Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, როცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შეძლებთ თუ არა სიმშვიდის და საღი აზრის შენარჩუნებას. ამ ამოცანას შესანიშნავად გაუმკლავდებით, რასაც თქვენი კოლეგები ღირსეულად დააფასებენ. სხვა ადამიანების პრობლემებში კარგად ერკვევით და მათი დახმარებაც მშვენივრად შეგიძლიათ. ამ თვისებების დახმარებით რომელიღაც მეგობარს ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეცდომებისა და იმპულსური ქმედებებისგან დაგიცავთ.

კურო

თავს მშვიდად და გაწონასწორებულად გრძნობთ. სამსახურში, კოლეგებს შრის არსებულ უთანხმოებას მარტივად მოაგვარებთ. ამის გამო თქვენი ავტორიტეტი გაძლიერდება და ყველა მენტორად ჩაგთვლით, რომელსაც საჭირო რჩევის მიცემა შეუძლია. ახალი, საინტერესო ურთიერთობების დასაწყებად შესანიშნავი დღეა, ამიტომ სახლში ნუ ჩაიკეტებით და ხალხმრავალ ადგილებს ეწვიეთ. თქვენი პიროვნული თვისებები ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს.

ტყუპები

კარგი დღეა, მაგრამ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა და დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვებმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. არ არის გამორიცხული, რომ ძველი, გამოცდილი ნაცნობის რჩევა დაგჭირდეთ, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ.
იმ ადამიანთან ურთიერთობაში, ვისაც კარგად არ იცნობთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ამ ადამიანმა შეიძლება მოგატყუოთ და თქვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენოს. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის.

კირჩხიბი

თქვენი დახვეწილი იუმორი და საინტერესო ისტორიები მოწონებას იმსახურებს, ამიტომ ადამიანებს ამხიარულებთ და მაგნიტივით იზიდავთ. ლოგიკური მსჯელობით გარშემო მყოფებს გააოცებთ და შესაძლოა, მენეჯმენტის ქებაც კი დაიმსახუროთ. ეცადეთ, ურთიერთობისას მეტი წინდახედულობა გამოიჩინოთ, რადგან თქვენმა მახვილგონივრულმა შენიშვნებმა შეიძლება პრობლემა შეგიქმნათ. არახელსაყრელი დღეა ვარჯიშისა და ფიზიკური აქტივობისთვის, ამიტომ ეცადეთ, საღამო მშვიდად გაატაროთ.

ლომი

ამ დღეს შეიძლება დაღლილობა იგრძნოთ, რაც თქვენს განწყობაზე და ფსიქიკურ მდგომარეობაზე აისახება. ნუ აიძულებთ საკუთარ თავს იმის გაკეთებას, რისი გაკეთებაც არ გსურთ და ეცადეთ დასვენების დრო გამონახოთ. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ საუბარში დაუფიქრებელ სიტყვებს მოერიდოთ. ბევრისთვის სიმართლე ძალიან მტკივნეულია და შესაძლოა, თქვენი პირდაპირობა სანანებლად გაგიხდეთ.

ქალწული

სოციალურმა ქსელებმა შეიძლება თქვენი შრომის ნაყოფიერება მნიშვნელოვნად შეამციროს. ეცადეთ, ტელეფონს მოწყდეთ და ყურადღება მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებისკენ გადაიტანოთ. ქალწულებს ეკონომიურობა ახასიათებთ, მათ ურჩევნიათ ფული საყვარელ ადამიანებზე და არა საკუთარ კომფორტზე, რაშიც თქვენი ახლობელი ადამიანები კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან.

სასწორი

სიახლეები, ექსპერიმენტებისა და ცვლილებების სურვილი თქვენს მუშაობაზე სასიკეთოდ აისახება. ეს დღე უამრავ ენერგიას მოგიტანთ, რომელიც შეიძლება ვარჯიშისთვის გამოიყენოთ. ერთადერთი რაც გჭირდებათ მოტივაციაა. ხელსაყრელი დროა თვითგანათლებისთვის, ამიტომ შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო კურსებზე დარეგისტრირდეთ. ვარსკვლავები მოგიწოდებენ ზედმეტი ფიქრი შეწყვიტოთ და ის აკეთოთ, რაც თავად გინდათ.

მორიელი

ზოგჯერ ადამიანს უმნიშვნელო წვრილმანები აბედნიერებს და დღეს ზუსტად ასეთი დღეა. გსურთ, რომ საკუთარი თავი ლამაზი ნივთებით გაანებივროთ და მაღაზიების შემოვლას იწყებთ. ზოგჯერ შოპინგი საუკეთესო ფსიქოთერაპიაა, მაგრამ ახალი წლის წინ მთელი დანაზოგის ერთად დახარჯვას მაინც არ გირჩევთ. ყურადღება მიაქციეთ უფროს ნათესავებს, სავარაუდოდ, მათგან ერთ-ერთ ექიმთან ვიზიტი და ხანმოკლე მკურნალობა სჭირდება.

მშვილდოსანი

მზად იყავით იმისთვის, რომ დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება მოგიწევთ. საქმეების უმეტესობა უინტერესო იქნება, მაგრამ დაწყებული მაინც უნდა დაასრულოთ. შესაძლოა, ამ დღეს თქვენი ცხოვრებიდან ვიღაც ან რაღაც წავიდეს. ეს შეიძლება როგორც ადამიანი, ისე რაღაც მოვლენა იყოს. შემოქმედი მშვილდოსნები შთაგონების მოზღვავებას იგრძნობენ. ყველა მნიშვნელოვანი საქმე ხვალისთვის გადადეთ – ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ.

თხის რქა

ეცადეთ ურთიერთობები მაქსიმალურად შეზღუდოთ. სხვისი პრობლემები არ გაინტერესებთ, რადგან საკუთარიც გყოფნით. გუნდურ მუშაობაზე წარმატებული და ნაყოფიერი ინდივიდუალური იქნება, ამიტომ შეგიძლიათ განმარტოვდეთ და საქმეს შეუდგეთ. იჩქარეთ, რომ ახალ წლამდე ყველა საქმე დაასრულოთ და სუფთა ნამუსით დაისვენოთ. საღამოს შეგიძლიათ ხალხმრავალი ადგილები მოინახულოთ – ეს განწყობას აგიმაღლებთ.

მერწყული

გირჩევთ მთელი ყურადღება საყვარელ ადამიანებზე გადაიტანოთ. რომელიღაც მათგან თქვენი მხარდაჭერა და დახმარება სჭირდება. თქვენთვის ყველაზე მთავარი საყვარელი ადამიანების სახეზე ღიმილია, ამიტომ მზად ხართ მათთვის მთელ სამყაროს ომი გამოუცხადოთ. დამშვიდდით, ამის გაკეთება საჭირო არაა. საკმარისია, მაღაზიაში შეხვიდეთ და ლამაზი საჩუქრები შეიძინოთ. მოახლოებული დღესასწაულის წინ სახლის განახლების დაუძლეველ სურვილს გრძნობთ. სულ ერთია, მარტო ცხოვრობთ თუ ოჯახთან ერთად, ახალ წლამდე ახალი იდეების განხორციელება მოგიწევთ.

თევზები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღესასწაულების წინ დიდი ხნის უნახავი ნათესავები მოინახულოთ. სამსახურში უკვე ახალი წლის განწყობა იგრძნობა, ამიტომ მუშაობა გიჭირთ. მნიშვნელოვანი საუბარი ან საქმიანი მივლინება წარმატებული იქნება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი საუბარი გელით, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს.

სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებს ბიძინა ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება გააცნო -პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესაუბრა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასს, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტრ პაველს, შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსოს, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანჯეი დუდას და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ კოლეგებს გააცნო ბიძინა ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება, რაც არის კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი. შეთავაზება გულისხმობს შეხვედრას ორ მთავარ საკითხზე შესათანხმებლად, რაც არის ახალი არჩევნების თარიღი და ეუთო/ოდირის დასკვნის საფუძველზე არჩევნებისთვის ახალი პირობების განსაზღვრა“, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი -IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს.​

IRI-ის მისიის დასკვნით, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი, სამართლებრივი ჩარჩო და პროცესის მარეგულირებელი ნორმები, ხელს უშლიდა ჯანსაღ საარჩევნო კონკურენციას, ხდებოდა მმართველი ხელისუფლების მიერ საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენება, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება, ოპოზიციური პარტიებისთვის დაბრკოლებების შექმნა, ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება, – ამის შესახებ IRI-ის მიერ 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ ანგარიშთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც IRI-ის ანგარიშშია ნათქვამი, ასევე აღინიშნებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის ნაკლებობა.

„საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის სანდო თავისი მოქალაქეების თვალში და არის კიდევ ერთი სამწუხარო თავი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისთვის ბრძოლაში. კრემლის პოლიტიკის თითქმის 40-წლიანი მცდელობის მიუხედავად, ქართველი ხალხი კვლავ მტკიცედ ესწრაფვის ევროპასთან ინტეგრაციას და დემოკრატიული მომავლის შექმნას“, – განაცხადა IRI-ის პრეზიდენტმა, დენიელ ტვაინინგმა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მისიამ დაადგინა, რომ მრავალი ფაქტორი ნეგატიურად აისახა საქართველოს საარჩევნო პროცესზე და სერიოზული ეჭვები გააჩინა არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, მისიამ საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანი და სისტემატური ხარვეზები დააფიქსირა, რომელიც ოთხ ძირითად პრობლემას უკავშირდება: 1. არათანაბარი პირობები და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება; 2. სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების შევიწროება და ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება; 3. საარჩევნო და სასამართლო ინსტიტუტების სახელმწიფოს მიერ მიტაცება; და 4. არჩევნების შედეგების საზოგადოებრივი უარყოფა.

„საქართველოს ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, სასამართლო სისტემა და სახელმწიფო ბიუროკრატია, მოქმედებდნენ როგორც მმართველი პარტიის შტო, ნაცვლად იმისა, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებლები ყოფილიყვნენ. მისიის მიგნებებზე დაყრდნობით და არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების მიხედვით, მთავრობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, საზოგადოების ნდობის აღდგენას მხოლოდ ახალი არჩევნები შეძლებს“, – განაცხადა ტვაინინგმა.

ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საპარლამენტო არჩევნებმა გამოავლინა ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის კლება, რაც ძალაუფლების ერთი პარტიის მიერ მიტაცების რისკს ქმნის და დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიებს უკარგავს თანაბარ პირობებში შეჯიბრების შესაძლებლობას.

IRI-ის მისიის დასკვნით, პროცესი მრავალმა ფაქტორმა სერიოზულად დააზიანა და არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეჭვები გააჩინა.

„მისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაუდებლად აუცილებელია თანმიმდევრული და სრულყოფილი საარჩევნო რეფორმები, რათა აღმოიფხვრას საარჩევნო პროცესის სამართლებრივი, ადმინისტრაციული და ინსტიტუციური ჩარჩოების სისუსტეები. საქართველოს დემოკრატიის დაცვის მიზნიდან გამომდინარე, ანგარიში მოიცავს 31 რეკომენდაციას, რომელთა შორისაა მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვა და სანდო არჩევნების უზრუნველსაყოფად გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმა. IRI რჩება საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთგულ მხარდამჭერად“, – ნათქვამია IRI-ის ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის მოქალაქეებს ბელარუსის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაახლა რეკომენდაციები ამერიკელებისთვის, რომლებიც ბელარუსში მოგზაურობას გეგმავენ. ამის შესახებ რამდენიმე რუსულმა მედიასაშუალებამ დაწერა. თავად ახალი რეკომენდაციები სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ხუთი დღით ადრე გამოჩნდა.

„ბელარუსის ხელისუფლების მიერ ადგილობრივი კანონების თვითნებური აღსრულების, დაკავების რისკის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის გაგრძელების, ასევე რეგიონში გაზრდილი არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი ვითარების გამო, არ იმოგზაუროთ ბელარუსში“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

აშშ-ის ხელისუფლების რეკომენდაციების თანახმად, აშშ-ს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ამჟამად ბელარუსში იმყოფებიან, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა. ხოლო მათ, ვისაც საკონსულო მომსახურება სჭირდებათ, უნდა დაუკავშირდნენ აშშ-ის წარმომადგენლობას სხვა ქვეყანაში.

სახელმწიფო დეპარტამენტმა მინსკში აშშ-ს საელჩოს მუშაობა 2022 წლის 28 თებერვალს შეაჩერა – უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ოთხი დღის შემდეგ, და სწორედ მაშინ პირველად მოუწოდა ამერიკელებს ამ ქვეყნის დატოვებისკენ.

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ 16 დეკემბერს გააფართოვა სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულია ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ ალექსანდრე ლუკაშენკოს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებთან. შავ სიაში შეიყვანეს 26 ფიზიკური და ორი იურიდიული პირი.

სადამსჯელო ზომები შეეხო მოსამართლეებს, რომლებმაც გამამტყუნებელი განაჩენები გამოიტანეს პოლიტიკურ საქმეებზე ციხეებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორების ხელმძღვანელების მიმართ, სადაც ევროკავშირის განცხადებით, „პოლიტპატიმრები იმყოფებიან არაადამიანურ პირობებში და ექვემდებარებიან მიუღებელ ქმედებებს“.

გარდა ამისა, სანქციები დაუწესდათ კომპანიების მფლობელებსა და ხელმძღვანელებს, რომლებიც სარგებელს იღებენ ლუკაშენკოს რეჟიმისგან სხვადასხვა პრივილეგიებისა და შეღავათების ხარჯზე, ასევე ხელს უწყობენ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას. სულ ბელარუსის მიმართ ევროკავშირის სადამსჯელო ზომები შემოღებულია 287 ფიზიკური და 39 იურიდიული პირის მიმართ.​​​​​​​​​​​​​​​​

გერმანიამ საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა

გერმანიამ საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
გერმანიის ელჩი რამდენიმე პროექტზე საუბრობს, რომელიც შეჩერდა, მათ შორისაა მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტები, ასევე, ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება.
„გერმანიამ, სინანულით, საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო და მინისტრი სვენია შულცე საქართველოს მიერ ევროკავშირისკენ გზის დატოვებასა და საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას ეხმაურებიან.
მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის და ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება შევაჩერეთ.
სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა გრძელდება“, – წერს პიტერ ფიშერი.

მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია საჭიროა-მაიკლ მაკკოლი

ქართველი მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია საჭიროა, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ მაკკოლი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

„ქართველი მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია საჭიროა. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები, რათა ამ აქტორებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ ქართველი ხალხის ჩაგვრისა და მათი უფლებებისა და სურვილების დაცვაზე უარის თქმის გამო“, – წერს კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი.

 “ვნახოთ სად ვიქნები, როგორ ვიქნები 29-ის მერე, მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ, პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით” – სალომე ზურაბიშვილი

 

 

29 დეკემბერზე ძალიან ბევრი რამე ისმის, ხან იქეთ, ხან აქეთ, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, მუქარით მელაპარაკებიან და მე მგონი, მაინც ვერ მიცნობენ , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, 29 დეკემბრის შემდეგაც ის პრეზიდენტი იქნება და გააგრძელებს ხალხის მსახურებას.

„29 დეკემბერზე ძალიან ბევრი რამე ისმის, ხან იქეთ, ხან აქეთ, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, მუქარით მელაპარაკებიან და მე მგონი, მაინც ვერ მიცნობენ, ან ეს არის მცდელობა, რომ მე ვთქვა „აბა, რა“. მეორე მხრივ, მე ძალიან მადლობელი ვარ, მესმის საზოგადოებიდან და ბევრი ჯგუფებიდან, რომ „აბა რა, დავიცავთ პრეზიდენტს“, მაგრამ დასაცავიც არა ვარ, არც მეშინია და ვნახოთ სად ვიქნები 29-ის მერე, როგორ ვიქნები, მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ, პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით და იქნება ეს პრეზიდენტი თქვენი ყველასი მსახური. თქვენ გემსახურებით, როგორც ვემსახურები ქვეყანას და სამშობლოს. ყველაფერი ძალიან მარტივი და ნათელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

პრემიერმა დაგვარწმუნა, რომ ევროპაში ჩვენი ინტეგრაციის გზა არის შეუცვლელი, გადატვირთვა მოხდება ძალიან მალე და ჩვენი გზა ევროპისკენ გაგრძელდება -დიმიტრი ადამია 

პრემიერმა დაგვარწმუნა, რომ ევროპაში ჩვენი ინტეგრაციის გზა არის შეუცვლელი, სულ მალე მოხდება გადატვირთვა ურთიერთობების აშშ-თან იანვარში და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, – ამის შესახებ  „იტონგ კავკასუსის“ დირექტორმა, დიმიტრი ადამიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ მივიღეთ პასუხები, რომ ყველაფერი მიდის ვითარების ნორმალიზებისკენ. გადატვირთვა მოხდება ძალიან მალე და ჩვენი გზა ევროპისკენ გაგრძელდება. დავრწმუნდით, რომ ჩვენი გზა ევროპისკენ არის შეუქცევადი. ქვეყანა რუსეთისკენ არავის არ მიჰყავს და ჩვენი გზა არის შეუქცევადი ევროპისკენ. როგორც მივდივართ, გამოჩნდება საქმით და არა სიტყვებით. მშვიდობა იქნება და ძალიან მალე დარწმუნდებით“,- განაცხადა დიმიტრი ადამიამ.

სტაბილურობა სჭირდება ქვეყანას, ჩვენ და ზოგადად ეკონომიკას -ზურაბ ჩხაიძე 

ჩემთვის არის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა ქვეყნის განვითარება, სტაბილურობა სჭირდება ქვეყანას, სტაბილურობა გვჭირდება ჩვენ, თქვენ და ზოგადად ეკონომიკას. სტაბილურად უნდა შევხვდეთ ახალ წელს, – ამის შესახებ „კახური ტრადიციული მეღვინეობის ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზურაბ ჩხაიძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჩხაიძის თქმით, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე საუბარი არსებულ ვითარებას შეეხო.

„ჩვენ ზოგადად გვქონდა საუბარი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბიზნესსა და ზოგადად სახელმწიფოს პოზიციონირობის შორის, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ცოტა დაძაბული ვითარებაა, გაისმა, როგორც კრიტიკული აზრი ასევე, აზრი რომელიც გააჩნია ბიზნესს. ჩემთვის არის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა ქვეყნის განვითარება. სტაბილურობა სჭირდება ქვეყანას, სტაბილურობა გვჭირდება ჩვენ, თქვენ და ზოგადად ეკონომიკას. სტაბილურად უნდა შევხვდეთ ახალ წელს. პირველ რიგში კარგია, როდესაც გამოითქვა აზრი, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ბიზნენისს მხარეც შეხვდება პრემიერს და ზოგადად ბიზნესს, რომელიც ფიქრობს, ქვეყნის განვითარებისთვის, რა იქნება საჭირო“, – განაცხადა ჩხაიძემ.

“მე რომ მივიჩნევდე, რომ დღეს პრორუსული კურსია ქვეყანაში, პრემიერთან შეხვედრაზე არ მოვიდოდი” – ირაკლი ბურდილაძე

მე რომ მივიჩნევდე, დღეს პრორუსული კურსია ქვეყანაში, ამ შეხვედრაზე არ მოვიდოდი, არ ვთვლი, რომ ქვეყანას დღეს აქვს პრორუსული კურსი, არის პრობლემები ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც, მაგრამ ვფიქრობ, გამოსავალი არსებობს – ამის შესახებ „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბურდილაძის თქმით, ახლა მთავარი არის, რეალურად რა ხდება ქვეყანაში.

„საუბარი იყო იმ თემაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანი არის ეკონომიკური აღმავლობა და სტაბილურობა, ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ამას ალტერნატივა არა აქვს. მე არ მომისმენია არცერთი ბიზნესმენისგან შეხვედრაზე, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას რაიმე სხვა ალტერნატივა აქვს. მსგავსი რამ არ ყოფილა. საკმაოდ აქტიური მხარდაჭერა ჰქონდა ამ მიმართულებას. უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას, ისევე როგორც სხვა აქტორებსაც, მართებთ გარკვეული სიფრთხილე და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უნდა ვიაროთ ისე, რომ რაიმე ნაღმს არ დავადგათ ფეხი. კრიზისი ბიზნესში არ არის, კრიზისი არის ქვეყანაში. გამოსავალია დიალოგი, ლაპარაკი ერთმანეთთან, განსხვავებული აზრის მიღება. უნდა ვისწავლოთ, რომ განსხვავებული აზრი მივიღოთ. არ უნდა გვეგონოს, რომ ვინმე ჩვენგანი ფლობს სიმართლეს. სიმართლეს ფლობს მხოლოდ ღმერთი. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვცადოთ ერთმანეთთან საუბრით, რაღაც შეხების წერტილები ვიპოვოთ და ტემპერატურა დავწიოთ ქვეყანაში. პირველ რიგში ტემპერატურა უნდა დაიწიოს“, – განაცხადა ბურდილაძემ.

ამასთან, ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, მას არ მიაჩნია, რომ დღეს ქვეყანას აქვს პრორუსული კურსი.

„მე, ირაკლი ბურდილაძეს თუ მეკითხებით ჩემს აზრს, მე რომ ვთვლიდე, რომ დღეს პრორუსული კურსია ქვეყანაში, ამ შეხვედრაზე არ მოვიდოდი. მე არ ვთვლი, რომ ქვეყანას დღეს აქვს პრორუსული კურსი. არის პრობლემები ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც, მაგრამ, ვფიქრობ, რომ გამოსავალი აქედან არის. მთავარი არის რეალურად რა ხდება ქვეყანაში. მე გელაპარაკებით ეკონომიკიდან და ბიზნესიდან გამომდინარე. დღეს პრემიერმაც ისაუბრა, რომ გრძელდება აქტიურად DCFDA-ს და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ბევრი თემა აქვს საქართველოს დასალაგებელი და ეს მარტივი პროცესი არ არის.  ამ მიმართულებით DCFDA-ს და ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულება არის უმნიშვნელოვანესი, ამ მიმართულებით მუშაობა არ გაჩერებულა, რაც ძალიან კარგია. ის პოლიტიკური სიტუაცია, რაც დღეს არის შექმნილი რეგიონში, გვავალდებულებს, როგორც აღინიშნა შეხვედრაზე, გარკვეულ სიფრთხილეს. უნდა ვიაროთ ამ გზაზე ისე, რომ რაიმე ნაღმს ფეხი არ დავაბიჯოთ“, – განაცხადა ბურდილაძემ.

არ დავიწყებ მტკიცებას, რომ სანქცია, რომელიც ჩვენი გუნდის წევრის მიმართ იქნა გამოყენებული, არ არის დამაზიანებელი – ლევან დავითაშვილი

არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ სანქცია, რომელიც ჩვენი გუნდის წევრის მიმართ იქნა გამოყენებული, არ არის დამაზიანებელი, მათ შორის ეკონომიკური პროცესებისთვის, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად არის ქვეყნისთვის რეპუტაციის შემლახველი და სამწუხარო ფაქტი, თუმცა მე არა თუ იმედი მაქვს, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის შემდეგ უნდა შეიცვალოს , – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკაზე, აქედან გამომდინარე ისეთი ტიპის დიალოგი ბიზნესთან, როგორც დღეს იყო მნიშვნელოვანია.

დავითაშვილის თქმით, პროცესების დეესკალაციისთვის ერთადერთი გამოსავალი არის დიალოგი.

„ჩემ შეფასებებში გულწრფელი ვიქნები, აქედან გამომდინარე არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ სანქცია, რომელიც ჩვენი გუნდის წევრის მიმართ იქნა გამოყენებული, არ არის დამაზიანებელი, მათ შორის ეკონომიკური პროცესებისთვის, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად არის ქვეყნისთვის რეპუტაციის შემლახველი და სამწუხარო ფაქტი, თუმცა მე არა თუ იმედი მაქვს, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის შემდეგ უნდა შეიცვალოს, რადგან მე დიდი მოლოდინი მაქვს, რომ აშშ- ს ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვექნება ძალიან გულწრფელი და ღია დიალოგი, ინფორმაციის გაცვლა, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი ურთიერთობები გადავტვირთოთ და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობა. ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი სხვა ქვეყნებისთვისაც და ზოგადად საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის რეპუტაციის გაუმჯობესება მოხდება ამ კუთხით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება საინვესტიციო საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა ჩვენ დადებით პროცესებს ველოდებით ეკონომიკაში.

გულწრფელი ვარ როცა ვამბობ, რომ დღეს შექმნილი ვითარება ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე, აქედან გამომდინარე ისეთი ტიპის დიალოგი ბიზნესთან, როგორც დღეს იყო არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, იმისთვის, რომ მოხდეს პროცესების დეესკალაცია, ჩვენ გვინდა მოხდეს პროცესების დასტაბილურება, ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ რიტმის, აქედან გამომდინარე ერთადერთი გამოსავალი არის დიალოგი, საზოგადოებაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. საჭიროა მეტი დიალოგი, იმისათვის რომ ჩვენ საზოგადოებაში მეტ კონსოლიდაციას მივაღწიოთ, განსაკუთრებით, კრიტიკულ და სტრატეგიულ თემებზე. მე ოპტიმისტი ვარ ამ კუთხით, რომ ეს შესაძლებელია, იქიდან გამომდინარე რომ ორ- პოლარულ ჯგუფს შორის განსხვავება არ არის, იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლება მკაფიოდ აცხადებს, რომ ჩვენი ამოცანაა ევროინტეგრაცია, ჩვენი პოლიტიკური კურსი არის დასავლეთისკენ, ამასვე ითხოვს ჩვენი საზოგადოების გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დღეს მონაწილეობენ პროტესტში. დიალოგის რეჟიმში შეიძლება ჩვენს საზოგადოებას უფრო მეტად ავუხსნათ, დავარწმუნოთ ჩვენი გზის სისწორეში. ეს იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური თუ ამას ექნება გარკვეული შედეგები, მათ შორის ეს უნდა იყოს საერთაშორისო აღიარების კუთხით, მხარდაჭერის კუთხით თუ გინდათ ასე დავარქვათ, რადგან საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენს საზოგადოებას უფრო მეტად გაამხნევებს და მისცემს იმის იმედს, რომ ჩვენი გზა არის წარმატებისკენ მიმავალი გზა. ეს, რა თქმა უნდა, მოხდება და მოხდება ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტური დიპლომატიით“,- განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე შეფასებით, ყველაზე მეტად რაც საზოგადოებას და ბიზნეს აწუხებს ეს არის პოტენციური იზოლაცია, რასაც გაეცემა პასუხი – „ქვეყანას არ ექნება იზოლაციის რისკი, პირიქით საქართველო შეძლებს აქტიურად ითანამშრომლოს თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან“.

„პოლიტიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეიცვლება 2025 წელს, აქედან გამომდინარე ჩვენს საზოგადოებასთან დიალოგის პარალელურად ვაჩვენებთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გვექნება მნიშვნელოვანი აღიარება, მხარდაჭერა.

ყველაზე მეტად ჩვენს საზოგადოებას, განსაკუთრებით, კი ბიზნეს დღეს ქვეყანაში აწუხებს პოტენციური იზოლაცია, რა თქმა უნდა, ამასაც გაეცემა პასუხი. ქვეყანას არ ექნება იზოლაციის რისკი, პირიქით საქართველო შეძლებს აქტიურად ითანამშრომლოს თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან, პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ამიტომ ამ მოლოდინებზე დაფუძნებით, ის პროცესები, რომლებიც დღეს ნეგატიურად ისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, მომავალში, 2025 წლეს შეიცვლება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვისაუბრეთ პროგნოზებზე, რაც ვფიქრობ, ბიზნესის დიდი ნაწილისთვის საკმაოდ დამაჯერებელი იყო – ლევან დავითაშვილი 

ბიზნესი მგრძნობიარეა პოლიტიკური მოვლენების მიმართ – პრემიერ-მინისტრმა ძალიან დეტალურად განმარტა ჩვენი ხელისუფლების კურსი, ის რომ, ჩვენ ერთგული ვართ დაპირებების, ჩვენ ღირსებით და კეთილდღეობით ევროპაში მივდივართ და ეს გზა აუცილებლად იქნება წარმატებული , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესთან დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა ბიზნესის ფართო წარმომადგენლობასთან. პრემიერ-მინისტრმა ძალიან საინტერესო დიალოგის რეჟიმში წარმართა შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოში უმსხვილესი ბიზნესი. აქ იყვნენ სხვადასხვა პოზიციაზე, სხვადასხვა მოსაზრებაზე მყოფი ბიზნესმენები, ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების კურსს უჭერენ მხარს, ადამიანები, რომლებსაც კითხვები გააჩნიათ. საკმაოდ საინტერესო დიალოგის რეჟიმში, ვფიქრობ, პასუხი გაეცა ყველა იმ საკითხს, რაც ქართულ ბიზნესს აწუხებს და ალბათ, რაც საქართველოს საზოგადოების დიდ ნაწილს. განსაკუთრებით, საუბარი იყო პერსპექტივასა და მომავლის ხედვაზე, მათ შორის, ხელისუფლების კურსზე. სამწუხაროდ, მიუხედავად ბევრი განმარტებისა და ხშირი კომუნიკაციისა, ამ საკითხებზე ხდება აპელირება, მათ შორის ოპოზიციური ძალებისა თუ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლების. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრმა ძალიან დეტალურად განმარტა ჩვენი ხელისუფლების კურსი, ის რომ ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი დაპირებების, რომელიც საარჩევნოდ ხალხს მივეცით, ის, რომ ჩვენ ღირსებით და კეთილდღეობით ევროპაში მივდივართ და ეს გზა აუცილებლად იქნება წარმატებული. ჩვენ საბოლოოდ მივაღწევთ იმ შედეგებს, რომელსაც ვგეგმავთ. ამ ყველაფერზე პრემიერმა დეტალურად და ამომწურავად ისაუბრა. შევეხეთ მიმდინარე პროცესებს, უკიდურეს პოლარიზაციას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და იმ გამოწვევებს, რომელიც სტაბილურობასთან დაკავშირებით დღეს ჩვენს ქვეყანაში არის. რა თქმა უნდა, როგორც ბიზნესს, ისე საზოგადოების ყველა ჯგუფს სურს სიმშვიდე და სურს კეთილდღეობა ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკურ პლატფორმაზეა ჩვენი საზოგადოების თუ ბიზნესის სხვადასხვა ჯგუფი, ვფიქრობ, რომ სურვილი ყველას ერთი აქვს, ამ ქვეყანაში იყოს მეტი კეთილდღეობა, სტაბილური და პროგნოზირებადი განვითარების გარემო.

ბიზნესი მგრძნობიარეა პოლიტიკური მოვლენების მიმართ. ეკონომიკური პროცესები არის მგრძნობიარე. შესაბამისად, მშვიდობა და სტაბილურობა უპირველესი წინაპირობაა იმის, რომ ჩვენ ეკონომიკური განვითარება გავაგრძელოთ. აქედან გამომდინარე, ეს იყო დისკუსიის საგანი და ის თუ როგორია ჩვენი მოლოდინები.

ვისაუბრეთ პროგნოზებზე, რომელიც ვფიქრობ, ბიზნესის დიდი ნაწილისთვის იყო საკმაოდ დამაჯერებელი. რა თქმა უნდა, დიალოგი უნდა გაგრძელდეს, ამაზე სრული მზადყოფნა იყო პრემიერის მხრიდან. გადაწყდა, რომ მომავალშიც დაიგეგმება შეხვედრა, სადაც უფრო მეტად განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენები იქნებიან ჩართულები, იმისთვის, რომ მათ მიიღონ განმარტებები იმ პოლიტიკაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში ხორციელდება“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.