Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა რუსეთს ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდების თხოვნით მიმართა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრა გუნბამ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას აფხაზეთში ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდების საკითხის გადაწყვეტის თხოვნით მიმართა.

ბადრა გუნბა იმედს გამოთქვამს, რომ მისი მიმართვა, რაც შეიძლება სწრაფად იქნება მხარდაჭერილი.

„როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, მე მივმართე ჩვენს მოკავშირეს და სტრატეგიულ პარტნიორს, რუსეთის ფედერაციას, ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდების საკითხის გადაწყვეტის თხოვნით. იმედი მაქვს, ეს მიმართვა რაც შეიძლება მალე იქნება მხარდაჭერილი“, – ნათქვამია გუნბას მიმართვაში.

1-ლი ნოემბრიდან ოკუპირებული რეგიონი რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიას წარმოქმნილი ენერგოდეფიციტის ნაწილობრივ დასაფარად ყიდულობს. ამასთან, მოქმედებდა ოთხსაათიანი შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაზე. 11 დეკემბრიდან, ენგურჰესის კაშხალში წყლის კრიტიკულად დაბალი დონის გამო, დღის საათებში მოსახლეობას შუქი მხოლოდ არასრული სამი საათის განმავლობაში მიეწოდება, ხოლო რუსეთიდან მიწოდების ხარჯზე 21:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგია შეუზღუდავად მიეწოდება. ვინაიდან დღისით შუქი პრაქტიკულად არ არის, ყველა სავაჭრო ობიექტი, კვების ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები გენერატორებს იყენებენ.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აფხაზეთი „სერიოზულ გამოცდას გადის“.

„სიტუაციამ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა, სახელმწიფო ბიუჯეტი უზომო დატვირთვას განიცდის, შეჩერებულია რუსული დახმარების უმნიშვნელოვანესი პროგრამები. წარმოიქმნა ხელფასებისა და სოციალური დახმარების დაგვიანების პრობლემა“, – ნათქვამია მიმართვაში.

ბადრა გუნბას თქმით, დღე-ღამეში 9-11 საათით შუქის გათიშვა „განაჩენია ჯანდაცვისა და განათლების სისტემისთვის, ეს საფრთხეს უქმნის ბავშვების, ხანდაზმულების, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“.

ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ „თითოეულს მიუძღვის თავისი წილი ბრალი იმაში, რაც ხდება, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, მაგრამ საკითხი ახლა არ არის იმაში, ვინ უფრო მეტად არის დამნაშავე“.

„ახლა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ადამიანებს სახლებში შუქი და სითბო დაუბრუნდეთ“, – ნათქვამია გუნბას მიმართვაში.

,,ოპოზიცია კონფრონტაციის გამწვავებაზე მიდის”- ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “ოპოზიცია კონფრონტაციის გამწვავებაზე მიდის”. მისივე თქმით, მათი აბსოლუტურად ყალბი და არაფერზე დაფუძნებული გზავნილი თითქოს ახალი არჩევნები “მთელი ხალხის მოთხოვნაა” ერთხელ და საბოლოოდ უნდა გაბათილდეს.

“ოპოზიცია კონფრონტაციის გამწვავებაზე მიდის. მათი აბსოლუტურად ყალბი და არაფერზე დაფუძნებული გზავნილი თითქოს ახალი არჩევნები “მთელი ხალხის მოთხოვნაა” უნდა ერთხელ და საბოლოოდ გაბათილდეს საზოგადოების იმ უმრავლესობის მტკიცე და საჯაროდ დემონსტრირებული პოზიციით, ვინც 26 ოქტომბერს ხელისუფლება აირჩია. მე ადრეც დავაფიქსირე ეს პოზიცია და ვისაც უნდა ეწყინოს ვისაც არა, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ. ამის საჭიროებას ბევრი თავად დაინახავს, ამ ბანდის თავხედობის ზრდის კვალობაზე”- წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

,,მზად ვარ შევხვდე ბიძინა ივანიშვილს” – სალომე ზურაბიშვილი

ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ და ჩვენ მივდივართ მოკლე გზაზე. „ქართული ოცნება“ აჩქარებული ტემპით ახალი კანონების მიღებას ცდილობს იმისთვის, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე – მე პირადად მზად ვარ როცა უნდა შევხვდე ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ახალი არჩევნები უნდა დანიშნოს.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ და ჩვენ მივდივართ მოკლე გზაზე. ეს არის სიახლე ამ ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ. დიდი დრო აღარ არის, მითუმეტეს, „ქართული ოცნება“ აჩქარებული ტემპით ახალი კანონების მიღებას ცდილობს, იმისთვის, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ, შიგნიდან თუ გარედან, იმისათვის, რომ ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი, რადგან ის არის ერთადერთი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ არ ჩამოიშალოს მისი სისტემა – სანამ მისი სისტემა მთლიანად ჩამოიშლება უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დანიშნოს ახალი არჩევნები, ამის კონსტიტუციური ფორმების მოფიქრება ძალიან მარტივია და ამას არ სჭირდება ბევრი ბჭობა, მე პირადად მზად ვარ როცა უნდა შევხვდე, მე ვიცი, რომ გარედან ბევრი იქნებიან მზად, რომ ჩამოვიდნენ და მასზე ზეწოლა განახორციელონ. უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და უნდა დაინიშნოს სასწრაფოდ!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

,,ჩვენ მეტი პროტესტი გვინდა, მეტი ერთიანობა გვინდა, მეტი კონსოლიდაცია გვინდა”- გიორგი ვაშაძე

ჩვენ მეტი პროტესტი გვინდა, მეტი ერთიანობა გვინდა, მეტი კონსოლიდაცია გვინდა და ახლა უკვე გვჭირდება კონკრეტული ფორმალური მექანიზმების შექმნაც, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებასთან სხვა ტიპის ურთიერთობას დაიწყებს, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ორბელიანების სასახლეში მისვლის დროს განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის და ოპოზიციური პარტიების, ასევე არასამათავრობო ორგანიზიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

მისი თქმით, პოლიტიკურ-საზოგადოებრივმა ჯგუფებმა უნდა ჩამოაყალიბონ კონკრეტული ფორმალური მექანიზმები, რომელიც საზოგადოების მხრიდან ლეგიტიმაციის მატარებელი იქნება.

„ქართული ოცნების“ ხელწერა არის ტყუილი. ტყუილი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველგან იტყუებიან, მსოფლიო მასშტაბით მატყუარას იმიჯი და სტატუსი აქვს, მაგალითად, თვითმარქვია ირაკლი კობახიძეს. ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ. ჩვენ მეტი პროტესტი გვინდა, მეტი ერთიანობა გვინდა, მეტი კონსოლიდაცია გვინდა და ახლა უკვე გვჭირდება კონკრეტული ფორმალური მექანიზმების შექმნაც, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებასთან სხვა ტიპის ურთიერთობას დაიწყებს. პოლიტიკურ-საზოგადოებრივმა ჯგუფებმა უნდა ჩამოაყალიბონ კონკრეტული ფორმალური მექანიზმები, რომელიც იქნება ლეგიტიმაციის მატარებელი საზოგადოების მხრიდან, ეს არის წნეხის კიდევ ერთი მექანიზმი, რომ იცოდნენ, მათ ხელისუფლებას არათუ არავინ აღიარებს, არამედ იქნება ის ძალაუფლების წყარო, ხალხის ლეგიტიმაციის აღჭურვილი ადამიანები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის თაოსნობით, რომელიც გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებასთან და ქვეყნის შიგნით ხალხთან ერთად ურთიერთობას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად, ამერიკა-ევროკავშირის ერთობისკენ მოუწოდებს”-Reuters

ბრიტანულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტომ „როიტერმა” (Reuters) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად, ამერიკა-ევროკავშირის ერთობისკენ მოუწოდებს“ (ავტორები – ლილი ბაიერი და ენდრიუ გრეი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

იმის შიშით, რომ ნატოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი კიევს ამერიკულ სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს, ხუთშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს დაჟინებით მოუწოდა ევროპასთან მოკავშირეობით რუსეთი შეაჩეროს და მისი ქვეყანა გადაარჩინოს.

„ჩვენ ძალიან გვჭირდება ერთობა შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და ევროპის ქვეყნებს შორის“, თქვა ზელენსკიმ მანამ, სანამ მიმართავდა ევროკავშირის ლიდერებს ევროკავშირის სამიტზე, სადაც დომინანტური საკითხია უკრაინაში ომი, რომლის დასრულების პირობაც ტრამპმა დადო.

„ჩვენ ეს ერთობა მშვიდობის მისაღწევად გვჭირდება. ვფიქრობ, შეერთებულ შტატებს და ევროპას სინამდვილეში მხოლოდ ერთად შეუძლიათ პუტინის შეჩერება და უკრაინის გადარჩენა“, – დაამატა ზელენსკიმ.

ევროკავშირის დიპლომატებმა თქვეს, რომ მათი მიზანია ტრამპს ნათელი სიგნალი გაუგზავნონ უკრაინისადმი მათ უწყვეტ მხარდაჭერაზე და გააკეთებენ აქცენტს იმაზე, რომ ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებაში უკრაინა უნდა იყოს ჩართული და მის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცენ.

ანტონიო კოშტამ, რომელიც ევროკავშირის სამიტს, ევროსაბჭოს ახალი პრეზიდენტის რანგში პირველად თავმჯდომარეობდა, განაცხადა, რომ ევროკავშირმა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის უნდა იმუშაოს.

„ეს ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ეს მხოლოდ ევროპას არ ეხება, ეს საერთაშორისო სამართლის საკითხია. საერთაშორისო სამართალმა უნდა გაიმარჯვოს და აგრესია უნდა დამარცხდეს“, უთხრა კოსტამ ჟურნალისტებს.

დონალდ ტრამპმა ომის სწრაფად დამთავრებისკენ არაერთხელ მოუწოდა. ორშაბათს მან თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მზად უნდა იყოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს, თუმცა არ უთქვამს ეს თუ ნიშნავს იმას, რომ კიევმა შეთანხმების ფარგლებში მოსკოვს ტერიტორია დაუთმოს.

ევროკავშირის სამიტის დასკვნის პროექტში ნათქვამია, რომ „რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს“ და იქვე ნათქვამია, რომ უკრაინის საკითხზე არანაირი ინიციატივა კიევის ჩართულობის გარეშე არ უნდა განხორციელდეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ 

წყარო:

 ეუთო/ოდირის ანგარიშში გამოთქმული კრიტიკული შეფასებების ერთობლიობა ქმნის არჩევნების გაყალბების სისტემურ სურათს, კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები -პარტია “საქართველოსთვის”

ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში მნიშვნელოვან ყურადღებას ამახვილებს ამომრჩეველთა მონაცემების არასწორად გამოყენების შესახებ ჩვენი პარტიის მიერ გამოთქმულ ეჭვებზე, როდესაც მოვითხოვეთ ბაზების გასაჯაროება, რაზეც ეჭვის საფუძვლიანობის მიუხედავად ცესკო-მ დაუსაბუთებელი უარი განაცხადა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადაში ნათქვამია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის თანახმად, ამომრჩეველთა დაშინების, მედია მიკერძოების, არათანაბარი პირობების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ერთობლიობა ცხადყოფს, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა ძირითადი დემოკრატიული სტანდარტები და ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებები, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის არის აუცილებელი.

„ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ძირს უთხრის დემოკრატიული არჩევნების პრინციპს; საარჩევნო დარღვევებზე დავის გადაწყვეტის ეფექტური სამართლებრივი მექანიზმების არარსებობა.

ანგარიში ასევე მნიშვნელოვან ყურადღებას ამახვილებს ამომრჩეველთა მონაცემების არასწორად გამოყენების შესახებ ჩვენი პარტიის მიერ გამოთქმულ ეჭვებზე, როდესაც მოვითხოვეთ ბაზების გასაჯაროება, რაზეც ეჭვის საფუძვლიანობის მიუხედავად ცესკო-მ დაუსაბუთებელი უარი განაცხადა.

ანგარიში პირდაპირ აკავშირებს არჩევნებთან, ქვეყანაში მიმდინარე მასიურ საპროტესტო აქციებს და ხაზს უსვამს აქციების ძალადობრივად დაშლისა და მომიტინგეთა დაპატიმრების ფაქტებს. ასევე, ანგარიში საუბრობს აქციების მონაწილეთა და ჟურნალისტების მიმართსასტიკ მოპყრობაზე.

ანგარიშში გამოთქმული უკიდურესად კრიტიკული შეფასებების ერთობლიობა ქმნის არჩევნების გაყალბების სისტემურ და კომპლექსურ სურათს და ცალსახად უნდა ითქვას, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას.

ქვეყანაში შექმნილი მძიმე სისტემური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია ჩატარდეს ახალი არჩევნები, გაუმჯობესებულ წინასაარჩვენო გარემოში, პარიტეტულად დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციისა და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო სტრუქტურების პირობებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 ეუთო/ოდირის ანგარიში ცხადყოფს, რომ არჩევნების ჩატარების ხარისხი იყო მაღალი, ვფიქრობ, დოკუმენტი სპობს სივრცეს მანიპულაციისთვის -გიორგი კალანდარიშვილი

ეუთო/ოდირის დასკვნა ცხადყოფს, რომ არჩევნების ჩატარების ხარისხი იყო მაღალი, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ანგარიშში მოცემული როგორც დადებითი მხარე, ასევე შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც საჭიროებს ანალიზს საარჩევნო პროცესის შემდგომ განვითარებისთვის.

„სადამკვირვებლო ორგანიზაციების, განსაკუთრებით ეუთო/ოდირის როლი მნიშვნელოვანია არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, გამოქვეყნებული დასკვნა ფაქტობრივად ცხადყოფს, რომ არჩევნების ჩატარების ხარისხი იყო მაღალი. ის კარგად იყო ადმინისტრირებული, განსაკუთრებით პროცედურულ, ტექნიკურ ნაწილში, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს არა მხოლოდ ტექნიკურ გამართულობას, არამედ პროცედურულ გამართულობასაც. რა თქმა უნდა, ანგარიშს როდესაც ვკითხულობთ გასათვალისწინებელია, როგორც დადებითი მხარე, ასევე შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც მოცემულია ანგარიშში. ეს თავის მხრივ, საჭიროებს ანალიზს, შესწავლას. მისი გათვალისწინება უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას. არამხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენ თუ ვნახავთ სხვადასხვა ქვეყნების შეფასებებს ევროპული და მსოფლიო მასშტაბით კარგად ამოვიკითხავთ, რომ ეს არის ამ კომპლექსურობის ნაწილი, როცა საუბარია როგორც პროგრესზე, მიღწევებზე ასევე სხვადასხვა მიმართულებით წუხილზე, შენიშვნებზე და ამის შედეგად მოცემულ რეკომენდაციებზე.

ჩვენ ანგარიშს ვკითხულობთ ობიექტურად, კომპლექსურად და ვიღებთ როგორც დადებით შეფასებებს, ისევე, როგორც ანალიზს ვუკეთებთ იმ მიგნებებს, რაც მოცემულია დოკუმენტში. ეს დაგვეხმარება, რომ მათ შორის ეუთო/ოდირთან შემდგომი თანამშრომლობის გზით დავადგინოთ ის მექანიზმები, რომელიც ამ რეკომენდაციების შესრულებაში ინსტიტუციას კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარება, რათა ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ შემდგომი განვითარება საარჩევნო პროცესის, მათ შორის საარჩევნო პროცედურებისა და სხვადასხვა საკითხების, რომელიც აღნიშნულია დოკუმენტში“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო ეუთო/ოდირის ანგარიშმა გამოიწვია გარკვეული ინტერპრეტაციები, რადგან მისი წაკითხვა ხდება არა კომპლექსურად, არამედ მხოლოდ იმ ფრაგმენტებში, რომელიც კონკრეტული ჩართული მხარისთვის ხელშესახები და საყურადღებოა.

„თუმცა, ვფიქრობ, დოკუმენტი იმთავითვე იძლევა მკაფიო განმარტებებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ფაქტობრივად სპობს სივრცეს შემდგომი მანიპულაციისთვის. ვფიქრობ, ობიექტური შეფასების ნაწილში იმთავითვე გასაგებია დოკუმენტის მთავარი სულისკვეთება, რომელიც მათ შორის ჩვენს ინსტიტუციასთან მიმართებაში კარგი ადმინისტრირების ხარისხით, ფაქტობრივად ასრულებს მთელ რიგ სპეკულაციებს.

ეუთო ფაქტობრივად არანაირად არ საუბრობს საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე. ჩვენ კარგად გვახსოვს, მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში სხვადასხვა ჩართული მხარის მხრიდან იყო მანიპულაციურად წარმოჩენილი ის პროცესი, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო უბნების შექმნას უცხოეთში. ფაქტობრივად, ამ ნაწილში არც კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები, არც ცესკო-ს მოქმედებები არ არის შეფასებული, რაც ხაზს უსვამს, რომ ცესკო მოქმედებდა საერთაშორისო პრაქტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამ ნაწილში არ არსებობს რაიმე წუხილი, რაც იმთავითვე ხაზს უსვამს, რომ ყველა ბრალდება იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

 ანგარიშის შესახებ ჩვენს კითხვებს, წუხილებს გავუზიარებთ ეუთო/ოდირს, რათა არც მათთვისაც და არც ჩვენთვის არ დარჩეს კითხვის ნიშნები შეფასებებთან მიმართებით -გიორგი კალანდარიშვილი

გვაქვს გარკვეული კითხვები, მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავს, რომ სრულად და ერთმნიშვნელოვნად ვიზიარებთ ეუთო/ოდირ-ის დოკუმენტში მოცემულ ინფორმაციას, მაგრამ მისი კომპლექსურად წაკითხვის შემთხვევაში, ეს იძლევა სწორი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასკვნის შესახებ კითხვებს ეუთო/ოდირს გაუზიარებენ.

„აღსანიშნავია, რომ ეუთო-ოდირის დასკვნაში ამომრჩეველთა სიებთან მიმართებით საუბარია, რომ სიების შემუშავების პროცესი იყო სრულად ინკლუზიური. ჩართულ მხარეებს ჰქონდათ სიების გამოთხოვის შესაძლებლობა. არცერთ მხარეს გამოთხოვილ სიებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია ადმინისტრაციაში რაიმე წუხილი, შენიშვნა შემდგომი სიების განვითარებასთან მიმართებით.

ასევე აღნიშნულია ტექნოლოგიური საშუალებების გამართულად მუშაობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის მაღალი პროცენტი. ეუთო/ოდირი პირდაპირ წერს, რომ მიუხედავად საკანონმდებლო ვალდებულების არარსებობისა, საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატარა ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი, რომელმაც ფაქტობრივად, პასუხი გასცა ყველა მანიპულაციას ამ პროცესთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ამ საკითხთან მიმართებით არის შემდგომი რეკომენდაციები. მათ შორის იყოს აღმოფხვრილი და მოწესრიგებული სხვადასხვა მხარის მიერ გამოთქმული წუხილები. რა თქმა უნდა, ინსტიტუცია დაუბრუნდება, განიხილავს ამ საკითხებს და იმსჯელებს, როგორ გააუმჯობესოს ეს ნაწილი.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები, მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ეს არ ნიშნავს, რომ სრულად და ერთმნიშვნელოვნად ვიზიარებთ დოკუმენტში მოცემულ ინფორმაციას, მაგრამ მისი კომპლექსურად წაკითხვის შემთხვევაში, ეს იძლევა სწორი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. ამ დასკვნის შესახებ ჩვენს კითხვებს, წუხილებს გავუზიარებთ ეუთო/ოდირს, როდესაც გვექნება შემდგომი შეხვედრა. როგორც იცით, ესეც ერთ-ერთი ნაწილია ამ სადამკვირვებლო მისიის, მისი მეთოდოლოგიის. ისევ გვექნება განხილვები, რადგან ჩვენ სადამკვირვებლო მისიის წარმოების ყველა ეტაპზე გვქონდა მათთან შეხვედრა და ინფორმაციის მიმოცვლა. საუბარია ობიექტური და ვერიფიცირებული ინფორმაციის მიწოდებაზე. ამ შემთხვევაშიც გავუზიარებთ მათ ჩვენს ხედვას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. მათ შორის, თუ რამ გამოიწვია ისეთი შეფასებისა და ისეთი დასკვნის შესაძლებლობა. აქ საუბარია წმინდად ჯანსაღ, კონსტრუქციულ პროცესზე, რათა, როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის იყოს გამჭვირვალე ეს პროცესი და არ დარჩეს კითხვის ნიშნები შეფასებებთან მიმართებით“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

 EQAR-ის გადაწყვეტილება არ უკავშირდება გაცვლითი პროგრამების, გრანტების შეჩერებას ან დიპლომების აღიარებას, საქართველოში გაცემული დიპლომები კვლავ იქნება აღიარებული -ლაშა მარგიშვილი

EQAR-ის გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ აქვს დიპლომების აღიარების ან კვალიფიკაციების აღიარების საკითხთან, – ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მარგიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, როგორც 2019 წლამდე იყო საქართველოში გაცემული დიპლომები აღიარებული საერთაშორისო დონეზე, კვლავ იმგვარად იქნება აღიარებული ჩვენი დიპლომები.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის EQAR-ში რეგისტრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. მინდა, დავამშვიდო საზოგადოება, სტუდენტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას არანაირად არ უკავშირდება საქართველოში გაცემული დიპლომების კვალიფიკაციების აღიარების საკითხი. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების რეესტრის, იგივე EQAR-ის წევრ ორგანიზაციას 2019 წლიდან, ასევე 2019 წელს ცენტრი გახდა ევროპული ასოციაციის ENQA-ს წევრი. 2023 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გაიარა მორიგი შეფასება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. 11 სტანდარტთან მიმართებით ENQA-ს ექსპერტთა დასკვნის მიხედვით ცენტრი შეფასდა როგორც სრულად შესაბამისობაშია მოთხოვნებთან, ორ სტანდარტთან მიმართებით, ეს ეხება ცენტრის დამოუკიდებლობას, მეორე ეხება ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოების საქმიანობას, საერთაშორისო პარტნიორებმა შეგვაფასეს როგორც ნაწილობრივ შესაბამისი, თუმცა ამის შემდგომ უკვე ENQA-ს შეფასების კომიტეტმა და EQAR-მა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთ სტანდარტში დამოუკიდებლობის ნაწილში ცენტრი შეფასებულიყო, როგორც არ არის შესაბამისობაში მოთხოვნებთან. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ აქვს დიპლომების აღიარების ან კვალიფიკაციების აღიარების საკითხთან. როგორც 2019 წლამდე იყო საქართველოში გაცემული დიპლომები აღიარებული საერთაშორისო დონეზე, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ასევე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში, იმგვარად იქნება აღიარებული კვლავ ჩვენი დიპლომები“, – აღნიშნა ლაშა მარგიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე არ ეხება გაცვლითი პროგრამების გაუქმებას ან საერთაშორისო გრანტების შეჩერებას.

„გუშინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია სოციალური მედიის საშუალებით, რომ EQAR-ის გადაწყვეტილება, თურმე რაიმენაირად უკავშირდება საერთაშორისო ერთობლივი გაცვლითი პროგრამების გაუქმებას, ბოლონიის პროცესში საქართველოს წევრობის შეჩერებას, ასევე კერძო უნივერსიტეტების გაუქმებას, საერთაშორისო გრანტების შეჩერებას. ესეც არ არის სწორი ინფორმაცია. არანაირად და არცერთ ამ ჩამოთვლილ და რაც ასე ვთქვათ, განცხადებაში იყო მითითებული საკითხები, არცერთ ამ პუნქტს არ პასუხობს და არანაირად არ უკავშირდება ცენტრისთვის EQAR-ში რეგისტრაციის შეჩერება“, – განაცხადა ამის შესახებ ლაშა მარგიშვილმა განაცხადა.

ამასთან, ლაშა მარგიშვილის განცხადებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი EQAR-ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

„ჩვენ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მივიღეთ გადაწყვეტილება და ვგეგმავთ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას. ამისთვის ჩვენს ორგანიზაციას აქვს 20-დღიანი ვადა და შემდეგ უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები 60 დღის ვადაში განიხილავენ ჩვენს საჩივარს. დაველოდებით სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილებას და ვიმოქმედებთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად. თუკი სააპელაციო კომიტეტი არ გაითვალისწინებს ჩვენს არგუმენტებს, რომლებსაც ვაპირებთ, რომ წარვუდგინოთ მათ ამის შემდგომ უკვე მოვითხოვთ EQAR-სგან დამატებითი შეფასების განხორციელებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ გარკვეული რეკომენდაციები, რაც ჰქონდათ EQAR-ის წარმომადგენლებს ამ რეკომენდაციების დიდი ნაწილი უკვე ჩვენს მიერ არის გამოსწორებული. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა 2024 წლის ზაფხულის პერიოდში, თუმცა რჩება გარკვეული საკითხები, რომლებზეც ვაგრძელებთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში მუშაობას და აუცილებლად უზრუნველვყოფთ, რომ EQAR-ის რეგისტრაცია ცენტრს რაც შეიძლება მალე აღუდგეს.

რაც შეეხება ENQA-ს ასოციაციას, ასოციაციის წევრობა ცენტრს არ შეჩერებია, 21 დეკემბრის მდგომარეობით ჩვენ ვართ კვლავ ENQA-ს სრული წევრი ორგანიზაცია და მისი პროცედურების მიხედვით, თუკი მათი წევრი ორგანიზაცია, რომელიმე სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ისინი არ უწყვეტენ ამ ორგანიზაციას ასოციაციის წევრობას, მას აძლევენ დამატებით ორ წლიან ვადას, რომ გამოასწოროს რეკომენდაციები. შესაბამისად გააგრძელოს ასოციაციის წევრობა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ENQA-ში რეგისტრაციის შეჩერება საქართველოში გაცემული კვალიფიკაციების დიპლომების აღიარებას არანაირად არ უკავშირდება. ასევე ეს არ უკავშირდება სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს. იცით, რომ ჩვენი ორგანიზაცია 2018 წლიდან არის სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის წევრი ორგანიზაცია და შესაბამისად, ჩვენ მანამდე მოვიპოვეთ ამ ორგანიზაციის წევრობა, ვიდრე გავხდებოდით ENQA-ს და EQAR-ის წევრი ორგანიზაცია. აქედან გამომდინარე, არც სამედიცინო განათლების მიმართულებით არ შეიძლება, ვთქვათ, რომ რაიმე ტიპის პრობლემა, დაბრკოლება შეიძლება, შეექმნათ ჩვენს ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ მედიცინის პროგრამებზე“, – განაცხადა ლაშა მარგიშვილმა.

“ექსპერტები თვლიან, რომ ვლადიმერ პუტინის “წლიური” პრეს-კონფერენცია დონალდ ტრამპის მმართველობისადმი მომზადებას ნიშნავს”-Deutsche Welle

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანიამ „დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ექსპერტები თვლიან, რომ ვლადიმერ პუტინის „წლიური“ პრეს-კონფერენცია დონალდ ტრამპის მმართველობისადმი მომზადებას ნიშნავს“ (ავტორი – ნიკიტა ჟოლკვერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„გერმანელი რუსოლოგები – რუსეთის სპეციალისტები – შტეფან მაისტერი და ჰანს-ჰენინგ შრედერი განმარტავენ, თუ რატომ ილაპარაკა ჩვეულებრივზე მეტი ვლადიმერ პუტინმა 19 დეკემბერს მოსკოვში გამართულ „შემაჯამებელ“ პრეს-კონფერენციაზე, უკრაინასთან მიმდინარე ომის შესახებ.

„პირდაპირი ხაზი-2024“: პუტინის მრავალსიტყვაობა უკრაინაზე

„პუტინის უხვსიტყვაობა, როგორც ჩანს, დაკავშირებულია იმასთან, რომ რუსეთის ხელმძღვანელობაში ბატონობს აზრი – რადგანაც საქმე გამარჯვებისაკენ მიდის, შეიძლება პოზიტიური განცხადებები გაკეთდეს და შიგადაშიგ დანაკარგებიც ვახსენოთ“, – ამბობს „დოიჩე ველესთან“ საუბრისას პროფესორი ჰანს-ჰენინგ შრედერი. ეს ეხება კურსკის ოლქში შექმნილ მდგომარეობასაც, რომლის მცირე ნაწილის ოკუპირებას უკრაინის არმია აგვისტოდან დღესაც აგრძელებს: „კურსკის სიტუაციაზე ვლადიმერ პუტინმა ფართოდ იმიტომ ილაპარაკა, რომ მისი გათვლით, რუსეთის არმია დონბასს მალე მთლიანად დაიპყრობს და კურსკის ოლქსაც სწრაფად გაათავისუფლებს, მით უმეტეს, რომ იქაც უკრაინის ქვედანაყოფები თანდათან უკან იხევენ“.

შტეფან მაისტერის შეფასებით, „ვლადიმერ პუტინი საკვირველად კარგ ხასიათზე იყო, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ომის მდგომარეობაში იმყოფება და მძიმე ეკონომიკური პრობლემებს განიცდის. კრემლმა ახლახან სირიაც დაკარგა“. მართალია, დონბასის ფრონტზე და კურსკის ოლქში წარმატება ნამდვილად არის, რაზედაც რუსეთის ლიდერმა ბევრი ილაპარაკა, მაგრამ არ უთქვამს, რომ ეს წარმატებები მას ძვირად უჯდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის არმია წინ მიიწევს, მაგრამ მიიწევს დიდი დანაკარგებით. დღეისათვის რუსები უფრო მეტ ზარალს განიცდიან, ვიდრე წინა თვეებში. აშკარაა, რომ კრემლი არაფერს ერიდება რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად იმ მომენტისათვის, როცა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ინაუგურაციის შემდეგ, იურიდიულად მიიღებს თავის უფლებამოსილებას“, – ამბობს შტეფან მაისტერი.

რაც შეეხება რუსეთის არმიის ოპერაციას კურსკის ოლქში, ექსპერტის თქმით, მოსკოვი იქ შეტევებს „გადამწვარი მიწის“ პრინციპით ახორციელებს – საკუთარ ქალაქებსა და სოფლებს ანადგურებს“.

პრეზიდენტი რუს დაჭრილებზე და ინვალიდებზე „ზრუნავს“

ჰანს-ჰენინგ შრედერი აღნიშნავს, რომ 2024 წლის შემაჯამებენ პრეს-კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა უჩვეულოდ ბევრი ისაუბრა უკრაინასთან ომში დაჭრილ-დასახიჩრებულთა მდგომარეობაზე და მათ მკურნალობაზე. დღემდე რუსეთის ოფიციოზი და სამთავრობო პრესა ამ პრობლემაზე არაფერს არ წერდა. ექსპერტმა გაიხსენა, რომ პრეს-კონფერენციამდე რამდენიმე კვირით ადრე ვლადიმერ პუტინი ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრს ეწვია და დაჭრილი უფეხო ჯარისკაცები მოინახულა, მათთან სამახსოვრო ფოტოსურათიც კი გადაიღო. „პუტინს ომი რომ არ დაეწყო, ყველა ჯარისკაცს ხელ-ფეხი თავის ადგილზე ექნებოდა. სწორედ ვლადიმერ პუტინი არის პასუხისმგებელი დასახიჩრებულ ჯარისკაცთა მდგომარეობის გამო, მაგრამ ეს კრემლს არ ადარდებს“, – ამბობს ჰანს-ჰენინგ შრედერი.

ვლადიმერ პუტინი, – თვლის პროფესორი, – პრეს-კონფერენციაზე ცდილობდა, რომ ერთი მხრივ, დემონსტრირება მოეხდინა იმისა, თუ როგორ ზრუნავს რუსული სახელმწიფო და პირადად თვითონ საკუთარ ჯარისკაცებზე და მეორე მხრივ – ცდილობდა დაერწმუნებინა რუსული საზოგადოება იმაში, რომ ომი რიგითი მოქალაქეების მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს. თუმცა ინფლაციის დონე ისეთია, რომ რუსები უკვე გრძნობენ მის უარყოფით შედეგებს.

კრემლი დონალდ ტრამპის მოლოდინში

შტეფან მაისტერმა, კომენტარი გაუკეთა რა ვლადიმერ პუტინის განცხადებას – მისი მზადყოფნის თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებისა და კომპრომისებისათვის – აღნიშნა, რომ ამ მხრივ რაიმე ცვლილება რუსეთის პრეზიდენტის პოზიციებში არ მომხდარა. „უკრაინა, რუსეთის ლიდერის აზრით უნდა იყოს ნეიტრალური, არ უნდა გახდეს ნატოს წევრი, ანუ კიევს უსაფრთხოების გარანტიები არ უნდა ჰქონდეს და განიარაღდეს. კრემლის ბინადარი ამ თავის თვალსაზრისს მუდმივად იმეორებს და როგორც ჩანს, იგი თავის მაქსიმალისტურ პოზიციაზე დარჩება. მოსკოვის პირობები უკრაინისათვის მიუღებელია, რადგან ეს ნიშნავს სუვერენიტეტის და თავდაცვის უფლების წართმევას“, – აცხადებს ექსპერტი.

შეტეფან მაისტერის აზრით, ამავე ჩარჩოში ჯდება ვლადიმერ პუტინის განცხადებები ფრონტზე არსებული წარმატების შესახებ და მისი შეთავაზება გაიმართოს „დუელი“ რუსულ რაკეტა „ორეშნიკსა“ და დასავლურ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებს შორის, აგრეთვე მისი მსჯელობა ბირთვულ დოქტრინაზე. „ეს არის რუსეთის მომზადება დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებისათვის“, – ამბობს ექსპერტი.

„ვლადიმერ პუტინის მთელი პოლიტიკა დონალდ ტრამპის ირგვლივ ბრუნავს, რადგან მოსალოდნელია აშშ-ის მიდგომების შეცვლა უკრაინისა და რუსეთის მიმართ, – თვლის შტეფან მაისტერი, – დონალდ ტრამპის გეგმები შეიძლება რუსეთისათვის სასარგებლო აღმოჩნდეს, თუ თეთრი სახლი უკრაინაზე ზეწოლას მოახდენს და მას მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლას აიძულებს. მაგრამ შეიძლება პირიქით მოხდეს: თუ დონალდ ტრამპი მიხვდება, რომ ვლადიმერ პუტინთან დადებული გარიგება ცუდია, მას შეუძლია სიტუაციის ისეთი ესკალაცია მოახდინოს, რის გაკეთებაც ჯო ბაიდენსაც კი არ შეეძლო. ამიტომაც ამჟამად ვლადიმერ პუტინი მაქსიმალურ მოთხოვნებს აყენებს და ცდილობს რაც შეიძლება  მეტი ტერიტორია დაიპყროს, მოლაპარაკების წინ თავისი პოზიციების განსამტკიცებლად. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ კრემლის მეთაურის ყველა განცხადება“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

დედაქალაქში “საახალწლო სოფელი” გაიხსნა

თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დღეიდან შესაძლებლობა აქვთ, ესტუმრონ „საახალწლო სოფელს“, სადაც მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები დახვდებათ. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარედ არსებულ „საახალწლო სოფელში“ მოწყობილია: ⁠სამეწარმეო და ⁠გასტრონომიული მარკეტები, გამოფენა-გაყიდვა „თბილისის საშობაო ბაზარი“, საბავშვო თემატური სივრცეები, ⁠⁠სანტას სახლი და სახელოსნო, ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, თემატური დეკორაციები და ინსტალაციები.

რაც შეეხება ორბელიანის მოედანს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე „საახალწლო სოფელში“ მისულ სტუმრებს დახვდებათ: ⁠გასტრონომიული მარკეტი, „თბილისის საშობაო ბაზარი“, საახალწლო მატარებელი, თემატური დეკორაციები და ინსტალაციები, ⁠⁠ტკბილეულის ფესტივალი.

„საახალწლო სოფელში“ ყოველდღიურად გაიმართება: ⁠ზღაპრის გმირების მსვლელობა, საბავშვო კონცერტები, საღამოს კონცერტები, ⁠⁠ღია კინოთეატრი, ⁠⁠თეატრალიზებული წარმოდგენა/პერფორმანსები და ⁠⁠საბავშვო-გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

 არც “რუსული” კანონები, “რუსული” არჩევნები აღარ კმარა, ახლა უნდათ, ქვეყანა აცდენილ რეალობაში გადაიყვანონ, ამის ერთი მაგალითია ეუთო/ოდირის უმკაცრესი დასკვნის გამარჯვებად გასაღება-სალომე ზურაბიშვილი

არც „რუსული“ კანონები, თუ „რუსული“ არჩევნები აღარ კმარა, ახლა უნდათ, ქვეყანა ამ აცდენილ რეალობაში გადაიყვნანონ, ეუთო/ოდირის უმკაცრეს დასკვნის გამარჯვებად გასაღება ამის მხოლოდ ერთი მაგალითია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს „ღირსების“ ორდენით დაჯილდოებას უპირებ.

„სახელმწიფოსგან მუდმივი ტყუილი შიდა პოლიტიკაზე, სოციალურ მდგომარეობაზე და გარე სამყაროზე იყო საბჭოთა კავშირის მართვის მთავარი ხერხი. დასახვრეტ ადამიანებსაც ამიტომ აიძულებდნენ ამ ტყუილში მონაწილეობას და საკუთარ მოგონილ დანაშაულის აღიარებას.

უკვე არც „რუსული“ კანონები, თუ „რუსული“ არჩევნები აღარ კმარა, ახლა უნდათ, ქვეყანა ამ აცდენილ რეალობაში გადაიყვნანონ​. ტოტალური ტყუილი სუფევს სადაც პარტნიორების განცხადებები საზოგადოებას გაყალბებულად წარუდგენენ, როცა უცხოელ პარტნიორებს უტიფრად ატყუებენ. ეუთო/ოდირის უმკაცრესი დასკვნის გამარჯვებად გასაღება, ამის მხოლოდ ერთი მაგალითია.

ამ ტყუილ-მართლის ტოტალური ინვერსიის და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს „ღირსების“ ორდენით დაჯილდოებას უპირებ“, – წერს ზურაბიშვილი.