კორუფიასთან ბრძოლის ფარგლებში საქართველოს პარლამენტმა საკანონმდელო ინიციატივა მოამზადა. ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად, 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ ყოფილ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ა(ა)იპ-ებში, სსიპ-ებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს, იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ კანონიერ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო, ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისათვის.
აღნიშნულის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ სამომავლოდ საკანონმდებლო დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ უფრო ეფექტიანი მექანიზმები გაჩნდეს, საქართველოს პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა. კირცხალიას თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.
„ამ მიმართულებით, განვლილი 13 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ, რასაც მთელი ამ დროის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში ჩატარებული საერთაშორისო კვლევები და გამოქვეყნებული რეიტინგებიც ადასტურებს. – საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ანტიკორუფციული რეფორმების მიმართულებით მოწინავეა რეგიონში და უსწრებს არაერთ ევროპულ სახელმწიფოს. ამ ხელშესახები შედეგების მიუხედავად, ჩვენ არ ვაპირებთ მიღწეულით დაკმაყოფილებას და იმ ამბიციური, გაცხადებული მიზნის ერთგული ვრჩებით, რომლის თანახმადაც, საქართველო კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით მსოფლიო ქვეყნების საუკეთესო სამეულში უნდა შევიდეს!
სწორედ ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაცხადებულ კურსს, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას უკავშირდება, საქართველოს პარლამენტიც სრულად იზიარებს და მხარს უჭერს. ბუნებრივია, ამ პროცესში განსაკუთრებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი, რომლის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სწორედ სამოხელეო დანაშაულის, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის ფაქტების, მათ შორის, „ელიტური კორუფციის“ პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა წარმოადგენს. უკანასკნელ პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ეფექტიანი ღონისძიებები და გამოვლენილი დანაშაულები კიდევ ერთი დასტურია, რომ სახელმწიფო, მსგავსი ტიპის დანაშაულის მიმართ უკომპრომისო და შეურიგებელია“, – აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.
მისი თქმით, ცვლილებები შევა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში.
„საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ა(ა)იპ-ებში, სსიპ-ებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს, იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ კანონიერ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისათვის. ეს ინფორმაცია მუხლობრივად მითითებულია პრეს-რელიზში, რომელიც პრეს-სამსახურის მიერ გადმოგეცემათ.
ეს ცვლილებები პირდაპირი სიგნალია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კორუფციულ გარიგებებში ჩართულობით, სავარაუდო სარგებლის მიღებაზე, შემდეგ შემოსავლის ლეგალიზებაზე და გრძელვადიან პერიოდში პირადი ინტერესების დაკმაყოფილებაზე არიან ორიენტირებულნი. მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, კონკრეტულ სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის აქტიური დაკვირვება და მონიტორინგი 30 წლის განმავლობაში გახდება შესაძლებელი, რაც ფაქტობრივად, მათი მხრიდან მითვისებული ქონების ლეგალიზებასა და პირადი ინტერესებით გამოყენებას, სასჯელის მოხდის შემდეგაც გამორიცხავს!
ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ. მჯერა რომ საზოგადოების გვერდში დგომით იმ ამბიციურ მიზანს, რომლის თანახმადაც კორუფციის სიმცირის მაჩვენებლით მსოფლიო ქვეყნების სამეულში უნდა შევიდეთ, აუცილებლად მივაღწევთ“, – აღნიშნა კირცხალიამ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ცვლილებები შევა შემდეგ მუხლებში:
სისხლის სამართლის კოდექსის:
• 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები (თაღლითობა ჩადენილი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან დიდი ოდენობით);
• 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (გამოძალვა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით);
• 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები (მითვისება ან გაფლანგვა ჩადენილი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან დიდი ოდენობით);
• 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება ჩადენილი: დიდი ოდენობით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით);
• 194-ე მუხლი (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება));
• 1941 მუხლი (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება);
• 1951 მუხლი (სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა);
• 2051 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით ჩადენილი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით);
• 214-ე მუხლის მე-2 ნაწილი და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა ჩადენილი: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან მოხელის/მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
• 218-ე მუხლი (გადასახადისათვის თავის არიდება);
• 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (თუ ეს დაკავშირებულია ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის მითვისებასთან, გაფლანგვასთან ან თაღლითობით დაუფლებასთან) (იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა ჩადენილი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით);
• 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (თუ ეს დაკავშირებულია ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის მითვისებასთან, გაფლანგვასთან ან თაღლითობით დაუფლებასთან) (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა ჩადენილი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით);
• 2861 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ჩადენილი: ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან რამაც დიდი ოდენობის ფინანსური ზიანი გამოიწვია);
თავი XXXIX
სამოხელეო დანაშაული
• 332-ე მუხლი (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება);
• 333-ე მუხლი (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება);
• 334-ე მუხლი (ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უკანონო გათავისუფლება);
• 335-ე მუხლი (განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება);
• 337-ე მუხლი (სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა);
• 338-ე მუხლი (ქრთამის აღება);
• 339-ე მუხლი (ქრთამის მიცემა);
• 3391 მუხლი (ზეგავლენით ვაჭრობა);
• 340-ე მუხლი (კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება);
• 341-ე მუხლი (სამსახურებრივი სიყალბე);
• 342-ე მუხლი (სამსახურებრივი გულგრილობა);
• 3421 მუხლი (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევა).