ვეღარავინ გათელავს ფეხქვეშ ჩვენს უფლებებს.

ეს ბრძოლა არ შეჩერდება არცერთი წუთით და ყოველ ჯერზე, როდესაც გამალებული ძალით ხელისუფლება შეეცდება ჩვენს შევიწროებას, პოლიტიკურ დევნასა და  დაშინებას, ჩვენ ამას ვუპასუხებთ მხოლოდ ბრძოლის გაძლიერებით და შეტევით რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ დავასრულებთ ამ ქვეყანაში რუსული ხელისუფლების თარეშს და იმ უსამართლობას, რომელიც შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 თორნიკე რიჟვაძე იყო კონტაქტური, ადეკვატური და აქვთ უკეთესობის იმედი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამით ძალიან გახარებულები ვართ -სულხან თამაზაშვილი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დანარჩენ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

“თორნიკე რიჟვაძე იყო კონტაქტური, ადეკვატური და აქვთ უკეთესობის იმედი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამით ძალიან გახარებულები ვართ. რაც შეეხება გამოძიებას, მე ვერ გიპასუხებთ, სამართალდამცავებს უნდა მიმართოთ. ახლა არის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სწორედ ამაზე ვესაუბრებოდით ოჯახის წევრებს“, – აღნიშნა თამაზაშვილმა.

სულხან თამაზაშვილი კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად მივიდა. საავადმყოფოში ასევე იყო ჯანდაცვის მინისტრი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და პაციენტი კონტაქტურია.

გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი -ირაკლი კობახიძე

გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, დანარჩენს გამოძიება იტყვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხებოდა. 

ირაკლი კობახიძის თქმით, გამოძიება უნდა დაინტერსდეს ყველა დეტალით.

„ბუნებრივია, მეც ყველაფრით დავინტერესდი და რაც მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველაფრით, რა იყო მიზეზი. კონკრეტული მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის წერილის დეტალებსაც და ზოგადად, ყველა გარემოებას. ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი. ბუნებრივია, თავისი შინაარსით არის ისეთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული, მათ შორის, ჩემი მხრიდანაც და არა მხოლოდ, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების მხრიდანაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

სტრესულია პოლიტიკოსის ცხოვრება, ხშირად მას აბრალებენ ათას ტყუილს, აყენებენ შეურაცხყოფას, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს, დათესოს სიძულვილი-ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს.

„დანარჩენს, ბუნებრივია, გამოძიება იტყვის. ბუნებრივია, მეც ყველაფრით დავინტერესდი და რაც მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველაფრით, რა იყო მიზეზი. იცით, კონკრეტული მუხლითაა აღძრული სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის წერილის დეტალებსაც აქვს მნიშვნელობა და ზოგადად ყველა გარემოებას, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი. ბუნებრივია, თავისი შინაარსით არის ისეთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული, მათ შორის ჩემი მხრიდანაც და არა მარტო ჩემი მხრიდან, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდანაც“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადა თორნიკე რიჟვაძეა მოთავსებული.

ჟურნალისტის კითხვაზე, „ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს კორუფციას და ბარიგების მფარველობას?“, – ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „მე არ ვიცი, კონკრეტული ტელევიზიებიც იყვნენ, რომლებიც ამას აკეთებდნენ, ხომ? ზოგადად სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული, მათ შორის იმ დროსაც, როდესაც აღარ უკავია თანამდებობა. იცით, ეს ყველაფერი რამხელა სტრესთან არის დაკავშირებული, უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. მაგალითად, ეს არის „ტვ პირველი“, „ფორმულა“. მე გეუბნებით, რომ ზოგადად გარემო არის პოლიტიკოსისთვის სტრესული. სტრესულია პოლიტიკოსის ცხოვრება გამომდინარე იქიდან, რომ მას აბრალებენ ათას ტყუილს ძალიან ხშირად, შეურაცხყოფას აყენებენ, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს, დათესოს სიძულვილი. ჩვენ ამ პრობლემაზე ხშირად გვისაუბრია. ეს არის ერთ-ერთი ეროვნული პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, სიძულვილის მუდმივად დათესვა, ეს ხდება ძირითადად ტყუილების გავრცელებით, ცილისწამებით, შეურაცხყოფით. ამიტომ არავის უნდა გვიკვირდეს, როდესაც ადამიანი განიცდის ცილისწამებას და შეურაცხყოფას მის მიმართ. მე მოვიყვანე ერთ-ერთი მაგალითი, დანარჩენი, ბუნებრივია, უნდა დაადგინოს გამოძიებამ“.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გამოძიების პროცესს თავადაც გააკონტროლებს.

„არა მარტო მე, პირველ რიგში, დაინტერესდა გამოძიება ამ საკითხით, მეც გავაკონტროლებ გამოძიების პროცესს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.