Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

,,რაზედაც ბოლო სამი წელი გვეუბნებოდნენ, ეგ თქვენი მოგონილი და ჰაერიდან მოტანილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა”- მდინარაძე

ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება: 

„რაზედაც ბოლო სამი წელი გვეუბნებოდნენ, ეგ თქვენი მოგონილი და ჰაერიდან მოტანილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა. მათ შორის, მშვიდობაზე, სუვერენიტეტზე, ღირსებაზე, მხოლოდ ორი სქესი რომ არსებობს, ჩვენს მიერ “მოგონილ” ამ თემებზეც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა“ – წერს მამუკა მდინარაძე. 

დონალდ ტრამპი – ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია, მართოს მარტივი კრიზისიც კი ქვეყნის შიგნით და ამავდროულად, ებმება კატასტროფულ მოვლენებში საზღვარგარეთ

ჩვენი მთავრობა დგას ნდობის კრიზისის წინაშე, წლების განმავლობაში რადიკალურმა და კორუმპირებულმა ისტებლიშმენტმა ძალაუფლება და სიმდიდრე წაართვა ჩვენს მოქალაქეებს, მაშინ როცა ჩვენი საზოგადოების საყრდენი მოშლილი და ერთი შეხედვით არასრულყოფილი იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, დღეს ამერიკას ჰყავს მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია, მართოს მარტივი კრიზისიც კი და ამავდროულად, ებმება კატასტროფულ მოვლენებში საზღვარგარეთ.

„ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია, მართოს მარტივი კრიზისიც კი ქვეყნის შიგნით და ამავდროულად, ებმება კატასტროფულ მოვლენებში საზღვარგარეთ. ის ვერ იცავს ჩვენს შესანიშნავ კანონმორჩილ ამერიკელ მოქალაქეებს, მაგრამ თავშესაფარსა და დაცვას სთავაზობს საშიშ კრიმინალებს, რომელთაგან ბევრი ციხეებიდან და ფსიქიატრიული დაწესებულებებიდანაა და უკანონოდ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც უსაზღვრო დაფინანსებას გასცემს უცხო ქვეყნების საზღვრების დასაცავად, მაგრამ უარს ამბობს, დაიცვას ამერიკის საზღვრები ან უფრო მნიშვნელოვანი – საკუთარი ხალხი.

ჩვენს ქვეყანას აღარ შეუძლია ძირითადი მომსახურების მიწოდება საგანგებო სიტუაციებში, როგორც ეს ბოლოს ჩრდილოეთ კაროლინის შესანიშნავმა ხალხმა ნახა, რომელსაც ძალიან ცუდად მოეპყრნენ. სხვა შტატები კვლავ იტანჯებიან რამდენიმე თვის წინანდელი ქარიშხლის შედეგებისგან. ან უფრო ახლახანს, ლოს-ანჯელესში, სადაც ხანძრები კვლავ ტრაგიკულად მძვინვარებს. კვირების განმავლობაში, ყოველგვარი დაცვის გარეშე, ხანძარი ანადგურებს სახლებსა და თემებს, გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის უმდიდრეს და ყველაზე გავლენიან ადამიანებზე, რომელთაგან ზოგიერთი ახლა აქ ზის. მათ აღარ აქვთ სახლი. ეს საინტერესოა. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება. ჩვენ გვაქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ვერ მუშაობს კატასტროფების დროს, თუმცა მასზე იხარჯება იმაზე მეტი ფული, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. გვაქვს განათლების სისტემა, რომელიც ჩვენს შვილებს ასწავლის, რომ რცხვენოდეთ საკუთარი თავის ბევრ შემთხვევაში, ქვეყნის სიძულვილს, მიუხედავად იმ სიყვარულისა, რომლის მიცემასაც ასე სასოწარკვეთით ვცდილობთ მათთვის. ეს ყველაფერი შეიცვლება დღეიდან და ეს ძალიან სწრაფად მოხდება. ჩემი ბოლო არჩევნები არის ყველა ამ საშინელი ღალატის მთლიანად შეცვლის და ხალხისთვის რწმენის, სიმდიდრის, დემოკრატიისა და თავისუფლების დაბრუნების მანდატი“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი – აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი – ქალი და კაცი

აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი – ქალი და კაცი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება ტრამპმა საინაგურაციო სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ჩვენ შევქმნით ისეთ საზოგადოებას, რომელიც რეალურად არ ცნობს განსხვავებულ ფერებს და მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობების და დამსახურების საფუძველზე სცემს ადამიანებს პატივს. კიდევ ერთხელ, აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი – ქალი და კაცი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა

დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უამინდობის გამო ფიცი კაპიტოლიუმის შენობაში, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე დადო.

მანამდე ფიცი აშშ-ის 50-ე ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დადო.

,, მადლობელი ვარ იმ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომ საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოვადგინო” – სალომე ზურაბიშვილი

მადლობელი ვარ იმ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომ საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოვადგინო , – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პარალელურად ქართველები სოლიდარობის ნიშნად ამერიკელ მეგობრებთან ერთად მსვლელობას აწყობენ.

„მადლობელი ვარ იმ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომ საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოვადგინო. მადლობელი ვარ კონგრესმენი ჯო უილსონის მაღალი დონის კონტაქტების ხელშეწყობისთვის და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერისთვის! მაშინ, როცა მე თავისუფლებისმოყვარე საქართველოს სახელით ინაუგურაციის ცერემონიას ვესწრები, ქართველები სოლიდარობის ნიშნად თავიანთ ამერიკელ მეგობრებთან ერთად მსვლელობას აწყობენ. აშშ-ის რამდენი პარტნიორი ქვეყანა აკეთებს ამას?“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე მიწის ქვეშ გამავალი 300 მეტრიანი საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკის (ხუარესის და ელ პასოს შორის) აღმოჩენილი 300 მეტრიანი გვირაბი, რომელსაც არალეგალური მიგრანტები საზღვარზე გადასასვლელად იყენებდნენ დაილუქება.

გამოცემა BBC-ის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას მექსიკის სასაზღვრო უწყება ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით გვირაბი, რომელიც გასულ კვირას აღმოაჩინეს სანიაღვრე ქსელში იყო აშენებული – ოფიციალური შეფასებით, მის აშენებას სულ მცირე, ერთი წელი დასჭირდა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, ცნობილი იყო თუ არა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის გვირაბის მშენებლობის შესახებ, რომელიც არალეგალი მიგრანტების გადასაადგილებლად და კონტრაბანდისთვის გამოიყენებოდა.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წინ აშშ-სა და მექსიკის საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.

ცნობისთვის, ტრამპმა წინასაარჩევნო პერიოდში პირობა დადო, რომ ინაუგურაციის შემდეგ “ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას” დაიწყებს.

ასევე, გამოცემა Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციიდან რამდენიმე საათშივე აპირებს, რომ რიგი აღმასრულებელი ბრძანებები საზღვრის, ენერგეტიკისა და მთავრობის რეფორმის პრიორიტეტული საკითხებისთვის გამოიყენოს.

,,დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება” – ჯო უილსონი

დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინაშე მზია ამაღლობელის გამბედაობით აღფრთოვანებული ვარ. ქართველი ხალხი არ შეშინდება. დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება. ივანიშვილის კორუმპირებულ ხელშემწყობებს დრო ეწურებათ“, – წერს ჯო უილსონი.

ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე აშშ-ის ჯარების განლაგების ბრძანებას გასცემს

ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე აშშ-ის ჯარების განლაგების ბრძანებას გასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

Fox News-ის ცნობით, ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი საზღვრის უსაფრთხოებასთან და იმიგრაციასთან დაკავშირებით 11 აღმასრულებელ ბრძანებას გამოსცემს.

გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის გაგრძელებისა და საზღვარზე აშშ-ის ჯარების განლაგების განკარგულებას გასცემს.

ასევე, ერთი-ერთი აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, დონალდ ტრამპი კარტელებსა და კრიმინალურ დაჯგუფებებს ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადებს.

ცესკო – მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება

ცესკო პოლიტიკურ პარტიების მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საჭირო პროცედურებს აქვეყნებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც სურთ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.

„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის ოქტომბრის პირველ შაბათს (4 ოქტომბერი).

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელმა პირმა (პირებმა), განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარეს:

ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა.ა) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას;

ა.ბ) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;

ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1-ელი იანვრიდან 14 ივლისის ჩათვლით, თუ ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ ვერცერთ პირობას.

პარტიას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას, განცხადების წარდგენისთანავე გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.

განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დავოსის ეკონომიკურ ფორუმს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებიდან მხოლოდ გერმანიის კანცლერი დაესწრება

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებიდან მხოლოდ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დაესწრება. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მონაწილეებს 23 იანვარს დისტანციურად, ვიდეო-ჩართვით მიმართავს.

დავოსში მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე ბიზნესისა და პოლიტიკის ლიდერებმა შეკრება დღეს დილიდან დაიწყეს.

წლევანდელ შეხვედრას არაერთი მსოფლიო ლიდერი გამოაკლდება, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის ლიდერი ჯორჯია მელონი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.

სასამართლო დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს – დავით მათიკაშვილი

სასამართლო დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს – ჩვენ სასამართლო გადაწყვეტილებების განმარტებაში შესვლის არანაირი უფლება არ გაგვაჩნია, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს, პარლამენტის დამცავი ჯებირის დაზიანების გამო დაპატიმრებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის თაობაზე დასმულ კითხვას.

“იმ ძალებისგან განსხვავებით, რომლებიც ამ დემონსტრანტების გვერდით ან მათ უკან დგანან, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია და რომელიც 2012 წლამდე, სასამართლო სისტემას თავიდან ბოლომდე მართავდა, ჩვენ სასამართლო გადაწყვეტილებების განმარტებაში შესვლის არანაირი უფლება არ გაგვაჩნია.

სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს – მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებებზეა დაყრდნობილი”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.

რა ეღირება დოლარი და ევრო 21 იანვარს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8452 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8452 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8412 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0040 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9360 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9276 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0084 ლარი შეადგინა.