Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

დამოუკიდებელი საქართველოს სტრატეგია გუშინ და დღეს -ნიკოლოზ სანებლიძე

ვფიქრობთ, განმარტებას მოითხოვს 90-იანი წლების დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებასთან. აგრეთვე საჭიროდ მივიჩნევთ, დღევანდელ ვითარებასთან მის შედარებას.

უზენაესი საბჭოს არჩევნები შედგა 1990 წლის 28 ოქტომბერს. მანამდე, 1989 წლის დეკემბერში კუნძულ მალტაზე, ხელი მოეწერა შეთანხმებას საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის. იგი გულისხმობდა ძირითადად შემდეგს: – განახლებულ საბჭოთა კავშირს უნდა დაეტოვებინა აღმოსავლეთ ევროპა (ე.წ. სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნებიდან უნდა გაეყვანა ჯარები, რაც ვარშავის ხელშეკრულების და აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა სოციალისტური სისტემის დაშლას მოასწავებდა). ამასთან, უნდა გათავისუფლებულიყვნენ ბალტიის რესპუბლიკები (ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი). ეს ქვეყნები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგად. საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ყრილობამ ზემოხსენებული ხელშეკრულების სრული დენონსაცია მოახდინა, რითაც შემზადდა სამართლებრივი ნიადაგი ბალტიელების საბჭოთა კავშირიდან გასასვლელად. პარალელურად საბჭოთა ხელმძღვანელობამ წარმოადგინა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების პროექტი. იგი გულისხმობდა საბჭოეთის ტერიტორიაზე არსებული უკლებლივ ყველა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის მიერ ამ დოკუმენტის თანასწორუფლებიან ხელმოწერას (ბალტიისპირეთის გამოკლებით, რომელიც ამ სივრცეში აღარ მოიაზრებოდა). ეს დოკუმენტი უდიდეს საფრთხეს უქმნიდა ყველა იმ მოკავშირე რესპუბლიკას, რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებოდნენ ავტონომიები (ნებისმიერი სახით). აშკარა იყო, რომ ის მოკავშირე რესპუბლიკა, რომელიც ხელს მოაწერდა ამ დოკუმენტს, ტერიტორიული დანაკარგების გარეშე საბჭოთა კავშირიდან ვერ გავიდოდა. ცხადია ამგვარი პოლიტიკური სვლა გაკეთდა უპირველესად რუსეთის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის მოსათვინიერებლად (მას რამდენიმე ათეული ავტონომიური წარმონაქმნი ჰქონდა). ამგვარი წნეხის ქვეშ უეჭველად მოექცეოდა საქართველოც თავისი სამი ავტონომიით. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ცვლილება იყო, რომ ეროვნული მოძრაობის ერთმა ფრთამ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით სერიოზულად დაიწყო ფიქრი (და მზადება) არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

მალტის ხელშეკრულებით ცხადია, კმაყოფილი დარჩა ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაცია. ამ პაქტის ძალით იგი რუსეთის იმპერიას მთლიანად აცლიდა თავდაცვის აღმოსავლეთ ევროპულ სარტყელს და სერიოზულ წარმატებას აღწევდა ევროპის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფრთაზე ბალტიის ზღვის ჩათვლით (ამ უკანასკნელის დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მეორე მსოფლიო ომის მოვლენებიც ნათლად მიუთითებენ). ამ ეტაპზე ეს წარმატება სრულიად საკმარისი იყო. ამასთან, მას განმტკიცება, მოპოვებულ ტერიტორიებს კი შესაბამისი მოწყობა-ათვისება ესაჭიროებოდა. გასატარებელი იყო სხვადასხვა სახის რეფორმა, რაც საკმარისად ხანგრძლივ დროს მოითხოვდა. ამასთან, დინჯი და აუჩქარებელი წინსვლა იმის გარანტიაც უნდა ყოფილიყო, რომ არ მოხდებოდა მიუღებელი ესკალაცია. სახიფათო პარტნიორის გაღიზიანების, ან ამ უკანასკნელის მმართველობაში არასასურველი ცვლილებების გამო. არსებობდა კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც დასავლეთი ითვალისწინებდა. მიუხედავად ა.შ.შ.-ს ოფიციალური პირების მტკიცებისა, რომ ამ ქვეყანას არასოდეს უღიარებია ბალტიისპირეთის რესპუბლიკების საბჭოთა კავშირთან მიერთების კანონიერება (ამ აზრს დღესაც ხშირად გაიგონებთ), ეს ძალზე სადავო დებულებაა. ვინაიდან არსებობდა ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როგორიც იყო 1978 წლის ჰელსინკის თათბირის პაქტი (რომლის ერთ-ერთი პარაგრაფიც ითვალისწინებდა საზღვრების ურღვეობას). შესაბამისად, საბჭოთა კავშირიდან ბალტიის ქვეყნების ჩამოცილება ამ მნიშვნელოვანი ხელშეკრულების ნაწილობრივ გადახედვასაც მოასწავებდა (დასავლეთის სასარგებლოდ). მისი სრული გაუქმება კი (მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მსგავსად), შეუძლებელი აღმოჩნდა. ვინაიდან სწორედ ეს დოკუმენტი იყო ფუძემდებლური აქტი საბჭოეთისა და დასავლეთის მომავალი თანამშრომლობისა (ურთიერთგაგების და კეთილდღეობის სივრცისათვის ვლადივოსტოკიდან მადეირას კუნძულებამდე). ასე რომ საბჭოთა ხელისუფლება დიდ დათმობაზე მიდიოდა. ამ ქვეყნის შემდგომი დეზინტეგრაცია კი ძალზე ბუნდოვანი და პოტენციურად უაღრესად სახიფათო შედეგების შემცველი იყო. თავი რომ დავანებოთ საყოველთაოდ ცნობილი ბირთვული იარაღის გავრცელების პრობლემას, თავად ევროპაშიც ბევრი რამ იყო მოსაგვარებელი. ერთიანი გერმანია ყურადღებას ითხოვდა (გაერთიანების პროცესს განსაკუთრებული შეშფოთებით აკვირდებოდა დიდი ბრიტანეთი). ძალზე სახიფათო პროცესები დაიწყო ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ცხადი იყო, რომ ამგვარი უზარმაზარი გეოპოლიტიკური ცვლილებები მოითხოვდა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ რეფორმებს, რასაც დრო და მშვიდობა ესაჭიროებოდა. კანონი და კანონიერება (დემოკრატიასთან ერთად) ახალი სამყაროს გასაღებ სიტყვებად და ცნებებად უნდა ქცეულიყო ევრაზიის მთელ ერთიან სივრცეზე. ყველას, ვინც აპირებდა ამ დიდ სპექტაკლში მონაწილეობას და საკუთარი სიტყვის თქმას, ეს უნდა გაეთვალისწინებინა.

სწორედ ამ სიღრმისეულმა გარემოებებმა განსაზღვრეს “მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს“ მონაწილეობა არჩევნებში. თუმცა შექმნილმა ვითარებამ განაპირობა ამერიკის შეერთებული შტატების (და თითქმის ყველა წამყვანი სახელმწიფოს) ნეგატიური მიმართება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისადმი. ყოველივე ზემოთქმული ვფიქრობთ, ნათელს ხდის ორ გარემოებას.

პირველი – ა.შ.შ. იმთავითვე უარყოფითად იყო განწყობილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობისადმი (ბალტიისპირეთის გამოკლებით); და მეორე – საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას, ბრძოლა უხდებოდათ უკიდურესად მძიმე პირობებში, ვინაიდან მსოფლიო პოლიტიკისა და კონიუნქტურის ძირითადი მიმართულება მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა მათ მიერ დასახულ ამოცანას – სახელმწიფოებრივ თავისუფლებას. რაც შეეხება ჩინეთს, იმ დროისათვის ეს ქვეყანა უმთავრესად შიდა რეფორმებით იყო დაკავებული. ამასთან, ჩინეთი დღესაც დიდი ეჭვით ეკიდება სახელმწიფოებრივი დეზინტეგრაციის პროცესებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

ცისქვეშეთს ეს პოზიცია ეკავა მაშინაც. ისიც უნდა ითქვას, რომ ა.შ.შ.-ს ოფიციალური პოლიტიკა არ ვრცელდებოდა განწყობებზე კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებში. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სიმპათიითა და გაგებით ეკიდებოდა ამ ქვეყნის 37-ე პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი (რომელიც სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდა მაშინ საქართველოში). კეთილგანწყობილთა შორის იყო პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც (მაშინ სენატორი). ეს დაადასტურა ვაშინგტონში უზენაესი საბჭოს დელეგაციის შეხვედრებმა აკაკი ასათიანის ხელმძღვანელობით. ეს შემამსუბუქებელი გარემოებანი ვითარებას პრინციპულად ვერ ცვლიდა. ა.შ.შ.-ს ხელმძღვანელობა ბოლომდე (საბჭოთა კავშირის დაშლამდე) მტკიცედ იცავდა მალტის შეთანხმებას.

რასაკვირველია ყოველივე ზემოთქმული მაინც არ ქმნიდა საკმარის საფუძველს იმისათვის, რათა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უფროსს საბჭოთა კავშირის დაშლამდე სულ ორიოდე თვით ადრე ზვიად გამსახურდიასათვის ეწოდებინა „დინების წინააღმდეგ მცურავი პოლიტიკოსი“. მას რასაკვირველია, ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რათა კარგად დაენახა საბჭოთა კავშირის მოკლე დროში დეზინტეგრაციის რეალობა (და მაშინ ვინ გამოვიდოდა დინების წინააღმდეგ მცურავი?).

ვფიქრობთ, რომ ამის მიზეზი მხოლოდ მალტის ხელშეკრულება არ იყო. დასავლეთი უბრალოდ არ აღმოჩნდა მზად იმ მოვლენებისათვის, რაც შეიძლებოდა განვითარებულიყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მათ არ გააჩნდათ არანაირი გეგმა და უფრთხოდნენ გაურკვეველ ვითარებას მთელს მსოფლიოში. ეს შიში სულაც არ იყო უსაფუძვლო. რაც დამტკიცდა კიდეც შემდგომი ათწლეულების მანძილზე.

შექმნილ პარადოქსულ ვითარებაში, საქართველო და რუსეთის ფედერაცია მოკლე, თუმცა ძალზე მნიშვნელოვანი დროით, ერთმანეთის მოკავშირეები აღმოჩნდნენ. ვინაიდან ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება ორივეს ფაქტობრივად დაშლით ემუქრებოდა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი გარემოება იყო, თუმცა ამგვარი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მას შემდეგ, რაც თანდათანობით ნათელი გახდა, რომ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება შორს არის განხორციელებისაგან, მით უფრო კი აგვისტოს პუტჩის ჩავარდნის შემდგომ, როცა ელცინმა და Co-მ აშკარად აჯობა გორბაჩოვის ხელისუფლებას. ეს იმას ნიშნავდა, რომ ძალაუფლებასთან ერთად რუსეთის ფედერაცია და მისი პრეზიდენტი საბჭოთა კავშირისაგან მემკვიდრეობით იმპერიულ ამბიციებსაც მიიღებდნენ. სწორედ ამ გარემოებათა მიზეზით საქართველოსა და რუსეთს შორის  ვითარება გართულდა და დაიძაბა.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, აგრეთვე დასავლეთის ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური პოზიციის გამო, ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ სტრატეგიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა კავკასიურმა პოლიტიკამ. ეს აუცილებლობით იყო გამოწვეული. ქვეყანას სჭირდებოდა უსაფრთხოების მინიმალური სარტყელი მაინც. ამასთან, რუსეთის ფედერაციის გააქტიურებისა და მის მიერ საბჭოთა კავშირის სტრატეგიულ სივრცეში პირველობის მოპოვების კვალდაკვალ (განსაკუთრებით 1991 წლის აგვისტოს შემდეგ), საჭირო შეიქნა პრევენციული თავდაცვითი ღონისძიებების გატარება. აშკარა იყო, რომ მომძლავრებული და ამბიციური რუსეთი კავკასიას (და განსაკუთრებით საქართველოს) არ მოასვენებდა. ამიტომ გაძლიერდა უკვე არსებული თანამშრომლობა იჩქერიის (ჩეჩნეთის) მმართველ წრეებთან და დაიწყო სერიოზული მუშაობა თათრეთის ავტონომიის ხელმძღვანელობასთან (დამოუკიდებლობის ორმხრივად აღიარების მიზნით). პოლიტიკურად ეს ცხადია ძალზე სარისკო ნაბიჯები იყო. მკვეთრად შეიცვალა დამოკიდებულება რუსეთთან (და პირადად პრეზიდენტ ბორის ელცინთან), რაც კიდევ უფრო ართულებდა საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობას (იგი ფაქტობრივად ორ ფრონტზე იბრძოდა. თანაც ქვეყანა საერთაშორისო აღიარებასაც მთელი ძალებით ესწრაფოდა). სამაგიეროდ რუსეთს სერიოზული პრობლემები გაუჩნდა კავკასიაში ათ წელზე მეტი ხნით. ეს საგრძნობლად ასუსტებდა მის აგრესიას საქართველოს მიმართულებით. რაც შეეხება აფხაზეთის პრობლემას, მისი გამწვავება და ტრაგიკული ფინალი მთლიანად ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების მოქმედების შედეგია. ცხინვალის რეგიონის საქართველოდან დროებით მოწყვეტის ოპერაცია კი შესაძლებელი გახდა მხოლოდ კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის შემდეგ. უფრო მეტიც, – ის, რომ სადღეისოდ თითქმის მთელი მსოფლიო სამართლებრივად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს განუყოფელ ტერიტორიად აღიარებს სწორედ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მოქმედების შედეგია. აქ უპირველესად დამოუკიდებლობის რეფერენდუმი უნდა გავიხსენოთ. ძალზე მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმება და საბჭოთა კავშირის შენარჩუნების შესახებ რეფერენდუმის საქართველოს ტერიტორიაზე არდაშვება. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ქვეყნის მიერ სწორედ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პირობებში მოხდა (1991 წლის 26 დეკემბერი – 1992 წლის 6 იანვარი).

საქართველოს ხელისუფლებამ და პირადად ზვიად გამსახურდიამ მიღწიეს უმთავრეს სტრატეგიულ მიზანს – საქართველო გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. უფრო მეტიც, რომ არ მომხდარიყო გადატრიალება (სამხედრო პუტჩი) ჩვენი ქვეყანა ასცდებოდა მრავალ განსაცდელს, ტრაგიკულ მსხვერპლსა და საკუთარ ტერიტორიებზე კონტროლის დროებით დაკარგვას, რასაც 1992 წლის იანვრის შემდეგ ჰქონდა ადგილი. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება არ დაუშვებდა საქართველოს მოსახლეობის ტოტალურ ძარცვასაც, რაც სახელმწიფო გადატრიალების შედეგი იყო. სწორედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე გამდიდრება წარმოადგენდა ამბოხებულთა ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს, რასაც მიაღწიეს კიდეც.

გარდასრულ მოვლენათა დაწვრილებითი გადმოცემა იმიტომ გახდა საჭირო, რომ ცხადი გაგვეხადა – დასავლეთისა და ა.შ.შ.-ს დამოკიდებულება და მოთხოვნები საქართველოს სახელმწიფოს მიმართ 33 წლის წინ და დღეს სრულიად განსხვავებულია. გარკვეულ მნიშვნელოვან გარემოებათა გამო სამი ათეული წლით ადრე ეს ქვეყნები არ უჭერდნენ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, ხოლო მ. გორბაჩოვის ხელისუფლების მიერ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების ინიციატივის რეალიზაციის შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა ან განუსაზღვრელი დროით დარჩებოდა რუსეთის იმპერიაში, ან მოხდებოდა მისი ფაქტობრივი და იურიდიული დეზინტეგრაცია. აი ამგვარი გამოწვევების წინაშე იდგა ზვიად გამსახურდია, იმდროინდელი მთავრობა და პარლამენტი.

ახლა შევხედოთ თანამედროვე მდგომარეობას. დღეს საქართველო საერთაშორისოდ ცნობილი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და როგორც ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ადასტურებენ, მას ნამდვილად შეუძლია საკუთარი არჩევანის გაკეთება. ეს კი ყველაფრის მიუხედავად, ადასტურებს მის რეალურ საერთაშორისო სამართალსუბიექტობას. ოღონდ გასარკვევია, როგორი არის ეს არჩევანი. ცნობილია, რომ არჩევანის თავისუფლება მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს მოქმედების ნებისმიერ სუბიექტს. რამდენად ადეკვატურად იყენებს საქართველოს ხელისუფლება თავისუფლების ამ დოზას და თვითმოქმედების შესაძლებლობას, რომელიც მას რეალურად გააჩნია? სწორად ესმის თუ არა  მას ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები და პრობლემები. უნდა ითქვას, რომ 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში აგრესიის დაწყების დღიდან განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართველოს დაუცველობის პრობლემა მისი ჩრდილოელი მეზობლის შესაძლო სამხედრო მოქმედებების წინაშე. აშკარა იყო, რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს შესაძლებლობა საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს ამგვარ ეგზისტენციალურ საფრთხეს და საქმე საქმეზე რომ მიდგეს მას ფაქტობრივად ვერავინ დაიცავს (ამასვე ადასტურებდა 2008 წლის აგვისტოს 5 დღიანი ომი, მისი მიმდინარეობა და მძიმე შედეგები). ამგვარად, საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთთან ურთიერთობის პრობლემისადმი უკიდურესად ფრთხილი მიდგომა იმ ეტაპზე სრულიად გამართლებული იყო. ვინაიდან არავინ იცოდა რეალურად რა შესაძლებლობებს ფლობდა რუსული არმია და არც ის ვიცოდით რამდენად შეძლებდა უკრაინის ხელისუფლება და მოსახლეობა წინააღმდეგობის გაწევას. ჩვენს წინაშე იყო თავად თავხედური და ფაქტობრივად არამოტივირებული აგრესიის ფაქტი და მეორეს მხრივ, ძალზე არასახარბიელო გამოცდილება რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტისა. სახეზე იყო აგრეთვე 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, ოკუპაცია და ინკორპორაცია (რომელმაც აგრესორისათვის ფაქტობრივად გართულებების გარეშე ჩაიარა). მოგვიანებით რუსეთმა ჯარები გადასხა სირიაში, რის შედეგადაც ბაშარ ალ ასადის კლანმა ხელისუფლება რამდენიმე წლით შეინარჩუნა. თანაც, წინასწარ არავინ იცის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ომის დროს, რომლის შედეგიც აურაცხელ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათი წინასწარი განჭვრეტა სრულიად უპერსპექტივო წამოწყებაა (შემთხვევითი როდი იყო, რომ შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან სულ მოკლე ხანში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის). ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთის მიერ მოკლე დროში კიევის აღება სავსებით რეალურად მიიჩნეოდა.

თუმცა სულ ორიოდე თვის შემდეგ აშკარა გახდა, რომ რუსეთი კარგა ხნით ჩაეფლო ამ კონფლიქტში. ეს კი უკვე შესამჩნევად ამცირებდა ამ ქვეყნის საქართველოში შემოჭრის ალბათობას (და მოსკოვის მიერ მეორე ფრონტის გახსნას კავკასიაში). თანდათანობით ცხადი შეიქნა, რომ პუტინის ხელისუფლებამ მთელი ძალები უკრაინის ფრონტზე გადაისროლა. სწორედ ამიტომ იგი იძულებული გახდა სამხედრო შენაერთები გამოეყვანა სირიიდან და უკრაინაში გაეგზავნა (რასაც შეეწირა კიდეც ასადის რეჟიმი და იმავდროულად ძალზე სერიოზული დარტყმა მიაყენა რუსეთის ინტერესებს ახლო აღმოსავლეთში). ამასთან 2024 წლის არჩევნების შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა დონალდ ტრამპი, ვისი საგარეო პოლიტიკური დოქტრინაც რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტას და მშვიდობის დამყარებას ისახავს მიზნად. ყველა ამ გარემოებამ რუსეთის აგრესიის შესაძლებლობა კავკასიაში მინიმუმამდე შეამცირა. სხვათა შორის მოსკოვის მიერ მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა ჯერ კიდე აზერბაიჯან-სომხეთის ბოლო შეიარაღებული დაპირისპირების დროსაც დადგა ეჭვის ქვეშ. მაშინ ბევრი ექსპერტი ამტკიცებდა, რომ ვლადიმერ პუტინმა დასაჯა სომხეთის ხელისუფლება (და პირადად პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი) პროდასავლური პოლიტიკის გამო და ამ მიზეზით სომხეთი ომში მარტო დარჩა. შეიძლება ეს გარემოებაც თამაშობდა გარკვეულ როლს, თუმცა განმსაზღვრელი მაინც იყო რუსეთის არასაკმარისი ძალმოსილება ჩართულიყო კონფლიქტში ორ ერთმანეთისაგან დაშორებულ სამხედრო თეატრზე. ყოველივე ზემოთქმული ადასტურებს, რომ რუსეთი არ დაიწყებს ომს კავკასიაში (და კონკრეტულად საქართველოს წინააღმდეგ). თანაც ამ ქვეყნის ხელმძღვანელობას იმედი აქვს პრეზიდენტ ტრამპთან მისთვის მომგებიანი მოლაპარაკების დაწყების. ისიც ცხადია, რომ თუკი პრეზიდენტმა ტრამპმა ვერ მიაღწია შეთანხმებას რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ცეცხლს შეწყვეტის თაობაზე, იგი იძულებული იქნება უკრაინას მიაწოდოს თავდაცვისათვის საკმარისი საშუალებები. მართლაც, თუ მოლაპარაკებები ჩაიშალა, ეს უმთავრესად რუსეთის მიზეზით მოხდება. ერთი სიტყვით, საქართველოს ომში ჩათრევის საფრთხე ამჟამად ყველაზე დაბალია 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული (და ეს საფრთხე მთელი ამ დროის განმავლობაში 2022-2025 წლებში პროგრესულად მცირდებოდა). ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისათვის ეს აშკარა უნდა იყოს.

რაც შეეხება ე.წ. გლობალური ომის პარტიას და მის ზემოქმედებას საქართველოს ხელისუფლებაზე ჩვენი ქვეყნის კონფლიქტში აქტიურად ჩართვის მიზნით. ძალზე მაღალი ალბათობით შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების პირველ ეტაპზე (საორიენტაციოდ იმ დრომდე, ვიდრე რუსეთი უკან დაიხევდა კიევიდან და სხვა ოლქებიდან), ამგვარ დაბეჯითებით ქმედებებს მართლაც ჰქონოდა ადგილი. საქართველოს ხელისუფლება სწორად მოიქცა, როცა ამგვარ ზემოქმედებას მტკიცე უარით უპასუხა. მართლაც, ომის დაწყებით სტადიაზე გაურკვევლობისა და უკიდურესი დაძაბულობის ფონზე, მრავალი უსიამოვნო რამ შეიძლება მოხდეს. ნებისმიერი ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა თავიდან აიცილოს საფრთხე, რომელიც მათგან მოდის. დასავლეთის მხრიდან ამგვარი მიდგომების რეალურობა ფაქტობრივად დაადასტურა კიდეც ა.შ.შ.-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში ქალბატონმა კელი დეგნანმა, როცა განაცხადა – სტრატეგიულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების ყველა დეტალს არ ასაჯაროებენო. თუმცა ცხადად და გასაგებად უნდა ითქვას ისიც, რომ არცერთ სახელმწიფოს (მათ შორის უკრაინასაც) ოფიციალურად საქართველოს ხელისუფლებისათვის არ მოუთხოვია რუსეთის წინააღმდეგ კონფლიქტში ჩართვა. ხოლო ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მოვალეობა უეჭველად იყო (და არის) ამ ტიპის წინადადებების ოფიციალური და საჯარო ჩამოყალიბების მოთხოვნა ნებისმიერი სახელმწიფოსათვის (ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი). ომსა და მშვიდობაზე კულისებს მიღმა არაოფიციალური ლაპარაკი სრულიად მიუღებელია ჩვენი ქვეყნისათვის (და საერთაშორისო სამართლისთვისაც).

როგორც ითქვა, ამგვარი (ყოველთვის არაოფიციალური) მოთხოვნების ინტენსივობა მაღალი ალბათობით, პროგრესულად იკლებდა. როგორც ჩანს, მოქმედი ელჩის, ქალბატონი რობინ დანიგანის მხრიდან ამგვარი სერიოზული მცდელობები ამ მიმართულებით არ დაფიქსირებულა. მნიშვნელოვანი გარემოებები კი იქითკენ მიუთითებენ, რომ საქართველოს, ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ბოლო და ყველაზე სერიოზული გამწვავება მაინც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მიერ ე.წ. აგენტების კანონის შემობრუნებას პარლამენტში. აგრეთვე აგრესიულ წინასაარჩევნო განცხადებებს, როცა გარკვევით ითქვა, რომ საჭიროა კოლექტიური ნაცმოძრაობის (ანუ თითქმის მთელი ოპოზიციის) პოლიტიკიდან ჩამოშორება და სამართლებრივი დევნა. კოლექტიური პასუხისმგებლობის აქტიური პროპაგანდა აგრეთვე აღმოჩნდა პარტნიორთა შეშფოთების სერიოზული მიზეზი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ამას დაემატა ძალზე უცნაური საკადრო გადაწყვეტილებები და 28 ნოემბრის უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი განცხადება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე. დაპირებამ, რომ 2028 წელს (არჩევნების აუცილებლად ჩატარების და ახალი ხელისუფლების მოსვლის წელს) საქართველოს ხელისუფლება განაახლებს მოლაპარაკებას ევროპასთან პარტნიორთა სრული გაუგებრობა და გაღიზიანება გამოიწვია. ეს გასაგებიცაა. ვინაიდან, როგორი პოლიტიკა ექნება საქართველოს ხელისუფლებას 2028-2030 წლებში და შემდგომ იქნება იმ პოლიტიკური ძალების გადასაწყვეტი, ვინც 2028 წელს მოვა ხელისუფლებაში. განა ასე არ არის? შესაბამისად, ხელისუფლება ამ განცხადებით ადასტურებს, რომ მისი ისედაც სადავო უფლებამოსილების გასვლამდე იგი არ აპირებს ევროპასთან ურთიერთობის საკუთარი ინიციატივით გაუმჯობესებას. ამასთან,  მდგომარეობა რომელიც დღეს გვაქვს ყალიბდებოდა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ და ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ეს პოლიტიკა კიდევ უფრო გამოკვეთილი გახდა.

ვფიქრობთ, დასავლეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ უფრო დაწვრილებით გამოკვლევას ითხოვს. ერთგვარი დაეჭვება ჩვენი ხელისუფლების პროდასავლური კურსის მიმართ ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა საქმე შეეხო ევროპაში თავისუფალ მიმოსვლას. თუმცა ეს წინააღმდეგობა წარმატებით იქნა დაძლეული. მნიშვნელოვანი პრობლემები 2022 წლის თებერვლის შემდეგ დაიწყო. რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული დაპირისპირების პირველი ეტაპის შესახებ უკვე საკმარისად ვილაპარაკეთ. თუმცა არსებობდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – საქართველოს ხელისუფლება დასავლეთიდან მასზე ზემოქმედების დაწყებისთანავე ალაპარაკდა “გლობალური ომის პარტიაზე“, რომელსაც სურს ომის სივრცის გაფართოება კავკასიაში (კერძოდ საქართველოში). ეს თეზისი დღესაც დომინანტური და ფუძემდებლურია ყველა ოფიციალურ გამონათქვამში. ამგვარი მიდგომა არ იყო სწორი. საჭიროება მოითხოვდა უფრო დიფერენცირებულ და ფაქიზ მიდგომას. მართლაც, ომის დაწყებისთანავე “გლობალური ომის პარტიის“ კონსტანტირება ნიშნავს, რომ დასავლეთი, როგორც მინიმუმი, არანაკლებ არის დამნაშავე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ვიდრე რუსეთი. რაც უფრო მწვავდება დაპირისპირება (როგორც ბრძოლის ველზე, ისე პოლიტიკურად), ეს ბრალდება კიდევ უფრო მეტ დამაპირისპირებელ ფუნქციას იძენს. იმავდროულად საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ერიდებოდა (და დღესაც ერიდება) რუსეთის, როგორც უპირობო აგრესორის კვალიფიკაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ მხარეს იმთავითვე უნდა გაერჩია ერთმანეთისაგან დასავლეთის დაინტერესება საქართველოს ანტირუსულ კოალიციაში გაწევრიანებისა ერთის მხრივ და ომის გახანგრძლივებაში სერიოზული დაინტერესებისა მეორეს მხრივ. ბრძოლაში შესაძლო მოკავშირეების ძებნა ერთია და კონფლიქტის გაჩაღებაში სრულფასოვანი თანამონაწილეობა და ომის გახანგრძლივების სურვილი – მეორე. “გლობალური ომის პარტიაში“ რუსი, ბელორუსი, ჩინელი ან ჩრდილოეთ კორეელი აქტორები ხომ არ მოიაზრებიან? ისინი ევროპასა და ამერიკაში უნდა ვეძიოთ. იმთავითვე, კონფლიქტის დასაწყისშივე, “გლობალური ომის პარტიაზე“ მითითება სერიოზული შეცდომა იყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირველ ეტაპზე (ანუ დასავლეთის მხრიდან მაქსიმალური ზეგავლენის დროს) ფსიქოლოგიურად ამგვარი რამ გასაგები (მაგრამ არა მისაღები) იყო, ამ პოლიტიკური გამოთქმის ძირითად „სლოგანად“ ქცევა სამი წლის განმავლობაში ნამდვილად სრულიად გაუმართლებელი და საზიანოა ქვეყნისათვის. არადა ევროპა (და არამხოლოდ) სისხლხორცეულად არის დაინტერესებული, რომ რუსეთი არ შეუშვას „ევროპის დიდ ველზე“. უკრაინის მიერთება რუსეთის იმპერიის პასუხისმგებლობის სივრცესთან (ბელორუსიასთან ერთად) გამოიწვევს დიდ გეოპოლიტიკურ ძვრებს დასავლეთის საზიანოდ. სწორედ ამ მიზეზებით (მრავალ სხვასთან ერთად), დასავლეთის ქვეყნები მაქსიმალური ყურადღებით ეკიდებიან არა მხოლოდ მოქმედებებს, არამედ სიტყვებს და სტაბილურ გამოთქმებს (როგორიცაა „გლობალური ომის პარტია“ ან „სიღრმისეული სახელმწიფო“ ე.წ. deep state). ევროპამ კარგად იცის, რომ ომის დროს აბსოლუტური ნეიტრალიტეტი არ არსებობს (XX საუკუნეში მას დიდი გამოცდილება დაუგროვდა ამ მიმართულებით). შესაბამისად ძალიან არ მოსწონს, როცა ქართული ნეიტრალიტეტი რუსეთისკენ არის გადახრილი. მიიჩნევს, რომ ეს მდგომარეობა სერიოზულ ზიანს აყენებს მას. ისიც ნათელია, რომ ე.წ. რუსული კანონი გადახრილი ნეიტრალიტეტის ერთი (თუმცა მნიშვნელოვანი) რგოლია დასავლეთის გავლენის მაქსიმალურად შესამცირებლად (ვფიქრობთ, ამ კანონის ანტიდასავლური პოლიტიკური შინაარსი სრულიად აშკარაა). დასავლეთის გავლენის შემცირება საქართველოში ხელისუფლების ოფიციალურად გაცხადებული მიზანიც კი არის. ომის დროს ამგვარი ერთმნიშვნელოვანი გამონათქვამები ნამდვილად აჩვენებს ქართული ნეიტრალიტეტის ანტიდასავლურ მიმართულებას. ერთი სიტყვით, ორივე პარტნიორი მხარე (საქართველო და ჩამავალი მზის ქვეყნები) თანმიმდევრულად და კონსტანტური სისწრაფით მიდის არჩეულ გზაზე. შედეგიც სახეზე გვაქვს. ფრიად არასასურველი შედეგი. რასაკვირველია დასავლეთს (ისევე როგორც საქართველოს) ყოფნის საკუთარი ნაკლოვანებები და პრობლემები. თუმცა უკანმოუხედავი დაპირისპირება (რამაც თითქმის შეუქცევადი ხასიათი მიიღო) არ არის ხელსაყრელი ორივე მხარისათვის. ამასთან, სრულიად არ დაგვჭირდება ბრძენთა ხმობა იმის დასადგენად, თუ ვინ უფრო დაზარალდება. ერთი სიტყვით, შექმნილი მდგომარეობა არ შეიძლება დახასიათდეს როგორც თვითნებობა ორივე მხრიდან. საქმე ეხება სერიოზულ სტრატეგიულ კონფლიქტს. ამიტომ იმედის დამყარება მხოლოდ ხელისუფლებათა შეცვლაზე მართებული არ არის.

ვფიქრობთ, ევროპასთან დამოკიდებულების მოქმედი ქართული სტრატეგია მინიმუმ ერთ სერიოზულ შეცდომას გულისხმობს. როგორც ჩანს, მმართველი წრეები მიიჩნევენ, რომ ევროპელთა პოლიტიკური ძალმოსილება მკვეთრად დაბალია. თანაც ამ ქვეყნებს მიაკუთვნებენ არა მხოლოდ შეერთებული შტატების უმცროს პარტნიორთა რიგს, არამედ მათ ამერიკის ნების უბრალო აღმსრულებლად წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, საქართველოს წამყვანი პოლიტიკური ძალების თვალთახედვით, ევროპელი ქვეყნები და მათი საერთაშორისო სტრუქტურები უპირატესად დაკავებულნი არიან არა სერიოზული ამოცანების გადაწყვეტით, არამედ ე.წ. deep state-ის ანტიქართული წამოწყების რეალიზაციით და გარკვეული ტიპის ქცევების თუ მორალური კატეგორიების დანერგვით ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდებათ (მათ შორის საქართველოშიც). უეჭველია, რომ ამგვარი მიდგომები საფუძველშივე მცდარია. ევროპას საკუთარი სერიოზული და სპეციფიკური მიზნები აქვს და ძალაც შეწევს მათთვის საბრძოლველად. ევროკავშირი არის მინიმუმ მესამე ეკონომიკა მსოფლიოში. მას გააჩნია საკუთარი მყარი და გრძელვადიანი ინტერესები დიდ ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში. მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ერთგვარად ეწინააღმდეგებიან შეერთებულ შტატებისას (მაგ. ჩინეთთან მიმართებით). კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ინტერესების სფეროს ევროკავშირისათვის წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპა და კერძოდ უკრაინა (ამ საკითხზე ზემოთ გვქონდა საუბარი).

ცოტა რამ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ტაქტიკაზე. – როგორც ამბობენ, ჩვენი ქვეყნის მმართველმა წრეებმა deep state-თან აქტიური, დაუფარავი და შეურიგებელი ბრძოლა პრევენციულად ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ დაიწყეს. მათ წინასწარ განჭვრიტეს პოლიტიკური ტენდენციები ევროპასა და ამერიკაში, რასაც ადასტურებს კიდეც პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვება და მისი სადებიუტო ნაბიჯები (ევროპაში კი საქმე ამ „წინასწარმეტყველის“ მიხედვით ჯერ არ მიდის. ვნახოთ რას გვიმზადებს უახლოესი მომავალი, განსაკუთრებით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში). თუმცა გაკვირვებას იწვევს ერთი გარემოება. თუკი საქართველოს ხელისუფლებამ სწორად გამოიცნო და გათვალა ევროპასა და ამერიკაში კონსერვატიული, იზოლაციონალისტული ძალების გამარჯვება, რატომ არ გამოიჩინა მცირეოდენი მოთმინება? ასეთ შემთხვევაში რატომ წარმოადგენდა აუცილებლობას შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ურთიერთობების მაქსიმალური დაზიანება? თვით საქართველოს ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე, განა უფრო სწორი არ იქნებოდა ამ მიდგომების გამოყენება დონალდ ტრამპის ოფიციალური გაპრეზიდენტების შემდეგ. შესაძლოა დრამატულ ვითარებას არც პარტნიორებმა დააკლეს ხელი. თუმცა „ქართული ოცნება“ მაინც ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას 26 ოქტომბრის შემდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო (რომელთა მკვეთრად უარყოფით ეფექტზეც ზემოთ მივუთითეთ). სწორედ ამ დროიდან ჩართო ბოლო სიჩქარე პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს ხელისუფლებასთან ბრძოლაში. შედეგიც სახეზე გვაქვს.  ყოველივე ზემოთქმულის გამო ვფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას და შემდგომ ნაბიჯებს და ქცევის ლოგიკას ძირითადად წარმართავდა პოლიტიკური გაღიზიანება, რესენტიმენტები და დიდი ხნის მობეზრებული, თავისნათქვამა მოწინააღმდეგის საჯაროდ მწარედ დასჯის, მისი ერთხელ და სამუდამოდ თავიდან მოცილების დაუძლეველი სურვილი. რასაკვირველია თავისი როლი ითამაშა გადამეტებულმა და ჰიპერტროფირებულმა ეჭვიანობამ „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერების წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულების თაობაზე. ერთი წუთითაც რომ დავუშვათ ახალი (თუ მეორე) იალტის შეთანხმების რეალურობა (დასავლეთსა და რუსეთს შორის), ამ შემთხვევაშიც კი საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები მხოლოდ გაუადვილებს რუსეთს ჩვენი ქვეყნის (და კავკასიის) საკუთარი გავლენის ქვეშ დატოვებას მთლიანად (ან ნაწილობრივ). ყველა შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ „დასწრებაზე თამაში“ და იმთავითვე არჩეული შეტევითი ტაქტიკა იყო შეცდომა.

ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას თავად deep state-ის არსის შესახებ. გაუგებარია, თუ როგორ ესმის საქართველოს ხელისუფლებას  „deep state”-ის არსი და არსებობის წესი. თუ აქ იგულისხმება გავლენის ჯგუფები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებაში არ არიან, მაგრამ მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ მასზე, ამგვარი რამ ყველა დროში და ყველა სახელმწიფოში არსებობს (განსაკუთრებით ძლიერსა და გავლენიანში). მათ წინააღმდეგ დისტანციური ბრძოლა  ყოველგვარ აზრს მოკლებულია. თუ ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა იმას გულისხმობს, რომ ამა თუ იმ დიდი ქვეყნის (მაგ. საფრანგეთის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ან ა.შ.შ.-ს) ხელისუფლებაში მყოფი ძალები რაღაც მიზეზით საქართველოს ძირეული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, მაშინ საჭიროა უფრო მეტად არგუმენტირებული და დასაბუთებული პოზიციის წარმოდგენა, თანაც ეს სრულებითაც არ ათავისუფლებს ხელისუფლებას modus vivendi-ს გამომუშავების საჭიროებისაგან ამ ქვეყნებთან. აუცილებელია აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით და არა „განკერძოების სტრატეგიის“ ამოქმედება. დასავლეთთან მკვეთრად დასაპირისპირებლად საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება უფრო მეტი საფუძველი, ვიდრე აქვს დღეს და უფრო მეტი ძალმოსილება ვიდრე დღეს გააჩნია. საქართველოს აქვს დრო საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად. თუმცა იგი უსასრულო არ არის, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რათა ჩვენმა ქვეყანამ მოძებნოს საკუთარი ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე. მიგვაჩნია, რომ სწორედ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უნდა დამდგარიყო ეს ეტაპი. თუმცა საქართველოს ხელისუფლება სწორედ საპირისპირო გზით წავიდა. სადღეისოდ საქართველოს უპირველეს მოკავშირედ გვევლინება ჩინეთი. ა.შ.შ.-სთან და ევროპასთან შესაბამისი ხელშეკრულება კი გაყინულია. ამ ვითარებაში ვაშინგტონის მომავალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგება უტოპიურ ოცნებად მოჩანს. იმ შემთხვევაში, თუ შავი ზღვის (და შესაბამისად „დიდი ხმელთაშუა ზღვის“) აღმოსავლეთი აკვატორია მთლიანად ჩინეთისა და რუსეთის ხელში აღმოჩნდება (რაც საქართველოს დღევანდელი პოლიტიკის პირობებში სრულიად რეალურია). მოვლენათა ამგვარ განვითარებას ვაშინგტონთან მხოლოდ ურთიერთობათა გაუარესება თუ მოჰყვება.[1]

ზოგადად უნდა ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება დასავლეთის პოლიტიკისა და ღირებულებებისადმი ვერ იქნება ისეთი, როგორიც აქვს მაგალითად ჩვენ მეზობელ აზერბაიჯანს (ამ ქვეყნისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად). რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩინური კომპანიების მიერ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მშენებლობა შავ ზღვაზე და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება შემთხვევით არ დაემთხვა ერთმანეთს. ეს საფუძველმდებელი ფაქტია, რომელსაც ანგარიშს გაუწევს ამერიკის ნებისმიერი ადმინისტრაცია. კიდევ უფრო რთულად არის საქმე ევროპის ქვეყნებთან (ამას საქართველოს ხელისუფლებაც აღიარებს). ისიც ცხადია, რომ ასეთი პოლიტიკის პირობებში კავკასიის (და უპირველესად ჩვენი ქვეყნის) ტრანზიტული ფუნქციის შესრულება ძალზე გართულდება (და ბოლოს შეუძლებელიც გახდება). ამგვარი პოლიტიკის თანმიმდევრული გატერება (რომლითაც ასე მოსწონთ თავი საქართველოს მმართველ წრეებს) ახლო მომავალში ძალზე სერიოზულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ღირებულებით კრიზისს გვიქადის. აშკარაა, რომ ბალანსის პოლიტიკაზე უარის თქმა საბოლოოდ ჩინეთსაც უბიძგებს საქართველოსთან პოლიტიკის გადახედვისკენ. რასაკვირველია ჩინეთი სერიოზული პარტნიორია და მასთან ურთიერთობა ძალზე მნიშვნელოვანია. ოღონდ ეს არ უნდა გახდეს დასავლურ პოლიტიკურ და ზოგად ცივილიზაციურ ორიენტაციაზე უარის თქმის საბაბი, რისი საფრთხეც დღეს აშკარად იგრძნობა. ჩინეთის საჭიროება რუსეთის აგრესიულობის გასანეიტრალებლად ყოველგვარ ეჭვგარეშეა. თუმცა, როგორც უკვე ითქვა, საფრთხე ჩრდილოეთიდან სადღეისოდ ნაკლებად რეალურია. თანაც ეს არ უნდა გახდეს საქართველოს ტრანზიტული  ფუნქციის ეჭვის ქვეშ დაყენების მიზეზი, ასეთ არჩევანს სხვა კიდევ უფრო სერიოზული დამაზიანებელი შედეგებიც მოჰყვება და საბოლოოდ დაგვაკარგვინებს ყველა მნიშვნელოვან პარტნიორს, ვინც საქართველოს ტრანზიტული ფუნქციით იქნება დაინტერესებული (ჩინეთის ჩათვლით).

უნდა ითქვას, რომ ძალზე უცნაურია საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება არჩევნების შედეგებისადმი. დემოკრატიულ ქვეყნებში არჩევნები კრიზისიდან თავის დაღწევის მძლავრი და რაციონალური მექანიზმია. უეჭველია, რომ ბოლო სამი თვის მანძილზე სახეზე გვაქვს სერიოზული კრიზისი. ყველაზე დიდ გაკვირვებას მაინც იწვევს ერთი გარემოება. არჩევნების შედეგები (სწორად ჩატარდა იგი თუ არასწორად) არც გამოცხადების ჭეშმარიტებაა, არც რელიგიური დოგმა და ფილოსოფიური მაქსიმა. ყველა წესის მიხედვით და უნაკლოდ ჩატარებული არჩევნების შემდეგაც მოკლე დროში (სხვადასხვა მიზეზით) შეიძლება ჩატარდეს ახალი არჩევნები და ამაში უჩვეულო და ანტიკონსტიტუციური არაფერია. დამოუკიდებელი ქვეყანაში არჩევნები არის კონკრეტული მექანიზმი კონკრეტულ წინააღმდეგობათა დასაძლევად. ვიმეორებთ, არჩევნები არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საუკეთესო საშუალება. 20 იანვრის ეფექტი (როგორიც არ უნდა იყოს იგი), თავისთავად საქართველოში ვითარებას ვერ განმუხტავს. არჩევნები უკეთესია, ვიდრე სამოქალაქო ცემა-ტყეპა, რომელშიც სამწუხაროდ ქვეყნის პარლამენტარებიც აქტიურად არიან ჩართულნი. ეს ძალზე სახიფათო სიმპტომია, რადგან ადასტურებს არასამართლებრივი ცნობიერების გაბატონებას ყველა დონეზე. რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას საერთოდ.

ყოველივე ზემოთქმული ცხადად მიუთითებს, რომ დასავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ზვიად გამსახურდიას დროს სრულიად სხვაგვარი იყო, ვიდრე დღეს. 1990-91 წლებში საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების პრობლემა იდგა და ამის წინააღმდეგი იყო ყველა მეტ-ნაკლებად ძლიერი საერთაშორისო პოლიტიკური ძალა თუ აქტორი. დამოუკიდებლობის ალტერნატივად კი de facto და de jure დაშლა-დაქუცმაცება ილანდებოდა. სადღეისოდ პრობლემად არის ქცეული საქართველოს პოლიტიკური ორიენტაცია და მისი ადგილი მსოფლიო თანამეგობრობაში. ეს რასაკვირველია დღევანდელ პოლარიზებულ მსოფლიოში რთულად გადასაწყვეტი საკითხია, თუმცა არა დაუძლეველი. სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში წარმატების მოპოვება ძალზე რეალურია და თანაც შედარებით ნაკლები დანაკარგებით. ამასთან ისიც აშკარაა, რომ დღევანდელი ხელისუფლების კურსი ძალზე სერიოზულ და დროულ კორექტირებას ითხოვს. ამ ამოცანის შესასრულებლად ყველა რესურსის სწორი მობილიზებაა საჭირო.

[1] მართლაც, თუკი სტრატეგიული მნიშვნელობის პორტს საქართველოში ჩინელები ააშენებენ და იქ საკუთარი სტრატეგიული ინტერესებით იმოქმედებენ, შავი ზღვის აფხაზეთის აკვატორიას კი რუსები გააკონტროლებენ (მითუმეტეს, რომ ისინიც დაჟინებით ცდილობენ ამბიციური საზღვაო-აღმშენებლობითი პროექტების რეალიზაციას), მაშინ დიდი ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი და საკუთრივ აღმოსავლეთი ნაწილი მთლიანად ანტიამერიკულ ძალებს ჩაუვარდებათ ხელში. ეს იმ დროს, როცა შავი ზღვის ჩრდილოეთი სანაპიროსათვის გააფთრებული ომია გაჩაღებული (უკრაინაში). ასეთ შემთხვევაში, ვაშინგტონის ნებისმიერი ადმინისტრაცია (პრეზიდენტ ტრამპის გუნდის ჩათვლით), ყველა შემთხვევაში უკმაყოფილო დარჩება ქართული პოლიტიკით. იმაზე მითითება, რომ ზემოხსენებული ნავსადგურის აქციების 51% საქართველოს ხელისუფლებას ეკუთვნის, დიდი იმედების მომცემი არ არის. ჯერ ერთი, არითმეტიკა პოლიტიკაში ყოველთვის სანდო როდია (ვინ იტყვის, რომ ქართული 51% ჩინურ 49% აჯობებს). ამას გარდა, მაშინ, როცა ევროპასა და შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა ფაქტობრივად გაყინულია, რუსეთთან კი დიპლომატიური ურთიერთობებიც არ არსებობს, დამატებით კიდევ ჩინეთთან ვითარების დაძაბვის უფლებას საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თავს ვერ მისცემს.

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს საკუთარ თავს და ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. სიყვარულში იმედგაცრუება მსუბუქ დეპრესიამდე მიგიყვანთ, თუმცა მალე ახალი სიყვარული ძველს დაგავიწყებთ. დროა, იმ ადამიანთან შერიგებაზე იფიქროთ, სულელური მიეზით რომ ეჩხუბეთ და დიდი ხანია არ გინახავთ.

კურო

შესანიშნავი დღეა ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად მოგზაურობისთვის. თუ ფინანსური მდგომარეობა ჰავაის კუნძულებზე გამგზავრების საშუალებას არ გაძლევთ, ეცადეთ უბრალოდ, ქალაქგარეთ გაისეირნოთ. დიდი მცდელობის მიუხედავად, უსიამოვნო საუბარს ვერ აიცილებთ.

ტყუპები

შესაძლოა, სახელმწიფო მოხელეებისგან თხოვნაზე უარი მიიღოთ. თავს საშინლად გრძნობთ, მაგრამ სავარაუდოდ, შეხვდებით ადამიანს, რომელიც ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ. ამ დღეს მოსალოდნელია კუჭთან და საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ გირჩევთ მარილიანი და ცხარე საკვები მენიუდან გამორიცხოთ. ეცადეთ ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.

კირჩხიბი

ძალიან აქტიური, შეხვედრებითა და სიახლეებით სავსე დღეა. ეცადეთ, ახალი პროექტის დაწყებამდე „თაროზე შემოდებული“ საქმეები დაასრულოთ და ვალები დროულად გაისტუმროთ, მით უმეტეს, რომ ფინანსურ სირთულეებს მალე წარმატება შეცვლის.

ლომი

აქტიური და ყველა მიმართულებით ხელსაყრელი დღეა. ეცადეთ საყვარელ ადამიანთან კამათი და დაპირისპირება თავიდან აიცილოთ – ეს დღეს შესაძლოა გართულდეს. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან – ამის დრო ჯერ არ დამდგარა.

ქალწული

გამჭრიახობისა და გამოცდილების წყალობით, ამ დღეს ფინანსების სწორად მართვას შეძლებთ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ადვილად მოხიბლავთ. შესაძლებელია შეხვედრა ადამიანთან, ვისთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ და დიდი ხანია არ გინახავთ.

სასწორი

ამ დღეს ბევრი გაუგებრობა და წინააღმდეგობრივი ვითარება მოაქვს, რაც თქვენი მხრიდან სიმშვიდეს და გამძლეობას მოითხოვს. ფრთხილად იყავით პარტნიორების არჩევისას – სავარაუდოდ, ეს ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება და ვეღარაფერს შეცვლით. სექსისთვის არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მორიელი

ამ დღეს საინტერესო სიახლე გელით. სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების პრობლემის გადაჭრას შეძლებთ, რომელიც მოსვენებას გიკარგავთ. გახსოვდეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას საფრთხე ემუქრება, რადგან ერთ-ერთი თქვენგანი დაშორებას გადაწყვეტს. იზრუნეთ უფროს ნათესავებზე, რომლებსაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში დიდი წარმატება გელით. ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. ეცადეთ ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.

თხის რქა

შეიძლება ამ დღეს თავი შეუძლოდ იგრძნოთ. არ არის გამორიცხული, რომ ადამიანმა, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით, იმედი გაგიცრუოთ. ხელსაყრელი დღეა უცხოელ მეგობრებთან შესახვედრად. ადამიანი, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ, ახლა თქვენს დახმარებას საჭიროებს.

მერწყული

ამ დღეს მთელი ყურადღება საყვარელი ადამიანების პრობლემებზე გაქვთ გადატანილი. დღის პირველი ნახევარი გაცილებით წარმატებული და ნაყოფიერი იქნება, ამიტომ ეცადეთ შეხვედრები და მოლაპარაკებები დილით დაგეგმოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა შემოქმედი თევზებისთვის. გირჩევთ ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმე არ დაიწყოთ – უბრალოდ, რამდენიმე დღე მოიცადეთ. ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციეთ და მხედველობიდან დიდი ხნით არ დაკარგოთ.

როგორი ამინდი იქნება 17 თებერვალს საქართველოში

17 თებერვალს ქვეყნის მასშტაბით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები წვიმას, მაღალ მთაში კი თოვას ვარაუდობენ.

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:

გაგრა +7 – წვიმა

სოხუმი +9 – წვიმა

ზუგდიდი +11 – წვიმა

მესტია +2 – თოვლი 

ფოთი +13 – მოღრუბლული

ბათუმი +12 – უმეტესად მოღრუბლული

ოზურგეთი +13 – უმეტესად მოღრუბლული

ქუთაისი +12 – ღრუბლიანი

ამბროლაური +7 – წვიმა

ახალცხიხე +8 – უმეტესად მოღრუბლული

ბორჯომი +6 – უმეტესად მოღრუბლული

ბაკურიანი +3 – უმეტესად მოღრუბლული

გორი +10 – უმეტესად მოღრუბლული

ცხინვალი +8 – მოღრუბლული

სტეფანწმინდა 0 – თოვლი

გუდაური -3 – თოვლი

თელავი +11 – მოღრუბლული

რუსთავი +15 – უმეტესად მოღრუბლული

თბილისი +13 – უმეტესად მოღრუბლული

,, ყველას ძალიან ვთხოვ, ასეთი ცრუ ინფორმაციები არ გაავრცელონ”- ბათუმში გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა

ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვის ბაბუა ნუგზარ ცეცხლაძე „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ბავშვები მასთან ახლოს თამაშობდნენ, როდესაც თხრილი ვერ დაინახეს და ჩავიდნენ. მისი თქმით, ტრაგედიასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციები ვრცელდება.

„მანქანას ვაკეთებდი, ჩემთან ყურადღების ქვეშ მყავდა ბავშვები და აქვე თამაშობდნენ. წყლის დაგუბება მოხდა წვიმის შედეგად, ვერ შეამჩნია ბავშვმა და ჩავარდა. იმის გაჭირვება ჩვენ არ გვქონდა, რომ ჯართი მოეკრიბა. ჯართიც არ იყო საერთოდ, ეს არის ცრუ ინფორმაცია. თამაშობდნენ ბავშვები, უბრალოდ თამაშობდნენ, სეირნობდნენ და უცბად ჩავარდნენ. მე ისედაც გამწარებული კაცი ვარ და ყველას ძალიან ვთხოვ, ასეთი ცრუ ინფორმაციები არ გაავრცელონ“, – განაცხადა გარდაცვლილის ბაბუამ.

ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ, წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

,,ევროპას მოუწევს რთული არჩევანის გაკეთება”- საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროპას მოუწევს რთული არჩევანის გაკეთება და მსხვერპლის გაღება არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ამერიკის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ ბარომ აღნიშნა, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ჯერ კიდევ აყალიბებს თავის პოზიციას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით.

აშშ-მა ევროპელ მოკავშირეებს კითხვარი გაუგზავნა, რომლითაც სთხოვს, განმარტონ, რისი გაკეთება შეუძლიათ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

აშშ-მა ევროპელ მოკავშირეებს კითხვარი გაუგზავნა, რისი გაკეთება შეუძლიათ მათ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შეერთებული შტატები ევროპელ მოკავშირეებს სთხოვს, განმარტონ, როგორ ხედავენ ისინი უკრაინაში გრძელვადიან უსაფრთხოების გარანტიებს და თავიანთ როლს მათ უზრუნველყოფაში.

ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც სააგენტო „როიტერმა“ მოიპოვა.

ექვსი პუნქტისა და კითხვისგან შემდგარ დოკუმენტში აშშ ინტერესდება, რომელ ქვეყნებს შეუძლიათ წვლილის შეტანა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში, მზად არიან თუ არა სამშვიდობო დარეგულირების ფარგლებში უკრაინაში ჯარების შეყვანისთვის და რა იქნება ევროპელების მეთაურობით უკრაინაში გასაგზავნი ძალების რაოდენობა.

დოკუმენტში ასევე არის კითხვა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთებისთვის არიან მზად ევროპული ქვეყნების მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად, ასევე არსებული სანქციების უფრო მკაცრად აღსასრულებლად.

ორმა ევროპელმა დიპლომატმა „როიტერს“ განუცხადა, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს დებატები იმაზე, თუ როგორი პასუხი უნდა გასცენ ევროპელმა მოკავშირეებმა აშშ-ს, თუმცა ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს კოლექტიური პასუხი უნდა იყოს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საუდის არაბეთში მიემგზავრებიან, სადაც რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საუდის არაბეთში მიემგზავრებიან, სადაც რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერ რიადში ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ჩავლენ.

ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში კიტ კელოგი კი დელეგაციაში არ იქნება. მოლაპარაკებებზე ასევე არ მიუწვევიათ ევროკავშირის წარმომადგენლები.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ დირბის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

“უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი”.

ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმში ბავშვების დაღუპვა სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით ვალდებულებების იგნორირების შედეგია – საია

ბათუმში მომხდარი ტრაგედია სახელმწიფო სტრუქტურების უმოქმედობას და სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით ვალდებულებების დარღვევას ადასტურებს,- ასე ეხმაურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას.

როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, არაერთი ადგილობრივის ცნობით, ტერიტორია არ ყოფილა შემოსაზღვრული, არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი ყოფილა, რომელიც გასაგებად მიაწოდებდა, როგორც სრულწლოვანს, ისე ბავშვს, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაციას.

“2025 წლის 15 თებერვალს ბათუმში ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე (მერიის ინფორმაციით, ფრ. ხალვაშის გამზირის N188-ის მიმდებარედ) ორი მცირეწლოვანი ბავშვი წყლით სავსე თხრილში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა.

საია უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მიიჩნევს, რომ მომხდარი არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ უბედურ შემთხვევად. მომხდარი ტრაგედია სახელმწიფო სტრუქტურების უმოქმედობას და სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით ვალდებულებების დარღვევას ადასტურებს. არაერთი ადგილობრივის ცნობით, ტერიტორია არ ყოფილა შემოსაზღვრული, არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი ყოფილა, რომელიც გასაგებად მიაწოდებდა, როგორც სრულწლოვანს, ისე ბავშვს, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაციას, ეს კი ადასტურებს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების დარღვევას სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით. ამ ყველაფრის ფონზე, კი, საგანგაშოა, ასევე, რომ მომხდარის ადგილზე მუშაობის ჯეროვანი შესაძლებლობა არ ეძლეოდათ მედიის წარმომადგენლებს. კერძოდ, “აჭარა თაიმსის” დამფუძნებლის, სულხან მესხიძისა, და “ბათუმელების” ჟურნალისტის, ჯაბა ანანიძის, მიმართ ხორციელდებოდა “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული მხარდამჭერების მიერ ზეწოლა მათ მიერ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას.

საჯარო სივრცეში ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა. ადამიანის სიცოცხლის უფლება სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას მის იურისდიქციაში მყოფი ადამიანების სიცოცხლე. აღნიშნულიც ასევე მოიცავს, მათ შორის, შენობებიდან და მშენებლობებიდან მომავალ საფრთხეებს და ნებისმიერ საჯარო ან არასაჯარო აქტივობას, რომელმაც შესაძლოა სიცოცხლის უფლება საფრთხის ქვეშ დააყენოს.

სიცოცხლის უფლების დაცვის მოვალეობა, სახელმწიფოს აკისრებს, არამხოლოდ, ვალდებულებას, არ ხელყოს უკანონოდ და განზრახ სიცოცხლე, არამედ მიიღოს შესაბამისი ზომები მის იურისდიქციაში მყოფი პირების სიცოცხლის დასაცავად. ეს ვალდებულება შეიძლება გავრცელდეს არა მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც აუცილებელია ერთი ან რამდენიმე წინასწარ იდენტიფიცირებული პირის დაცვა სასიკვდილო აქტისგან, არამედ იმ შემთხვევებზეც, როდესაც სახელმწიფოს ევალება საზოგადოების ზოგადი დაცვის უზრუნველყოფა. ამ სახის ვალდებულება სხვადასხვა სფეროს მოიცავს, მათ შორის, შენობებისა და სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, შექმნას ისეთი ოპერაციული სისტემა, როგორც კანონმდებლობის, ისე მისი აღსრულების თვალსაზრისით, რომ დაიცვას მის იურისდიქციაში მყოფ პირთა სიცოცხლე, და ეს ღონისძიებები მორგებული უნდა იყოს კონკრეტული საქმიანობის თავისებურებებზე და ადამიანის სიცოცხლისთვის პოტენციურ საფრთხეზე. სახელმწიფომ უნდა მიიღოს, როგორც პრაქტიკული, ისე პროაქტიული და წინასწარი უსაფრთხოების ზომები მოქალაქეთა სიცოცხლის დასაცავად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა, სავსებით განჭვრეტადი და პროგნოზირებადი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ის საფრთხე, რაც ტერიტორიაზე ღია თხრილებისგან მოდიოდა მოსახლეობისთვის. შესაბამისად, მას ევალებოდა დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა.

სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას სიცოცხლის უფლება, მოიცავს, არა მხოლოდ, ინდივიდთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გონივრული ზომების მიღებას, არამედ, სერიოზული დაზიანების ან სიკვდილის შემთხვევაში, არსებითია დაზარალებულთა უფლებების დაცვისთვის ეფექტიანი საშაულებების უზრუნველყოფა, რათა შესაძლებელი გახდეს ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და დაზარალებულისთვის შესაბამისი სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა. ბათუმელების“ ინფორმაციით, შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 116-ე მუხლით – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით [ისჯება შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე]. თუმცა, საგანგაშოა, რომ, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის განცხადება არსად ახსენებს გამოძიების საკითხს, თუნდაც ფორმალურად, რაც უკვე ისედაც მიტაცებული საგამოძიებო სტრუქტურებისთვის უმოქმედობის პოლიტიკური გზავნილია.

დამატებით, მივუთითებთ, რომ ბათუმის მერია ვალდებულია, ტერიტორიაზე მსგავსი სხვა თხრილების არსებობიდან გამომდინარე, სასწრაფოდ უზრუნველყოს მოსახლეობის უსაფრთხოება“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატოს წევრ ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების გაზრდა მოუწევთ – მარკ რუტე

ნატოს წევრ ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების გაზრდა მოუწევთ. განუცხადა გამოცემა „პოლიტიკოს“ ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.

მისი თქმით, ამჟამად ნატო საჰაერო თავდაცვის სისტემების, შორი რადიუსის რაკეტებისა და ტანკების ნაკლებობას განიცდის და დანაკლისის შესავსებად მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტზე მეტის დახარჯვაა საჭირო.

ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, შეერთებული შტატების მოთხოვნა, ეს მაჩვენებელი ხუთ პროცენტამდე გაიზარდოს, სამართლიანია.

უკრაინელების გარეშე გამოსავალი არ იქნება – აუცილებელია ევროპელი ლიდერების ინტეგრირება გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ყველამ ანგარიში უნდა გაგვიწიოს – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს, გარკვევით განუცხადოს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომ ევროპა და აშშ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, – ინფორმაციას Bloomberg- ავრცელებს.

შოლცმა გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში უკრაინელების მონაწილეობის გარეშე გამოსავლის გამონახვა ვერ მოხერხდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელების გარეშე გამოსავალი არ იქნება. ცხადია, თუ ვინმეს სურს, რომ ევროპა სამომავლოდ იყოს ჩართული სამშვიდობო სტრუქტურებში, აუცილებელია ამის განხილვა ევროპასთან და ევროპელი ლიდერების ინტეგრირება გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – აღნიშნა შოლცმა.

მისი მტკიცებით, ევროპის ქვეყნები ერთად უფრო მეტს ხარჯავენ უკრაინისთვის, ვიდრე აშშ.

„ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ ყველამ ანგარიში გაგვიწიოს“, – აღნიშნა შოლცმა.

ბათუმში ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ურბანულ დაგეგმარებას, უზრუნველყოს საჯარო სივრცეების უსაფრთხოება და მუდმივი მონიტორინგი – სახალხო დამცველი

ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ურბანულ დაგეგმარებას, უზრუნველყოს საჯარო სივრცეების უსაფრთხოება და მათი მუდმივი მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები, – ასე ეხმაურება სახალხო დამცველის აპარატი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას, რომლის შედეგადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა.

სახალხო დამცველი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, რომ უზრუნველყონ სწრაფი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს პასუხისმგებელი პირები და მათ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებასა და თანაგრძნობას გამოხატავს ბათუმში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

„ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა. ხოლო ბავშვთა სიცოცხლისა და კეთილდღეობის დაცვა უნდა იყოს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი.

ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ურბანულ დაგეგმარებას, უზრუნველყოს საჯარო სივრცეების უსაფრთხოება და მათი მუდმივი მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას დაღუპულთა ოჯახების წინაშე და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს:

უზრუნველყონ სწრაფი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს პასუხისმგებელი პირები და მათ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა;

შეიმუშაონ ეფექტიანი პრევენციული და რეაგირების მექანიზმები საჯარო სივრცეებსა და სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.