Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

,,რამდენიმე ევროპული საელჩო პირდაპირაა ჩართული, სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებაში,”- ირაკლი კობახიძე

რამდენიმე ევროპული საელჩო პირდაპირაა ჩართული, სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებაში, შესაბამისად, ხშირად ხვდებიან რადიკალებს და ეს არის სამწუხარო მოვლენა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბრიტანეთის საელჩოში გიგა ბოკერიას და გია ბარამიძის მონაწილეობით გამართულ შეხვედრას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირისა და ევროპული ბიუროკრატიის იმიჯს საქართველოში.

„ევროკავშირის, ევროპული ქვეყნების იმიჯს საქართველოში ეს ძალიან აზიანებს. თან, როდესაც ხვდები არჩევნებთან დაკავშირებით ისეთ პარტიებს, რომლებიც საერთოდ არ მონაწილეობენ არჩევნებში, ეს კიდევ უფრო მეტად გაუგებარია. ძალიან ცუდია, როდესაც კონკრეტული ელჩები, საელჩოები ახალისებენ საქართველოში რადიკალიზმს. საზოგადოება ამას აკვირდება, აფასებს და ეს ყველაფერი ევროპული ქვეყნების, ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე საქართველოში ძალიან ცუდად აისახება,”- განაცხადა პრემიერმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 18 სექტემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7143 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7143 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7080 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0063 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2143 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1999 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0164 ლარი შეადგინა.

ეტყობა, რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული ფული ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის – შალვა პაპუაშვილი გირაოსთან დაკავშირებით ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებაზე

x

რაც ვიცით დადასტურებულად, მე მგონი ავლაბარში რუსეთი არ არის და ავლაბარში კონკრეტულ მისამართზე მიდიოდა ეს ასაფეთქებელი ნივთიერება. ეს არის უკრაინის ხელისუფლების გაგება ძმობის და მეგობრობის, რომ თბილისში შემოიტანო 2,5 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელმაც შეიძლება მთელი უბანი ჰაერში აწიოს? – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „ჰექსოგენის“ საქმეზე საუბრისას. ის ეჭვის ქვეშ აყენებს დაკავებულის მიერ გაჟღერებულ ვერსიას იმის შესახებ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება საბოლოოდ რუსეთში უნდა გადაეტანა და ამბობს, რომ ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში უკრაინული სპეცსამსახურები საკუთარი სამხედრო მიზნის მისაღწევად ქართველ ხალხს სწირავდნენ.

„2,4 კილოგრამი ჰექსოგენი რას ნიშნავს, დაგუგლეთ და გაიგებთ. ეს არის ასაფეთქებელი ნივთიერება. თვითმფრინავში არ აგატანინებენ „დეზადორს“ ან სანთებელას, იმიტომ რომ საშიშია, შეიძლება მთელი თვითმფრინავი ააფეთქო. აი 2,5 კილო ჰექსოგენი ავლაბრის კონკრეტულ მისამართზე რომ იქნებოდა, იქ შემთხვევით ხო შეიძლება რაღაც მომხდარიყო? ხომ შეიძლება, რომ შემთხვევით, ზემოქმედების შედეგად აფეთქდეს, ან ტრაილერი გადაბრუნებულიყო და აფეთქებულიყო, ან იმ სახლში აფეთქებულიყო – მთელ ავლაბარს ხომ აიტანდა ცაში? აი ამას გვიკეთებდნენ უკრაინის სპეცსამსახურები. უკრაინის სპეცსამსახური, სადაც ქართველი გია ლორთქიფანიძე მუშაობს, ამას გეგმავდა და ეგუებოდა იმ აზრს, რომ შეიძლება აფეთქდეს, მაგრამ ჯანდაბას, აიწიოს ავლაბარი და თბილისი ჰაერში, ოღონდ თავიანთ მიზნებს მიაღწიონ რუსეთში. აი რომ დავიჯეროთ ის ვერსია, ოღონდ რუსეთს ზიანი მიაყენონ და ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ ქართველ ქალებს და ბავშვებს, აქ რომ აფეთქებულიყო?

ჩვენ რას გადაგვეკიდნენ? ომი აქვთ – იომონ. შეეშვან საქართველოს ჩათრევას თავის ომში. ეს არ არის საქართველოს ომი. როდესაც ჩვენ, მათ შორის რუსეთთან ომი გვქონია, არავინ ჩაგვითრევია ჩვენს ომში და არავის ქვეყანა არ დაგვიყენებია რისკის ქვეშ და აქ რომ არის ხალხი, რომელიც დღეს საღამოთაც გამოვა რუსთაველის გამზირზე და პარლამენტთან დადგებიან და უკრაინის ხელისუფლების განდიდებით იქნება დაკავებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა არაფერს ამბობს, რადგან უკრაინა ომშია, მაგრამ მოვა დრო, ომი დასრულდება და საქართველო პასუხს მოითხოვს უკრაინის ხელისუფლებისგან. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ტვირთმა ლამის ნახევარი ევროკავშირი გამოიარა ისე, რომ არავის გაუჩერებია.

ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა მიმდინარე საარჩევნო საკითხებისა და 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად ემზადება 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად, რომლის ფარგლებშიც არაერთ მნიშვნელოვან და მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს. მისი თქმით, საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ცესკოს საქმიანობის პრინციპულ საფუძველს წარმოადგენს.

„მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც მათ მივაწოდეთ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია 4 ოქტომბრის არჩევნების სამზადისზე, ასევე განხორციელებული და მიმდინარე მასშტაბური სამუშაოების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს აღნიშნული არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას. ჩვენ გვქონდა ინფორმაციის მიმოცვლის საშუალება დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომლის ფარგლებშიც მათ ამომწურავი და სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდეთ მიმდინარე სარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან, გამჭვირვალე და ღია საქმიანობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრები, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე სხვა ჩართულ მხარეებთან“,-აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

4 ოქტომბრის არჩევნებზე რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტები, რეგისტრაციის პროცესი, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციები, საარჩევნო კომისიების  დაკომპლექტება და მათი გადამზადება, ამომრჩეველთა ინფორმირება და ამომრჩევლებისთვის და პარტიებისთვის შეთავაზებული სიახლეები – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ცესკოს თავმჯდომარემ ასევე დეტალურად ისაუბრა. 

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა აქტიური დისკუსიაც. დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები გიორგი კალანდარიშვილისგან და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძისგან მიიღეს.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა ცხადყოფს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტია არა მხოლოდ შიდა პროცესების ეფექტიანად წარმართვა, არამედ ღია, საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინირებული თანამშრომლობა. ეს ასევე  ადასტურებს ადმინისტრაციის მზადყოფნას, საარჩევნო პროცესები წარმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ღია და ინკლუზიური ფორმატით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების საშუალებაა, არამედ უზრუნველყოფს დიალოგს, უკუკავშირის მიღებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარის გარდა ასევე ესწრებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე,  ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი და სპიკერი ნათია იოსელიანი.

რუსეთის იმპერიული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ: როგორ ნადგურდება სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული იდენტობა – The Daily Telegrhap

„რუსეთის იმპერიული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ: როგორ ნადგურდება სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული იდენტობა“ – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegrhap) სტატია სემიუელ რამანის ავტორობით, რომელშიც განხილულია რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვებისა და მოზარდების სწავლა-განათლების მდგომარეობა, ასევე რუსი ახალგაზრდების აღზრდა ნეოიმპერიალისტური და ულტრანაციონალისტური იდეოლოგიით.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

იელის უნივერსიტეტის (აშშ) ჰუმანიტარული სკოლის მიერ ამას წინათ გამოქვეყნებულმა გამოკვლევამ ცხადჰყო, თუ როგორი მკაცრი დამოკიდებულება აქვთ რუსული განათლების სისტემის მუშაკებს უკრაინელი ბავშვების მიმართ როგორც რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში, ისე უშუალოდ რუსეთში.

უკრაინის ხელისუფლების გამოთვლით, ბავშვთა რაოდენობა 19 ათასს აღწევს, ხოლო ჰუმანიტარული სკოლის კვლევის მიხედვით, მათი რიცხვი უფრო მეტია – 35 ათასი. ბევრი ამ ბავშვთაგან „ხელახალი აღზრდის“ პროცესშია მოქცეული, რათა მათ ცნობიერებაში უკრაინული იდენტობა ამოძირკვონ და გაანადგურონ. რაც ყველაზე უფრო საგანგაშოა, მათ იძულებით ამუშავებენ რუსეთის სამხედრო ქარხნებში, რომლებიც უპილოტო საფრენ აპარატებს (დრონებს) აწარმოებენ.

კრემლმა ფართო პროპაგანდა დაიწყო, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ ფაქტებს და იელის უნივერსიტეტის კვლევას  სანდოობის ხარისხი დაუკარგოს. დისკრედიტაციაში ჩართული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც – უცხოეთის სახელმწიფოებში აკრედიტებული რუსი დიპლომატები ყოველნაირად  ცდილობენ უარყონ კიევის ბრალდებები „ყირიმელი ბავშვების გენოციდის“ თაობაზე. პირიქით, რუსები ბავშვებს კი არ იტაცებენ და იძულებით კი არ ამუშავებენ, არამედ ზოგიერთები ფრონტისპირა დასახლებული პუნქტებიდან რუსეთში მიჰყავთ მათი დაცვისა და შესაფერისი სასწავლო პირობების შესაქმნელად.

შესაძლოა, კრემლის პროპაგანდამ გარკვეული შედეგი გამოიღოს და უცხოეთში ზოგიერთებმა დაიჯერონ კიდეც, მაგრამ ადგილებზე არსებული რეალური სიტუაცია აშკარად ეწინააღმდეგება მასობრივი აგიტაციის შედეგად „დახატულ მდგომარეობას“. უფრო მეტიც – რუსეთის ქცევა ხაზს უსვამს, რომ კრემლი აგრესიულ ომს უკრაინაში არამხოლოდ ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად აწარმოებს, არამედ ძალისხმევა ასევე მიმართულია იმისკენ, რომ ბავშვთა გონებაში უკრაინის როგორც სუვერენული სახელმწიფოს იდენტობა გაქრეს და უკრაინა რუსული სამყაროს ცივილიზაციურ ნაწილად იქნეს აღქმული, რუსულ ორბიტაში მოქცეულად. უკრაინული კულტურის განადგურებისაკენ მიმართული ესოდენ საშინელი კამპანია მოიცავს უკრაინელი ბავშვების ტვინის გამორეცხვას, რათა ისინი რუს პატრიოტებად გაიზარდნონ და შემდეგ ნეოიმპერიალისტებად გადაიქცნენ.

როცა რუსეთის არმიის ქვედანაყოფები რომელიმე უკრაინულ ქალაქს იკავებენ ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვრცელდება რუსული ულტრანაციონალისტური განათლების სისტემა. როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის – ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ჯერ კიდევ 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნულიბ, რუსული სკოლები ზღუდავენ უკრაინული ენის სწავლებას და რუსეთის არმიის სამხედრო მოქმედებებს ისე წარმოაჩენენ, როგორც სამართლიან „ჯვაროსნულ ლაშქრობას“, უკრაინის ნეონაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულს. 

მაგალითად, როცა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ გაბედა და უკრაინულ ენაზე ალაპარაკდა, [გამოძახებულმა] რუსმა ძალოვანებმა მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს, ქალაქგარეტ გაიყვანეს და იქ მიატოვეს.

სამხედრო სამსახურიც ასევე ითვლება რუსული ულტრანაციონალისტური განათლების განუყოფელ ნაწილად, ანუ უკრაინელი ახალგაზრდების რუსებად გადაქცევის ერთ-ერთ მეთოდად. ქალაქ ლუგანსკში რუსი ოფიცრები 16 წლის მოზარდებს სამხედრო სამსახურისთვის წინასწარ არჩევენ და როგორც კი მათ 17 წელი შეუსრულდებათ, ვალდებულნი არიან გაწვევის პუნქტებში გამოცხადდნენ და არმიაში სამსახურის სურვილი გამოხატონ, 18 წლის ასაკში კი მათ უფლება ეძლევათ სამხედრო კონტრაქტი გააფორმონ. [ყირიმისა და დონბასის]  უმაღლესი სასწავლებელების სტუდენტებს რუსეთის არმიაში სამხედრო სამსახურისთვის (კონტრაქტის სტანდარტული თანხის გარდა) დამატებით თვეში 2150 დოლარი ეძლევათ. ასეთმა მიდგომამ ავისმომასწავებელი ეფექტი გამოიღო – დიდი ფულით „დამტკბარმა“ იძულებითმა გაწვევამ კრემლს შესაძლებლობა მისცა თავიდან აეცილებინა მოსახლეობის სავარაუდო უკმაყოფილება 2022 წლის ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ და უპრობლემოდ გაეგზავნა ახალგაზრდები ფრონტზე – „საზარბაზნე ხორცის“ სახით.

უკრაინელი ბავშვების ჩაბმა სამხედრო აღზრდის სისტემაში რუსეთს ახალ პოტენციურ რესურსს აძლევს სამომავლო რევანშისტული კამპანიებისათვის. ასეთი ქმედება სავსებით ეთანხმება რუსეთის ხელისუფლების ძალისხმევას დაარწმუნოს ახალგაზრდა თაობა ნეოიმპერიულად აზროვნების აუცილებლობაში. ამასთან, შეინიშნება ტენდენცია: მაშინ როცა  რუსების უფროსი თაობა ენთუზიაზმით ესალმება ომის რუსულ პროპაგანდას, „მილენიალები“ და Z-თაობის წარმომადგენლები ბევრად უფრო სკეპტიკურად არიან ომის მიმართ განწყობილნი.

როგორც რუსული საზოგადოებრივი აზრის კვლევის არასამთავრობო ორგანიზაციის „ლავადა-ცენტრის“ მიერ 2025 წლის აპრილში ჩატარებული გამოკითხვით ირკვევა, საომარ მოქმედებებს მეტ-ნაკლებად 18-დან 24 წლის ასაკის მქონე რუსების მხოლოდ 35% იწონებდა, ხოლო 10% თვლიდა, რომ ომი გამარჯვებამდე უნდა გაგრძელებულიყო.

ისეთი პატრიოტული სიმღერების გავრცელებით, როგორიცაა, მაგალითად, „ჯარისკაცები მოდიან“ და იმის პროპაგანდით, თუ როგორ დრაკონული სიმკაცრით ექცევიან ტყვედ ჩავარდნილ  რუს ჯარისკაცებს უკრაინელები, კრემლი ცდილობს 15-18 წლის ახალგაზრდა რუსები ულტრანაციონალისტებად აღზარდოს.

რუსი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ მათი ძალისხმევა დაარწმუნებს ახალგაზრდებს შეურიგდნენ სულ უფრო მზარდ კრიზისულ სიმპტომებს რუსეთის ეკონომიკაში და ქვეყნის მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობას. რუსული პროპაგანდა უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას და დასავლეთს რუსეთის ისტორიულ და დაუძინებელ მტრებად წარმოსახავს, ამას უნერგავს ახალგაზრდობას და ამით მომავალ თაობას პერსპექტიული ექსპანსიონისტური ომებისთვის ამზადებს – აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შესაჭრელად.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „მშვიდობის ფორმულა“ ეფუძნება იმ სავარაუდო თეორიას, რომ ტერიტორიული დათმობები მტკიცე მშვიდობამდე მიგვიყვანს, თუმცა ამგვარი მიდგომა რუსული ნეოიმპერიალიზმის იდეოლოგიურ საფუძვლებს ეწინააღმდეგება: ასეთი ფორმულის რეალიზება სამომავლოდ უფრო დამანგრეველ ომების პროვოცირებას გამოიწვევს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

დედაქალაქი „თბილისობას“ მრავალფეროვანი პროგრამით ხვდება

დედაქალაქი სახალხო დღესასწაულ „თბილისობას“ მრავალფეროვანი პროგრამით ხვდება, სადაც ყველა ასაკის მოქალაქის გემოვნება იქნება გათვალისწინებული.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წელს „თბილისობა“ 20-21 სექტებერს გაიმართება, ღონისძიების მთავარი ლოკაციები კი რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი იქნება.

„რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მოსულ სტუმრებს ტრადიციულად დახვდება თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები და ფოტოზონები. ორივე ლოკაციაზე მოეწყობა ღია კინოთეატრი, სამეწარმეო მარკეტი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები. დღის განმავლობაში, ასევე, გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები, მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები. გარდა ამისა, რიყის პარკში საესტრადო შემსრულებლების მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა დაგხვდებათ, ხოლო აბანოთუბანში წარმოდგენილი იქნება გამოფენა-გაყიდვა – „თბილისური მრავალფეროვნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, 20 სექტემბერს, 20:00 საათზე, „თბილისობის“ ერთ-ერთი გამორჩეული საღამო – თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა, ხოლო 21 სექტემბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე 2025 წლის „თბილისობა“ გრანდიოზული საზეიმო კონცერტით დასრულდება.

„მინდა, დაგპატიჟოთ ყველა – დიდი თუ პატარა ამ ლამაზი დღეების აღსანიშნავად. ეს არის ჩვენი ქალაქის დღე. გელოდებით, ერთად ჩავერთოთ სახალხო ზეიმის ფერხულში და ერთად ვეზიაროთ თბილისურ მრავალფეროვნებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისობის პროგრამა ასე გამოიყურება:

ორბელიანის მოედანი

20-21 სექტემბერი

12:00-22:00

 ღია კინოთეატრი

 შემოდგომის ნუგბარი

 ყველის და ღვინის კუთხე

 ქალ მეწარმეთა ასოციაცია

 კაფე „ლაღიძის წყლები”

 სამეწარმეო მარკეტი

 თემატური ფოტოზონები

 ტკბილეულის სივრცე

 კვების ზონა

 საბავშვო კონცერტები

 საბავშვო/გასართობი აქტივობები

 თეატრალიზებული წარმოდგენა/პერფორმანსები

 საღამოს კონცერტები

 ელექტრონული მუსიკა

ორბელიანის მოედნის მუსიკალური პროგრამა

20 სექტემბერი – იტალიის ქუჩა (საბავშვო კონცერტების სცენა)

 12:00 – ჟირაფი ჟოზეს წარმოდგენა

 13:00 – ნუკრი კაპანაძის სტუდია

 14:00 – „მეკო სტუდიის“ კონცერტი

 15:00 – „ბასტი-ბუბუს სტუდიის“ კონცერტი

20 სექტემბერი – გიორგი ათონელის ქუჩა (საღამოს კონცერტების სცენა)

 14:00 – თბილისის ბიგ-ბენდის კონცერტი

 20:00 – თეატრალიზებული წარმოდგენა “თეატრალური თბილისი“

20 სექტემბერი – ანტონ ფურცელაძის ქუჩა, ელექტრონული მუსიკის სთეიჯი

 16:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) – KERESELIDZE

 19:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) – MACHAIDZE

21 სექტემბერი – იტალიის ქუჩა (საბავშვო კონცერტების სცენა)

 12:00 – „Sunny Studio”- ს კონცერტი

 13:00 – „ბზიკების სტუდიის“ კონცერტი

 14:00 – ანსამბლ „ენკი-ბენკის“ კონცერტი

 15:00 – სტუდია „ნუცას სკოლის“ კონცერტი

  • 16:00 – ინგას და გიგის საბავშვო მუსიკალური სტუდია

21 სექტემბერი – გიორგი ათონელის ქუჩა (საღამოს კონცერტების სცენა)

 20:00 – საათი – ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი

21 სექტემბერი – ნტონ ფურცელაძის ქუჩა, ელექტრონული მუსიკის სთეიჯი

 16:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) – MACHAIDZE

 19:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) – KERESELIDZE

აბანოთუბანი

20 და 21 სექტემბერი

 12:00 – გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“

რიყის პარკი

20 და 21 სექტემბერი

12:00 – 22:00

 გასტრონომიული ფესტივალი

 სამეწარმეო მარკეტი

 ტკბილეულის ფესტივალი

 ღვინის და ყველის სივრცე

 ლუდის ზონა

 დეკორატიული თაღი და ხეივანი

 ატრაქციონები

 ღია კინოთეატრი

 თემატური დეკორაციები, ინსტალაციები და ფოტოზონები

 თეატრალიზებული წარმოდგენა/პერფორმანსები

 ზღაპრის გმირების მსვლელობა

 სხვადასხვა საბავშვო – გასართობი აქტივობები

 სპორტული აქტივობები: ქართული ჭიდაობა, კრიობა, ნარდი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, მინი გოლფი.

 საბავშვო კონცერტები

 საღამოს კონცერტები

რიყის პარკის მუსიკალური პროგრამა

20 სექტემბერი – საბავშვო კონცერტები

 12:00 – „ბზიკების სტუდიის“ კონცერტი

 13:00 – სტუდია „ნუცას სკოლას“ კონცერტი

 14:00 – ანსამბლ „ენკი-ბენკის“ კონცერტი

 15:00 – „ანა-ბანას“ სტუდიის კონცერტი

20 სექტემბერი

 18:00 – ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი

21 სექტემბერი – საბავშვო კონცერტები

 12:00 – ჟირაფი ჟოზეს წარმოდგენა

 13:00 – ანსამბლ „სი მი“-ს კონცერტი

 14:00 – „ქენდი სტუდიოს“ კონცერტი

 15:00 – „ბასტი-ბუბუს სტუდიის“ კონცერტი

21 სექტემბერი

 18:00 – ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი

21 სექტემბერი – ევროპის მოედანი

 20:00 – საზეიმო გალა-კონცერტი „ყველა უმღერის თბილისს“

მთავრობის ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციების 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი გამოაქვეყნა.

„მთავრობის ეფექტიანობის“ შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 62,5% დაიმსახურა, მსოფლიოში 35 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. მთავრობის ეფეტიანობის რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება: ესპანეთი, კვიპროსი, ხორვატია, ლატვია, იტალია, პოლონეთი, მალტა, უნგრეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, სლოვაკეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, თურქეთი და ა.შ.

მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს ეფუძნება და ოფიციალური განმატების მიხედვით ასახავს „საჯარო სერვისების ხარისხს, საჯარო სამსახურის ხარისხსა და პოლიტიკური ზეწოლისგან მისი დამოუკიდებლობის ხარისხს, პოლიტიკის ფორმულირებისა და განხორციელების ხარისხს და მთავრობის ერთგულების სანდოობას ასეთი პოლიტიკის მიმართ.“

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში მუდმივად ზრუნავს მის მომხმარებლებზე და მხარს უჭერს განსაკუთრებული შეთავაზებებით.

წინასასკოლო სეზონი, შავი პარასკევი, ახალი წელი…. – ეს ის პერიოდები და თარიღებია, რომლებსაც თიბისის მომხმარებლები ყველაზე მეტად ელოდებიან, რადგან ზუსტად იციან, რომ მათ საჭიროებებზე მორგებულ, მრავალფეროვან შეთავაზებებს მიიღებენ.

იმისათვის, რომ შეთავაზებები ყველა ტიპის მომხმარებლის ინტერესისა და საჭიროების გათვალისწინებით შექმნას, თიბისის გუნდი თითოეულ კამპანიას საგულდაგულოდ, რამდენიმე თვით ადრე, მომხმარებელთა უკუკავშირზე დაყრდნობით გეგმავს.

“სწორედ მომხმარებლის ანალიტიკის საშუალებით ვადგენთ, რომელი პროდუქტები თუ პარტნიორი კომპანიები იქნება ყველაზე რელევანტური კონკრეტული შეთავაზებების დროს და რამდენად ვაკმაყოფილებთ მომხმარებელთა საჭიროებებს. ნებისმიერი კამპანიის დროს, ჩვენი მიზანია, მომხმარებლებმა მიიღონ მაქსიმალურად დიდი სარგებელი, პარტნიორ კომპანიებს კი, მივცეთ შესაძლებლობა, თავიანთი პროდუქცია გააცნონ თიბისის მომხმარებლებს”- აკა სანიკიძე, პროდუქტის მფლობელი.

თიბისის გუნდის ეს მიდგომა ყოველთვის წარმატებულია, რაც წლევანდელი წინასასკოლო შეთავაზებების შედეგებითაც ნათელია.

“ჩვენ მიერ დაგეგმილი შეთავაზებებით, თიბისის 60 000-ზე მეტ ერთგულ მომხმარებელს გავუმარტივეთ წინასასკოლო სამზადისი და ხელშესახები ღირებულება ყველა იმ ობიექტში დავახვედრეთ, რომელიც სექტემბრის მნიშვნელოვანი სამზადისთვის დასჭირდებოდათ. შედეგად, ტრანზაქციების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ სწორ დროსა და საჭირო შეთავაზებას მომხმარებლები ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ეხმაურებიან”, – ბექა ჭაფოძე, თიბისის შეთავაზებების გუნდის ლიდერი.

წინასასკოლო შეთავაზებების დროს თიბისის პარტნიორი ბიზნესების საშუალო დღიური ბრუნვა ხუთჯერ გაიზარდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ თიბისი მსგავსი კამპანიებით მნიშვნელოვნად აძლიერებს და მხარს უჭერს ბიზნესების საქმიანობასაც.

(R)

ვიზალიბერალიზაციის გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი დღეს არ არსებობს -მაკა ბოჭორიშვილი

დღეს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის ეთერში. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის კეთილსინდისიერად აკეთებდა და აკეთებს ყველაფერს, რომ ეს სიკეთე საქართველოს მოქალაქეებს ჰქონოდათ. მან ასევე აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებაა.

„ვიზალიბერალიზაციის გაუქმებისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ ფანტაზიებს არ აქვს საზღვარი. ძალიან ბევრი საკითხის მიბმა და დაკავშირება ხდება ამ საკითხთან. ჩვენ ვნახეთ ერთგვარი მცდელობები, რომ თავად ევროკავშირის პროცედურებში შესულიყო გარკვეული გამარტივებული წესები იმისთვის, რომ უფრო მარტივად მომხდარიყო უვიზო რეჟიმის შეჩერება. ერთგვარად, სხვა აქტუალური თემა არ დგას დღეს ევროკავშირში და შეგვიძლია, დავუკავშიროთ საქართველოს საკითხს, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება გარკვეული პროცედურები, მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა უნდა არსებობდეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის; უნდა არსებობდეს, რა თქმა უნდა, საფუძვლები იმისთვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს ევროკავშირმა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებამ იცის, რომ საქართველოს მოეთხოვა გარკვეული ანგარიშზე დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედებების საფუძველზე, მიაწოდა ევროკავშირის მხარეს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაზე ხშირად გვესმის ფრაზა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებ, რომ დაიცვას უვიზო მიმოსვლა და ამას ვინც ამბობს, ალბათ იქვე უნდა ვკითხოთ, თუ რა არის ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას უვიზო მიმოსვლა. რა თქმა უნდა, ჩვენ მივალთ ორ კანონამდე, რომელსაც იყენებენ დღეს იმისთვის, რომ დააზიანონ საქართველოს ინტერესები, რომელიც არაფერ შუაში არ არის უვიზო მიმოსვლასთან, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს ჩვენი მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებასთან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მეც ვარ ის პოლიტიკოსი, რომელმაც სრულიად გაცნობიერებულად მხარი დავუჭირე კანონს გამჭვირვალობის შესახებ“ და მხარი დავუჭირე კანონს „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ მარტივი მიზეზით, ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ეს სჭირდება სტაბილურობას და ამას აქვს ძალიან სერიოზული საფუძვლები, თუ რატომაც მიიღო საქართველოს ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ, ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა ეს ორი კანონი. ეს არის სრულიად ლეგიტიმური გადაწყვეტილებები ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის, რომლის უკანაც დგას ამომრჩეველი და ჩვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩვენს ამომრჩეველს, იმ ადამიანებს, ვინც დგანან ჩვენ უკან, რა თქმა უნდა, ვერ ვუღალატებთ ვერანაირი შანტაჟის ფასად“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

შეკითხვაზე, ამ პირობებში რატომ არის გაიგივებული ეს ორი კანონი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებას ახსოვს, რა პროცესები წარიმართა ამ კანონებთან, განსაკუთრებით, „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით.

„ეს იყო სრულიად მიუღებელი, რადგან სწორედ გამჭვირვალობა შეუშლიდა ხელს იმ ორგანიზაციების მოქმედებას თუ საქმიანობას, იმ თვალსაზრისით, რომ გამჭვირვალე გახდებოდა ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ საიდან ფინანსდებიან პოლიტიკოსები, ჩვენ რომ ვეძახით, და საიდან ფინანსდება პოლიტიკაში ჩვენი ოპოზიცია, თუ როგორ ხდება ე.წ. არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ ვერ მოვატყუებთ ჩვენს საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა სცოდნოდა, უნდა იცოდეს და ეს გააკეთა სწორედ იმ კანონმა, რომელიც შეეხებოდა გამჭვირვალობას არასამთავრობო ორგანიზაციების. ეს სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო გააკეთებდა იმავეს, თუკი ეს დასჭირდებოდა მათი უსაფრთხოების და სტაბილურობის დაცვას.

„ნებისმიერი სახელმწიფო იქნება ღია, განიხილოს უცხო ქვეყნის დაფინანსება და ჩარევა საკუთარ საშინაო საქმეებზე, როგორც საფრთხე. ასე რომ, საქართველო არ უნდა იყოს ის გამონაკლისი, რომ ჩვენ ამაში ვხედავდეთ გარკვეულ საფრთხეებს, როდესაც ვსაუბრობთ უცხოურ ჩარევებზე და უცხოურ დაფინანსებებზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ნურავის ჰგონია, რომ ეს ქვეყანა გარედან უნდა იმართებოდეს, ამას ვერ ეღირსებით ვერასდროს -კახა კალაძე

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბოკერია და ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ და ალბათ დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების, გია ბარამიძისა და გიგა ბოკერიას მიერ გამართულ შეხვედრას ბრიტანეთის საელჩოში.

როგორც მან აღნიშნა, ადგილობრივი დიპკორპუსი ქვეყანაში საზოგადოების გახლეჩასა და დაპირისპირებას ახალისებს.

„როდესაც ვსაუბრობთ ადგილობრივი დიპლომატების ჩართულობასა და კავშირზე ამ ძალადობრივი ჯგუფებთან, რა თქმა უნდა, ბრიტანეთის საელჩო ერთ-ერთი მოწინავეა ამ ყველაფერში, რომლებიც ახალისებენ ქვეყანაში საზოგადოების გახლეჩას, დაპირისპირებას, რევოლუციის მოწყობის მცდელობას. გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ ბოკერია და ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ და ალბათ დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძე ასევე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, ჯეიმს მაკლერის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებასა და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ეხება.

„რამდენჯერ უნდა დაასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი? ის განცხადებები და მაგალითები, რომელზეც საუბრობთ, აბსოლუტურად ყველაფერი ტყუილზე, სიცრუეზე და ცილისწამებაზეა დაფუძნებული. ეს არის დღევანდელი სამწუხარო რეალობა. რომელია პოლიტპატიმარი? „მოლოტოვის კოქტეილს“ რომ ესროდა პოლიციელს თუ ჯოხს რომ ურყამდა და ქვებს ესროდა? რეალურად ვუყურებ და ვხედავ ყველაფერს, რაც ხდება. პოლიციელთან, რომელიც დგას და იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, მიდის ახალგაზრდა და ესვრის „მოლოტოვის კოქტეილს“, აქვს მცდელობა, ცოცხლად დაწვას ადამიანები, გამოდიხართ და გმირად გინდათ შერაცხოთ და მე ვუყურებ ცალმხრივად მოვლენებს? ერთნი არიან ესენი, რა ვერ გაიგეთ? აქაურ აკაცუკებს ჰყავთ თავიანთი პატრონები. ჩვენი პარტნიორი არის ქართველი ხალხი და ნურავის ჰგონია, რომ ეს ქვეყანა უნდა იმართებოდეს გარედან. ამას ვერ ეღირსებით ვერასდროს. ამ ქვეყანას მართავს ქართველი ხალხი. რაც შეეხება განცხადებებს, როგორც ევროპარლამენტარების, სხვადასხვა თანამდებობის პირების, იგივე ბრიტანეთის წარმომადგენლების მხრიდან, რომლის მაგალითიც მოიყვანეთ, არის სიცრუეზე, ტყუილსა და ცილისწამებაზე დაფუძნებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია -გარემოს ეროვნული სააგენტო

სააგენტოს მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია, – ამის შესახებ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.

„კვლევები ყოველთვიურად 12 წერტილში ტარდება და განსაზღვრავს ზღვის წყლის პარამეტრებს: 13 მძიმე მეტალს, ნავთობის ჯამურ ნახშირწყალბადებს, 16 პოლიარომატულ ნახშირწყალბადს, ასევე სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციას.

შავი ზღვიდან აღებული სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებით არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. სააგენტოს მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო, ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩოდირექტივის შესაბამისად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

დღეს სამყარო თანხმდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია. ამის ფონზე სკანდირება – “ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს”, ძალადობის მხარის არჩევა -შალვა პაპუაშვილი

დღეს სამყარო თანხმდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია.
ამის ფონზე სკანდირება – „ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს“, ძალადობის მხარის არჩევაა, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

პაპუაშვილი ამით დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ როდესაც აქტივისტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას აზიანებენ და პოლიციას ქვებს ესვრიან, ეს არა საპროტესტო აქცია, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულია.

„დღეს, სამყარო თანხმდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია.
ამის ფონზე, „ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს“ სკანდირება, ძალადობის მხარის არჩევაა.
ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს – კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას“, – წერს პაპუაშვილი.

ელენე ხოშტარია შსს-მ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე 15 სექტემბერს დააკავა.