Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ქვეყნის მასშტაბით საგზაო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი და ამ კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ხარჯეფექტიანობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხით განხორციელების აუცილებლობას, რასაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯეფექტიანობისა და ხარისხის გაუმჯობესება. გამოწვევები არის ორივე მიმართულებით და ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ პრაქტიკა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ასევე, ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ მაქსიმალურად სამართლიანი კონკურენციის პირობები ყველა კომპანიისთვის და აქაც კონკრეტულ დეტალებზე გვქონდა საუბარი. მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები. შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია. ეს ყველაფერი დაგვეხმარება პრაქტიკის გაუმჯობესებაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს ბიზნესასოციაციას და ყველა კომპანიის წარმომადგენელს შეხვედრაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პრემიერ-მინისტრმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა კერძო სექტორის მოსაზრებები და წინადადებები მოისმინეს და მათთან დიალოგის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრას სამშენებლო კომპანიების 150-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

 ,, ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯეფექტიანობისა და პროექტების ხარისხის გაუმჯობესება  გამოწვევები არის ორივე მიმართულებით”- ირაკლი კობახიძე 

შევხვდით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულები არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით. ჩვენ გვქონდა საუბარი ზოგად პრინციპებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯეფექტიანობისა და პროექტების ხარისხის გაუმჯობესება. გამოწვევები არის ორივე მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის ამოცანაა, ასევე, შეიქმნას მაქსიმალურად სამართლიანი კონკურენციის პირობები ყველა კომპანიისთვის.

„ინფრასტრუქტურის მინისტრთან ბატონ რევაზ სოხაძესთან ერთად შევხვდით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულები არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით. ჩვენ გვქონდა საუბარი ზოგად პრინციპებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯეფექტიანობისა და პროექტების ხარისხის გაუმჯობესება. გამოწვევები არის ორივე მიმართულებით და ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ პრაქტიკა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ასევე, ჩვენი ამოცანაა, რომ შევქმნათ მაქსიმალურად სამართლიანი კონკურენციის პირობები ყველა კომპანიისთვის და აქაც კონკრეტულ დეტალებზე გვქონდა საუბარი. მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები. შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია. ეს ყველაფერი დაგვეხმარება პრაქტიკის გაუმჯობესებაში. მადლობას გადავუხდი საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და ყველა კომპანიის წარმომადგენელს, ამ შეხვედრაში მონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

,,ნუ მიაქცევთ ყურადღებას ეთერებში მსხდომ, დროის გასაყვანად მისულ, გამოგონილ ოპოზიციონერებს და ნურც გაბღენძილ „ლიდერებზე“ იდარდებთ, სამი სართულით ზემოდან რომ გვიყურებენ და მუდმივად სურთ პოლიტიკაში „იტივტივონ”-ლევან ხაბეიშვილი

ნუ მიაქცევთ ყურადღებას ეთერებში მსხდომ, დროის გასაყვანად მისულ, გამოგონილ ოპოზიციონერებს და ნურც გაბღენძილ „ლიდერებზე“ იდარდებთ, სამი სართულით ზემოდან რომ გვიყურებენ და მუდმივად სურთ პოლიტიკაში „იტივტივონ“, –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის პოსტშია ნათქვამი, რომელიც მის  ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

მისი თქმით, ხალხმა უნდა უსმინოს საკუთარ გულისცემას და იმ ადამიანებს, ვინც გამარჯვებას ასხივებს, 4 ოქრომბრის გარშემოა გაერთიანებული და ბოლომდე აპირებს იბრძოლოს.

„შიში, მარცხი, ჩამოშლა, კაპიტულაცია დააპატიმრა ივანიშვილმა და მდინარაძემ. ჩემი კი არ ეშინიათ, რეალურად თქვენი, ხალხის პანიკური შიში აქვს. ივანიშვილმა მე დამაპატიმრა, მძევლად ამიყვანა ერთი მიზეზით: დავიჭირე დიდი, უშველებელი სარკე და ყველა ქალაქში, სოფელში, ეზოში, ეთერში, სოციალურ ქსელში, ხალხს ვაჩვენებდი, რომ დაინახეთ თქვენი გამარჯვებული სახეები, დაინახეთ, რომ ათასჯერ მეტნი ხართ. ჩაიხედეთ სარკეში და ნახეთ, რომ მარტო არ ხართ, შენ ხარ საქართველო. აი, ამ დიდ სარკეს გამოეკიდნენ შლეგებივით, ამ სარკის დამტვრევას ცდილობს ბიძინა. მისი ამოცანაა, რომ სულ ჩვენი დამარცხებული, მოღუშული პირსახე გვახსოვდეს. მას ეშინია, რომ თუ ხალხი იცქირება სარკეში, დაინახავს, რომ უპირობოდ გამარჯვებულია და ხალხს წინ ვერაფერი დაუდგება. ამ დროისთვის ენა „ამომაგლიჯეს“. სარკე ჩამომართვეს და დილეგში გამამწესეს. ბოროტ, კაცთმოძულე ივანიშვილ-მდინარაძეს, ვერ გაუაზრებიათ, რომ ეს სარკე უკვე ძალიან ბევრ ადამიანს დააქვს და ვერც ის გაიგეს, რომ ამასობაში, სარკე საქართველოს დროშად გადაიქცა და ის ყველა ქართველის გულშია. დიახ, ყველა ქართველს გულით დააქვს დროშა და 4 ოქტომბერს უპირობოდ დაიცავენ იმას, რაც ყველაზე მეტად უყვართ – სამშობლოს.

4 ოქტომბერი უკვე არის სახალხო, ეროვნული გამარჯვების დღე, რომელიც ხალხის გასაფორმებელია. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ეთერებში მსხდომ, დროის გასაყვანად მისულ, გამოგონილ ოპოზიციონერებს და ნურც გაბღენძილ „ლიდერებზე“ იდარდებთ, სამი სართულით ზემოდან რომ გვიყურებენ და მუდმივად სურთ პოლიტიკაში „იტივტივონ“. უსმინეთ საკუთარ გულისცემას და იმ ადამიანებს, ვინც გამარჯვებას ასხივებს, 4 ოქრომბრის გარშემოა გაერთიანებული, ბოლომდე აპირებს იბრძოლოს. ხომ დადასტურდა, რომ საზოგადოება ერთიანია საქართველოს გადარჩენის ბრძოლის სტრატეგიაში. ჰოდა, მათთან ერთად ვმობილიზდეთ, ერთმანეთს გადავხედოთ და მტკიცედ მოვემზადოთ.

ივანიშვილი რეალურად დაგვეხმარა ამ დაკავების აქტით. მან დაგვარწმუნა, რომ ის უკვე დამარცხებულია. მდინარაძემ ირწმუნა, რომ მარცხდებიან და ამიტომ ამიყვანეს მძევლად. ამაზე უკეთ როგორ გვანიშნონ, რომ გამარჯვება მონდომებაზე და ერთი ხელის გაწვდენაზეა. ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემურ წიქვაძე განცხადებას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემურ წიქვაძე გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ზოგიერთი უცხოური მედიის წარმომადგენლის მიერ გამოთქმულ ინტერესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც თემურ წიქვაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, მას დაუკავშირდა The Guardian-ის ჟურნალისტი და ე.წ ფრილანსერი ჟურნალისტი, რომელიც სტატიას ამზადებდა The New York Times-სთვის.

თემურ წიქვაძის განმარტებით, ორივე ჟურნალისტის შემთხვევაში იკვეთება, რომ არიან დაქირავებული ბაჩიაშვილის/მისი ოჯახის მიერ, მოქმედებენ მერკანტილური ინტერესით და ცდილობენ მცდარი წარმოდგენების დაამკვიდრებასა და ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას.

„მსურს, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების გიორგი ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ზოგიერთი უცხოური მედიის წარმომადგენლის მიერ გამოთქმულ ინტერესთან დაკავშირებით.

აღნიშნულ საკითხზე, როგორც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელს, დამიკავშირდნენ The Guardian-ის ჟურნალისტი Daniel Boffey და Philip Shishkin (ე.წ ფრილანსერი ჟურნალისტი), რომელიც, მისივე განმარტებით, სტატიას ამზადებდა The New York Times-სთვის.

სამწუხაროდ, ორივე აღნიშნული პირის შემთხვევაში, აშკარად იკვეთება, რომ არიან დაქირავებულები ბაჩიაშვილის/მისი ოჯახის მიერ, მოქმედებენ მერკანტილური ინტერესით და ამავდროულად, პირდაპირ ცდილობენ, მცდარი წარმოდგენები დაამკვიდრონ მათ მკითხველთა წრეებში სადავო საკითხთან დაკავშირებით, მოახდინონ ჩემი მარწმუნებლის, დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია.

აღნიშნული კი, კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს, რომ გარდა თავიანთი მერკანტილური ინტერესების გატარებისა, მითითებული ჟურნალისტები, თუ მედიასაშუალებები ასრულებენ/ატარებენ დამატებით სხვა დავალებებსა და ინტერესებს, რასაც უფრო ხანგრძლივი ისტორია და ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე ბაჩიაშვილის დანაშაულებრივი საქმიანობა.

ზემოაღნიშნულის პირდაპირი დასტურია ბატონი Daniel Boffey-ის ბოლო კომუნიკაციის მცდელობა ჩემთან. კერძოდ, 2025 წლის 12 სექტემბერს, სამუშაო დღის ბოლოს ელექტრონულ ფოსტაზე მივიღე Daniel Boffey-ის წერილი (წერილი ელ. ფოსტაზე გამოიგზავნა 17 საათზე, ხოლო მე პირადად გავეცანი მას მოგვიანებით), რომელშიც იყო მოცემული რამოდენიმე აბსტრაქტული შინაარსის, უსაფუძვლო ბრალდება (მაგალითად – ბატონი ბაჩიაშვილი ბატონი ივანიშვილის პირადი პატიმარია, ბატონ ივანიშვილს აკლია თანაგრძნობა და შესაძლოა, ბოროტი იყოს და მსგავსი აბსურდული მოსაზრებები), რომელიც გაჟღერდა ბაჩიაშვილის დედის მიერ.

ამასთან, ბატონმა Boffey-იმ ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთების სურვილის არსებობის შემთხვევაში, კატეგორიული ფორმით მოითხოვა აღნიშნულის განხორციელება იმავე დღის საღამოს ექვს საათამდე ბრიტანული დროით. ამავდროულად, ამ უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი ბრალდებების პრესაში გაჟღერების აუცილებლობა დაასაბუთა იმით, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, დააწესოს სანქციები ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, თითქოს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის, ადამიანის უფლებების დარღვევის ხელშეწყობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის გამო.

ბრიტანელი ჟურნალისტის ე.წ. კითხვები ჩამოყალიბებულია „დედის ბრალდებების“ სახით, მოკლებულია ყოველგვარ კონკრეტიკასა და საფუძველს. აშკარაა, რომ მიზანი ჟურნალისტისა არის არა საქმის შესახებ რეალური ვითარების გარკვევა (მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებისათვის საჯაროდ არაერთხელ მოვახდინეთ საქმის ირგვლივ არსებითი განმარტებები და არც ერთხელ აღნიშნულზე არ უპასუხიათ არც ბაჩიაშვილს და არც მის ადვოკატებს), არამედ უარყოფითი შინაარსით ფორმულირებული ინფორმაციის გავრცელება მედიასივრცეში.

ამასვე ადასტურებს წერილის გამოგზავნის დრო და მასზე რეაგირებისათვის განსაზღვრული პერიოდი. როგორც აღვნიშნე, წერილი გამოიგზავნა პარასკევს (2025 წლის 12 სექტემბერი) სამუშაო დღის დასასრულს და მასში კატეგორიული ფორმით განსაზღვრული იყო მხოლოდ 3 საათი რეაგირებისათვის. ცხადია, რომ ჟურნალისტმა ამით ფორმალურად შეასრულა მისი ეთიკური ვალდებულება „მეორე მხარის“ ინფორმირებისა. თუმცა, რეალურად, არც კი მისცა დაზარალებულ მხარეს რეაგირებისთვის დრო (როგორც იკვეთება, არც აინტერესებდა პასუხები) და დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა შეკვეთილი სტატია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი პირველი კომუნიკაციის შემდგომ ბატონ Daniel Boffey-ისთან, რა დროსაც მან ასევე უაპელაციოდ განმისაზღვრა პასუხებისთვის დროის ჩარჩო, შემდგომ გადააცილა სტატიის გამოქვეყნების ჩემთან გაჟღერებულ ყველანაირ ვადას და ამავდროულად, ჩემი პასუხები ასახა მაქსიმალურად ზოგადი, „უღიმღამო“ ფორმითა და შინაარსით (ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ ასახა), ნათლად ავუხსენი მას, რომ მისი არაკეთილსინდისიერი ქმედებები მიუღებელი იყო ჩემთვის და ვწყვეტდი მასთან კომუნიკაციას. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ცალსახად გამოიკვეთა, რომ მისი სურვილი იყო არა ჩემი დასაბუთებული პასუხების მიღება და მისი მკითხველისთვის გაცნობა, არამედ დაზარალებული მხარის პოზიციების გაგება და გამოსაქვეყნებელი სტატიების დამკვეთებისათვის მისაღები ფორმით მომზადება, რასაც მხოლოდ ერთი მიზანი გააჩნდა – მაქსიმალურად უარყოფით კონტექსტში წარმოეჩინათ ბატონი ბიძინა ივანიშვილი.

აქვე მოკლედ შევეხები Daniel Boffey-ის მიერ მის ბოლო ელექტრონულ წერილში ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით მტკიცებით ფორმაში ასახულ მსჯელობას, თითქოს იგი დაასანქცირეს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის, ადამიანის უფლებების დარღვევის ხელშეწყობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის გამო. აღნიშნული ცრუ მსჯელობა ასახულ იქნა კიდეც მის მიერ სტატიაში.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ მართლაც ჰქონდა ადგილი დაუსაბუთებელი სანქციის გამოყენებას ამერიკის შეერთებული შტატების წარმავალი ადმინისტრაციის მხრიდან. თუმცა, ეს დაუსაბუთებელი სანქცია შემოიფარგლა მხოლოდ ,,რუსეთთან საეჭვო კავშირებზე“ მითითებით (ვიმეორებ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი კონკრეტიკისა და ფაქტებზე მითითების გარეშე), მაშინ როცა ბატონი Daniel Boffey-ი, ზოგიერთი არასამთავრო ორგანიზაციის სტილში, გვთავაზობს ,,ბრალდებების“ მთელ სერიას, რაც თურმე ეხება დემოკრატიის უკუსვლას და ადამიანის უფლებების დარღვევას. ვფიქრობთ, აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს მის არაკეთილსინდისიერებაზე და კონკრეტული დაკვეთის შესრულებაზე.

რაც შეეხება ბატონ Philip Shishkin-ს, მის ყველა ძირითად შეკითხვას 18 აგვისტოს ვუპასუხე (დამატებით შეკითხვას ვუპასუხე 21 აგვისტოს), ვინაიდან Daniel Boffey-ის მსგავსად მანაც შემზღუდა დროში იმ მოტივით, რომ სტატია მაქსიმუმ აგვისტოს ბოლოს უნდა გამოქვეყნებულიყო.

დღეს კი, როდესაც მიილია სექტემბრის თვის ნახევარი, სტატია კვლავაც არ არის გამოქვეყნებული და ჩემ მიერ გაცემული პასუხები ასახული. შესაბამისად, გვაქვს იგივე მოცემულობა, რაც პირველ შემთხვევასთან დაკავშირებით იქნა აღწერილი ჩემ მიერ – სამწუხაროდ, მართული მედიის მიერ დამკვეთების დავალებების შესრულება და ობიექტურად არსებული სურათის სრული უგულებელყოფა“, – აცხადებს თემურ წიქვაძე.

რა ეღირება დოლარი და ევრო 16 სექტემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7051 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7051ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7002 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1798 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1679 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0119 ლარი შეადგინა.

ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა

4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 13 სექტემბერს 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა, რომელშიც საარჩევნო უბნების 1 500-მდე წევრმა და ტექნიკურმა პერსონალმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, იმიტირებული კენჭისყრის ჩატარება წარმოადგენს თანამედროვე საარჩევნო ადმინისტრირების პრაქტიკაში ერთ-ერთ არსებით კომპონენტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც პროცესების ეფექტიანობას, ისე არჩევნების დღისთვის სრული მზაობის მიღწევას.

იმიტირებულ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას სიღნაღში პირადად გაეცნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი. როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, იმიტირებული კენჭისყრის გამართვის მიზანი არა მხოლოდ არჩევნებისადმი მზადყოფნის, არამედ საარჩევნო უბნებზე ტექნოლოგიური საშუალებების  და ლოგისტიკური საკითხების რეალურ გარემოში პრაქტიკული შემოწმებაცაა. მისივე თქმით, ასეთი იმიტირებული კენჭისყრა ქმნის შესაძლებლობას, რომ კომისიის წევრებმა პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა, დაიხვეწოს მათი მოქმედების კოორდინაცია და გაუმჯობესდეს პროცესის მართვის უნარები.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ ქვეყნის მასშტაბით 207 ლოკაციაზე ჩაატარა იმიტირებული კენჭისყრა, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრატორები და ტექნიკური პერსონალი მონაწილეობდნენ. იმიტირებული კენჭისყრის  მიზანია, არჩევნებამდე კიდევ ერთხელ ვნახოთ ტექნოლოგიური საშუალებების მზაობა, ლოგისტიკისა და ადმინისტრირების სხვა ასპექტები, მათ შორის ჩვენი სწავლების შედეგები, როგორ იყენებენ საარჩევნო კომისიის წევრები მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად არის მზად ოთხი ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

იმიტირებული კენჭისყრის მიმდინარეობას გიორგი კალანდარიშვილთან ერთად გაეცნენ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და სპიკერი ნათია იოსელიანი. შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის გახსნილია 3 051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა – ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

11-13 სექტემბერს, ბათუმში გამართულ საერთაშორისო რეკლამის ფესტივალზე – „Ad Black Sea 2025“, PSP-ს კამპანიებმა ჯამში 18 ჯილდო – გრან პრი, 8 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვა. თავად PSP კი საუკეთესო ლოკალურ კლიენტად დასახელდა. ფესტივალზე PSP-ს ორი სარეკლამო კამპანია – „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ და „მე ვარ გოგო“ იყო წარდგენილი.

კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ ფესტივალის გრან პრისთან ერთად, 8 ოქროს, 3 ვერცხლის და  1 ბრინჯაოს პრიზით დაჯილდოვდა ხოლო, „მე ვარ გოგომ“, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს პრიზი მიიღო.

ორივე კამპანია სააგენტო Playmakers-თან თანამშრომლობით შეიქმნა. „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ განსაკუთრებულია ისტორიით – ვიდეოს კადრირება და გახმოვანება, რეჟისორის და მსახიობის პატიმრობაში ყოფნის დროს არის შესრულებული. რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილია, ხოლო მთხრობელი – მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე. კლიპში ქართული კინოს და თეატრის არაერთი ვარსკვლავი მონაწილეობს: მეგი კობალაძე, ნინო კასრაძე, კახა კინწურაშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გივიკო ბარათაშვილი, გიგა დათიაშვილი, ქეთა შათირიშვილი, პაატა ინაური, კატო კალატოზიშვილი.

“მე ვარ გოგო” კი ქალთა დღისადმი მიძღვნილი ვიდეოა, რომელიც გენდერული ნიშნით სელექციურ აბორტს ეხმაურება და მაყურებელს თვალისმომჭრელი კადრების შემდეგ, მტკივნეულ რეალობასთან ტოვებს. აღნიშნულ ვიდეოს  უკვე მიღებული აქვს არაერთი ჯილდო – ვერცხლი და ბრინჯაო „კიევის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალზე”; ასევე, ბრინჯაო „Baku Flames კრეატიულობის საერთაშორისო ფესტივალზე“.

„Ad Black Sea“ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეკლამის ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად შემოქმედებით ინდუსტრიას – საერთაშორისო სააგენტოებს და ბრენდებს აერთიანებს.

(R)

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

13 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი წარმოადგენს სამწლიანი პროექტის საბოლოო ეტაპს, რომელიც ასევე მოიცავდა არქიტექტორისადმი მიძღვნილ გამოფენებს თბილისში და ქუთაისში, 2022–2023 წლებში.

პრეზენტაციაზე  წიგნის შესახებ ისაუბრეს: დიმიტრი ერისთავმა, ლევან კალანდარიშვილმა და მანანა არაბულმა.

ლადო ალექსი-მესხიშვილი ის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორია, ვისმა შემოქმედებამაც საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ის ეკუთვნის ერთ-ერთ პირველ თაობას, რომელმაც არქიტექტურული განათლება საქართველოში მიიღო. მისი სწავლისა თუ შემოქმედების პერიოდში, არქიტექტურაში ორი ძირეული ცვლილება მოხდა – სოციალისტური რეალიზმის დანერგვა (1930-იანი წლები), რომელიც ხელს უწყობდა ეროვნული ნიშნების კონსტრუირებას და ხშირად პირდაპირ უბიძგებდა დეკორატიულობისკენ და შემდეგ, სსრკ-ის დადგენილება „დაპროექტებასა და მშენებლობაში ზედმეტობების აღმოფხვრის შესახებ“ (1955 წ.), რომელმაც ფართო ასპარეზი მისცა ინდუსტრიული მეთოდით სწრაფ და ეკონომიურ მშენებლობას, ხოლო გამომსახველობის მხრივ, საფუძველი ჩაუყარა სიმარტივეს და მკაცრ ფორმებს, შესაბამისად, აკრძალა ყველა ის დეკორატიული ელემენტი, რითიც წინა პერიოდის არქიტექტურა გამოირჩეოდა.

წიგნის სამუშაო ჯგუფი:

რედაქტორი: დიმიტრი ერისთავი

ტექსტი: ლევან კალანდარიშვილი, დიმიტრი ერისთავი, ქეთევან ჯანანაშვილი

ვიზუალური კონცეფცია და დიზაინი: მანანა არაბული

პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ წიქარიძე

დაიბეჭდა IMAK PRESS, ISTANBUL / 2024

წიგნი გამოიცა თიბისის მხარდაჭერით. 2022 წლის საგამოფენო პროექტის ლადო ალექსი-მესხიშვილი – არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე ფარგლებში. კურატორები დიმიტრი ერისთავი და ლადო შონია, ნინი ფალავანდიშვილთან თანამშრომლობით. თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე,

კოტე მარჯანიშვილის ქუჩა N7. თბილისი, საქართველო.

წიგნის გამოცემის პარტნიორია : კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი

(R)

 ოპოზიციის ერთადერთი სურვილია, როგორმე სახელმწიფო გადატრიალება მოახდინონ – არ გამოვა ეს -კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ერთადერთი სურვილი ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაა, რაც მათ არ გამოუვათ.

როგორც კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ოპოზიცია გარედან მართული დაჯგუფებაა, რომლის შექმნაში წლების განმავლობაში ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა.

„ეს არის მოძალადე დაჯგუფება, რომლის შექმნასა და ჩამოყალიბებაში წლების განმავლობაში ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა. ისინი არიან უსამშობლო ადამიანები, რომელთაც არანაირი წმინდა არ გააჩნიათ – არც სიყვარული, არც პატივისცემა. მათ შესაქმნელად გარედან ჩართული ძალები მუშაობდნენ, იხარჯებოდა ძალიან დიდი თანხები, რომლებიც ე.წ. არასამთვრობო ორგანიზაციების გავლით შემოდიოდა. რა თქმა უნდა, ამ თანხების ძალიან დიდი ნაწილი ხმარდებოდა მსგავსი ტიპის ადამიანების შექმნას, პოლარიზაციის გაღრმავებას, დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, რევოლუციების მოწყობას და ა.შ. ქვეყანაში არანაირი რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება, მიუხედავად მათი მცდელობებისა. ვიცით, რომ ეს ადამიანები ჩვეულებრივად წარმოადგენენ აგენტურას, იმართებიან გარედან და მათი ერთადერთი სურვილია, როგორმე სახელმწიფო გადატრიალება მოახდინონ. არ გამოვა ეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კონკრეტული უნივერსიტეტების მხრიდან საპროტესტო აქციების დაფინანსებასთან დაკავშირებულ შეკითხვას, თბილისის მერი აცხადებს, რომ ყველაფერს კანონის ფარგლებში შესაბამისი პასუხი გაეცემა.

„ე.წ. ენჯეოსექტორის თანხების სქემა, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდა, გაშიფრული იყო. ყველაფერი ცხადი და ნათელი გახდა საზოგადოებისთვის, როგორ ხდებოდა ამ ყველაფრის დაფინანსება და ინიღბებოდა, ვითომ რაღაც კეთილ საქმეს აკეთებდნენ. რეალურად, თანხები ხმარდებოდა რევოლუციების მოწყობას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს და იმ ტიპის ადამიანების შექმნას, 30 აკაცუკი რომ გვყავს დღეს. დედაქალაქში ვნახეთ რევოლუციის მოწყობის არაერთი მცდელობა. დღეს უკვე შემოიტანეს სიახლე და უნივერსიტეტების გავლით უნდათ თანხების შემოტანა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერს მიეხედება და გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ყველა ოლქში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, რადგან მმართველი გუნდი ქართველი ხალხის ინტერესს ატარებს.

„4 ოქტომბერს გაიმარჯვებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ძალიან დიდი ანგარიშით, ყველა ოლქში, როგორც მუნიციპალურ, ისე მერების მიმართულებით, რადგან „ქართული ოცნება“ არის ეროვნული, პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც იცავს ქვეყნის და ატარებს ქართველი ხალხის ინტერესს. შესაბამისად, ხალხი ძალიან კარგად აკეთებს ანალიზს იმასთან დაკავშირებით, ვინ რას წარმოადგენს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ადვოკატი ჯუანშერ ბურჭულაძე მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება – ჯუანშერ ბურჭულაძე

ადვოკატ მარიამ შათირიშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა იქნა გამოყენებული, სააპელაციო სასამართლოში დღეს გასაჩივრდება.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, სააპელაციო საჩივარი მზადდება, რომელიც მეორე ინსტანციაში დღეს, 18:00 საათამდე შევა. რაც შეეხება ბრალდებულ ყოფილ მინისტრს, ადვოკატის თქმით, ის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

„მიგვაჩნია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გამოყენება იყო სრულიად დაუსაბუთებელი, არ ეყრდნობოდა არანაირ ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება სრულად უზრუნველყოფს იმ რისკებს, რაც გამოძიებას მიაჩნია, რომ არსებობს.

ჯუანშერ ბურჭულაძე მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. პოზიცია უცვლელია ამ დროისთვის. ჩვენ ვსწავლობთ საქმის მასალებს, რაც ამ დროისთვის გადმოგვეცა გამოძიების მიერ და შესაბამისად, საქმის შესწავლის შემდგომ კიდევ უფრო დეტალურად ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი სიმართლე ყველანაირი მტკიცებულებით იქნება გამყარებული.

ამ ეტაპზე არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ შესაძლოა რაიმე დამატებითი ბრალი იქნას წარდგენილი, რადგან რაც წარდგენილია ისიც კი არ ეყრდნობა არანაირ პირდაპირ მტკიცებულებას.“-განაცხადა მარიამ შათირიშვილმა

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე

გაივლის წლები და ზღვის დონიდან 3014 მეტრზე მყოფი ნიკოლოზ ალავიძე იმ შორეულ დღეს გაიხსენებს, როდესაც 15 წლის შვილი პირველად წაიყვანა ჭაუხებზე. უსმინა მოზარდმა, მამისა და მისი მეგობრების რიტორიკულ ( მაგრამ სამართლიან) წუწუნს  ულამაზეს ბუნებაში გამეფებულ  ანტისანიტარიაზე და იქვე დაარცხვინა: სადღეგრძელოების ნაცვლად, იქნებ თავად შეცვალოთ რამეო?!

ცივი წყლის ეფექტი საქმეში გარდაიქმნა. „მამებმა“  მეტეოსადგურის ტერიტორია   ათობით წლის განმავლობაში დაგროვებული ნაგვისგან გაათავისუფლეს, ბიოტუალეტები ჩადგეს, შემდეგ კი  ბევრისთვის არარეალისტური იდეა განახორციელეს. ასე გაჩნდა  ალპური ქოხი „ალტიჰატი“. 2025 წელს ნიკოლოზ ალავიძე თიბისი ბიზნესდაჯილდოების აპლიკაციაში სწორედ გაბრიელ  გარსია მარკესის შედევრის ციტირებას მოახდენს და რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის„ალტიჰატს“  მეორე ადგილიც ერგება.

თუმცა, მოდი ქრონოლოგიურად და “მარტოობის ასი წელიწადისგან” ნაკლებად ბუნდოვანებით მივყვეთ მოვლენებს.

“ალტიჰატი” სამთო  თავშესაფარი და ალპური სასტუმროა, რომელიც ზღვის დონიდან 3 014 მეტრზე მდებარეობს. 1940-იანი წლებში აშენებული მეტეოსადგურის შემდეგ, რომელსაც ლავრენტი ბერია ზედამხედველობდა, ალტიჰატი მეორე პროექტია კავკასიონის ქედზე. ( თან ისე, რომ მშენებლობისას და არც მის შემდეგ გულაგის გზაზე არავინ გაუმწესებიათ). მასალები შვეიცარიაში საუკეთესო პროფესიონალებმა დაამზადეს, ადგილზე კი ვერტმფრენმა აიტანა.

ალპურ ზონაში არ იყო დაცული უსაფრთხოების არც ერთი ნორმა. “ექსცენტრულმა დედამიწელებმა” ( ასე უწოდებენ საკუთარ თავს)  დაამონტაჟეს მდინარე ჩხერზე გადასასვლელი ხიდი და ვერტმფრენის დასაჯდომი ბაქანი, რაც უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა სამაშველო ოპერაციებისთვის. ანტენები საკუთარი ხარჯით დაამონტაჟეს და ფიჭური სიგნალით მთელი ალპური ტერიტორია დაფარეს. 

გასაკვირიც არაა, რომ ბიზნესგეგმით კომპანია მოგებას 80.. კი, 80 წლის შემდეგ მოიტანს.

“პირველივე დღიდან გვჯეროდა, რომ ალტიჰატი გავლენაზე ორიენტირებული უნდა ყოფილიყო და ისეთი პრობლემები მოეგვარებინა, რომელიც ქვეყნის განვითარებას უშლიდა ხელს.  ამიტომ დივიდენდების მიღებას, პორშეთი სეირმობას ან საშაურმის გახსნას, ამ გზით წასვლა ვარჩიეთ. თავიდან, შეგვძრა ნაგვის იმ რაოდენობამ რაც აქ დაგვხვდა. ტონობით ნარჩენი ათეულობით წლები გროვდებოდა და ბუნებრივია, ეს ნაგავი თავისით არ  აღმოცენებულა.  ეტაპობრივად მივყევით. დავამონტაჟეთ ბიოტუალეტებიც.  სასტუმრო სრულად ენერგოეფექტურია და მზის აკუმულატორებითაა აღჭურვილი”- გვიყვება ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკოლოზ ალავიძე და იქვე ილიას  ციტატას იშველიებს. “მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი”.

ლიტერატურა 3014 სიმაღლეზეც ძალიან უყვართ, ამიტომ ალტიჰატში  სამკითხველო ბიბლიოთეკაც მოაწყვეს. თუ  კავკასიონის ხედებით მოხიბლულს შტაბეჭდილების გაზიარება  მოგინდებათ და წერა აგიტანთ, აქვეა ევროპის ყველაზე მაღალ წერტილში მოქმედი ფოსტაც. ღია ბარათების გაგზავნას ყველგან შეძლებთ.

ალტიჰატმა სეზონის გახანგრძლივებითა და მაღალმხარჯველიანი ტურისტების მოზიდვით ადგილობრივ თემსაც შეუწყო ხელი. კერძები მხოლოდ ნატურალური და ადგილობრივი ფერმერების მიერ მოყვანილი პროდუქტებით მზადდება. ნოყიერი საუზმის შემდეგ მადლობა შეფის გარდა შეგიძლიათ სუ-შეფებსაც გადაუხადოთ: ნისლას და ალუმინას. ინგრედიენტები ალტიჰატამდე სწორედ ამ ორ ცხენს ამოაქვს. 😉 

“ერთი ხელი თეთრეულის გარეცხვა 36 ლარი გვიჯდება, მაგრამ ამას შეგნებულად ვაკეთებთ. ინდუსტრიული თეთრეული  ცხენებს გერგეტში ყოველდღიურად მიაქვთ, სადაც მცირე საოჯახო სამრეცხაო ფუნქციონირებს USAID-ის დაფინანსებით. ჩვენ მასთან ხელშეკრულება გავაფორმეთ, ტრანსპორტირებაშიც ბუნებრივია ადგილობრივებს ვუხდით თანხას.“- ამბობს ნიკოლოზი.

თუ მიუხედავად  დიდი სურვილისა, არასპორტული ცხოვრების წესიდან გამომდინარე მწვერვალების დაპყრობა და ალტიჰატში დარჩენა შორეული პერსპექტივააა- მაშინ უბრალოდ მათ ვებ-გვერდს ესტუმრეთ.https://altihut.ge/ka

 ყოველდღიური რუტინის ფონზე, აქ ნამდვილად იპოვით ინსპირაციას.  ნახავთ, რომ ჩვენ გვერდით არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საქმის კეთება და თან ამბების მოყოლა  ერთმანეთზე კარგად გამოსდით.

პრინციპში გასაკვირიც არაა. თიბისის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებშიც ხომ ასეთები იყრიან თავს, რომლებსაც სჯერათ, რომ წარმატება გზაშია.

R

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი ლ.კ. დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ვეტერინარის თანამდებობაზე მუშაობდა და ცხოველთა აღრიცხვიანობისა და იდენტიფიკაციისათვის საჭირო ე.წ. საყურე ნიშნების უსასყიდლოდ გაცემას უზრუნველყოფდა, პირადი სარგებლის მიღების მიზნით არღვევდა კანონით დადგენილ პროცედურებს. კერძოდ, მან ერთ-ერთ მოქალაქეს დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სანაცვლოდ, სხვადასხვა დროს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა ჯამში 650 ლარი.

გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ქრთამის სახით მიღებული თანხის ნაწილი.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ მომავალშიც გააგრძელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას.