Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

უკრაინაში ყველა ჩვენგანს უნდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი იყოს ჩვენთან ერთად თურქეთში, ეს სწორი იდეაა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას სურს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწროს თურქეთში 15 მაისს რუსულ-უკრაინულ შეხვედრას. ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეგრამ არხში დაწერა.

მანამდე, ცოტა ხნით ადრე ტრამპმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ შესაძლოა, 15 მაისს თურქეთში ჩავიდეს.

„ახლახან მოვისმინე პრეზიდენტ ტრამპის განცხადება. ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები. მე მხარი დავუჭირე დონალდ ტრამპის იდეას ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ – საკმარისად ხანგრძლივი, რათა დიპლომატიას მისცეს საფუძველი. ჩვენ ეს გვინდა, ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ ჩვენი მხრიდან ცეცხლის შეწყვეტა. მე მხარი დავუჭირე პრეზიდენტ ტრამპის იდეას პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ. გულწრფელად ვთქვი, რომ შეხვედრისთვის მზად ვარ. მე თურქეთში ვიქნები. იმედი მაქვს, რუსები ამ შეხვედრას თავს არ აარიდებენ და, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანს უკრაინაში უნდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი იყოს ჩვენთან ერთად თურქეთში ამ შეხვედრაზე. ეს სწორი იდეაა. ბევრის შეცვლა შეგვიძლია. პრეზიდენტ ერდოღანს ნამდვილად შეუძლია, უმასპინძლოს შეხვედრას უმაღლეს დონეზე. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება“, – წერს ზელენსკი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა: „რუსეთსა და უკრაინას შორის 15 მაისს თურქეთში შეხვედრამ შესაძლოა, კარგი შედეგები გამოიღოს, ვფიქრობ სტამბოლში ჩაფრენაზე“.

„მზაობაა, რომ იტალიასა და ლუქსემბურგში საპარლამენტო საქმიანობა გავაღრმაოთ”- ლევან მახაშვილი

„მზაობაა, რომ იტალიასა და ლუქსემბურგში საპარლამენტო საქმიანობა გავაღრმაოთ, შემდეგი ვიზიტები და შეხვედრებიც დავგეგმეთ“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„ორმხრივი შეხვედრების დროს ვისაუბრეთ, თუ რა პროცესები ვითარდება საქართველოში, რა გეგმები გვაქვს, ევროკავშირთან, რუსეთთან, რეგიონში. მზაობაა, რომ იტალიასა და ლუქსემბურგში საპარლამენტო საქმიანობა გავაღრმაოთ და შემდეგი ვიზიტები და შეხვედრებიც დავგეგმეთ.

დაინტერესდნენ, რა მდგომარეობაა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. რატომ არის ის ვითარება, სადაც ვართ. რაში ვხედავთ გამოსავალს და თავად რა შეუძლიათ გააკეთონ, ამ ურთიერთობების გადატვირთვისთვის, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის წინ წაწევისთვის.

სრული მზაობა გამოთქვეს, რომ თუ დახმარება შეუძლიათ სხვადასხვა მიმართულებით, საქართველოს პარლამენტს დახმარება აღმოუჩინონ“, – განაცხადა მახაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებთან საუბრისას.

,,რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შესაძლო შეხვედრა სტამბოლში ძალიან მნიშვნელოვანია “- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 15 მაისს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შესაძლო შეხვედრას „ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა“.

ამის შესახებ მან მედიკამენტების ფასის შემცირებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მდივანთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, რუსეთსა და უკრაინას შორის ხუთშაბათს თურქეთში შეხვედრამ შესაძლოა, კარგი შედეგები გამოიღოს. მჯერა, რომ ორი ლიდერი იქ იქნება წარმოდგენილი. ვფიქრობ ჩაფრენაზე. არ ვიცი, სად ვიქნები ხუთშაბათს. ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს. თუმცა ვფიქრობ, იქ ჩაფრენაზე. ამის შესაძლებლობა არის, ვფიქრობ, რამე შეიძლება მოხდეს. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ხუთი ათასი სიცოცხლე კვირაში, სინამდვილეში უფრო მეტიც. როდესაც უყურებ ბრძოლის ველის სატელიტურ გამოსახულებებს, ყველგან მოწყვეტილი კიდურები და თავებია. აქვს ამას აზრი? ამას არავითარი აზრი არ აქვს. ასე რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა ვნახოთ, თუ შეგვიძლია ამ სისხლისღვრის დასრულება“, – განაცხადა ტრამპმა.

უახლოეს დღეებში დონალდ ტრამპს დაგეგმილი აქვს ვიზიტების საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარში.

,,ევროპის მომავალზე მსჯელობა ორმხრივი მოძრაობა უნდა იყოს”- შალვა პაპუაშვილი

ევროპული მომავლის საერთო ხედვა არ უნდა ეფუძნებოდეს ხელოვნურად შექმნილ იდეოლოგიურ წარმონაქმნებს, არამედ ცივილიზაციურ ფასეულობებს, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლო,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროპის მომავალზე მსჯელობა ორმხრივი მოძრაობა უნდა იყოს, და არა ერთი მხრიდან მომდინარე ქადაგება იმ ღირებულებებისა, რომლებიც ევროპის მხოლოდ ნაწილს ესმის და მხოლოდ ნაწილი იზიარებს.

„სამწუხაროდ, ეს არის ის, რასაც ჩვენ ზოგჯერ ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი წევრებისა და სტრუქტურების მიდგომაში ზოგიერთი წევრი ქვეყნისა და კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ამ მიდგომის პარადიგმა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ჯერ უნდა გამოიწვრთნას „ჭეშმარიტ ევროპელად“, იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც, განსაზღვრებითვე, არსებითად სადავოა. ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის პოლიტიკაში ახალბედა ქვეყნისთვის, აშკარად თვალში საცემია, რომ ევროკავშირში არსებობს „ევროპელობის“ გარკვეული იერარქია. არადა, წესით, ამ საკითხზე მონოპოლია არავის უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ევროპული მომავლის საერთო ხედვა არ უნდა ეფუძნებოდეს ხელოვნურად შექმნილ იდეოლოგიურ წარმონაქმნებს, არამედ ცივილიზაციურ ფასეულობებს, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლო. ევროპის მომავალზე მსჯელობა ორმხრივი მოძრაობა უნდა იყოს და არა, ერთი მხრიდან მომდინარე ქადაგება იმ ღირებულებებისა, რომლებიც ევროპის მხოლოდ ნაწილს ესმის და მხოლოდ ნაწილი იზიარებს.

სამწუხაროდ, ეს არის ის, რასაც ჩვენ ზოგჯერ ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი წევრებისა და სტრუქტურების მიდგომაში ზოგიერთი წევრი ქვეყნისა და კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ამ მიდგომის პარადიგმა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ჯერ უნდა გამოიწვრთნას „ჭეშმარიტ ევროპელად“, იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც, განსაზღვრებითვე, არსებითად სადავოა. ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის პოლიტიკაში ახალბედა ქვეყნისთვის, აშკარად თვალში საცემია, რომ ევროკავშირში არსებობს „ევროპელობის“ გარკვეული იერარქია. არადა, წესით, ამ საკითხზე მონოპოლია არავის უნდა ჰქონდეს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი განცხადებით, ევროკავშირმა უნდა მოუსმინოს ფართო ევროპას, ახალსაც, ძველსაც და უძველესსაც.

„ევროპა ყოველთვის ვითარდებოდა, და მისი ამჟამინდელი ინსტიტუციური ფორმა – ევროპული კავშირი – არ წარმოადგენს სრულიად ევროპას. ამიტომ, ევროკავშირმა უნდა მოუსმინოს ფართო ევროპას, ახალსაც, ძველსაც და უძველესსაც.

ჩვენს შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რომ ფორმალური დამოუკიდებლობა 1991 წელს მოვიპოვეთ, საქართველოს მრავალი ასწლეულის განმავლობაში ეროვნული მმართველობის ხანგრძლივი ისტორია აქვს და უნიკალური კულტურა, რომელიც ათასწლეულებს ითვლის. ჩვენი პარლამენტარიზმის საფუძვლები მაგნა კარტის ხელმოწერის პერიოდს მიეკუთვნება, როდესაც საქართველო აბსოლუტური მონარქიის უფლებების შეზღუდვის პირველი მცდელობის მომსწრე გახდა. ჩვენ, ასევე, თანამედროვე დემოკრატიული ევროპის თანაშემოქმედნი ვართ. მე წარმოვადგენ პარლამენტს, რომელიც დემოკრატიულად პირველად იქნა არჩეული 1919 წელს, რომელშიც წარმოდგენილი იყოს პირველი, საერთაშორისო დონეზე უპრეცედენტო, პროგრესული სოციალურ-დემოკრატიული უმრავლესობა, და რომელმაც უზრუნველყო ქალების სრული საარჩევნო უფლებები, მათ შორის, 5 პარლამენტარი ქალი იქნა არჩეული, 106 წლის წინ.

შესაბამისად, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა ნიშნავს არა ექსკლუზიურ კლუბში გაწევრიანებას, არამედ დაგვიანებულ ხელახალ გაერთიანებას”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

,,ახალ ომს ძალიან რეალისტურ სცენარად მივიჩნევთ”- ანდრიუს კუბილიუსი

თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი იზიარებს დასავლური სადაზვერვო სააგენტოების შეფასებას, რომ რუსეთის თავდასხმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდეს.

კუბილიუსის თქმით, გერმანიის, დანიისა და სხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები მიიჩნევენ, რომ რუსეთი ევროკავშირზე თავდასხმას 2030 წლამდე ან კიდევ უფრო ადრე, მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეძლებს.

„ამიტომ, თუ უკრაინაში მშვიდობა ან ზავი დამყარდება, რუსეთი გააგრძელებს ისეთი რაოდენობის იარაღის წარმოებას და დაგროვებას, რაც საბოლოოდ მას ახალი აგრესიის დაწყების საშუალებას მისცემს“, – ამბობს კუბილიუსი.

კუბილიუსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას, თუმცა „ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი შეწყვეტს შემდგომი აგრესიისთვის მზადებას, იქნება ეს უკრაინის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თუ ნატო-ს წინააღმდეგ“.

„ჩვენ ახალ ომს ძალიან რეალისტურ სცენარად მივიჩნევთ. რუსეთის თავდასხმის შეკავების ერთადერთი გზა მისთვის ჩვენი მზადყოფნის გაზრდაა“, – ამბობს კუბილიუსი.

უფალმა თავისი მადლითა და კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა – უნდა ვეცადოთ, დავიცვათ და გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე – მეუფე შიო

x

უფალმა თავისი მადლითა და კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა. თუ გვინდა, რომ ამიერიდანაც, მომავალშიც გადავრჩეთ ამ მიწიურ ცხოვრებაშიც, როგორც ერი, და მარადიულ ცხოვრებაშიც გავხდეთ იმ დიდი საღვთო სიყვარულის თანაზიარნი, რომელიც ასე უხვად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, უნდა ვეცადოთ, ამ გზით ვიაროთ, დავიცვათ და გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე – მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილი ჩვენი სამშობლო , – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი)წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მან მრევლს დღევანდელი დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის, არამედ სახელმწიფო მნიშვნელობის დღეც არის.

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო დედაქალაქის მერო, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, მთავრობის წევრებო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, გილოცავთ წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილების დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

შეგახსენებთ, რომ წმინდა მოციქული ანდრია იყო იესო ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოწაფე და მას განსაკუთრებული მისია დაეკისრა. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა როცა წილი ყარეს, თუ ვინ სად წასულიყო საქადაგებლად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წილად ერგო ივერიის მოქცევა, მაგრამ ვინაიდან, მისი გარდაცვალება იყო მოახლოებული, მაცხოვარი გამოეცხადა მას და უბრძანა იერუსალიმში დარჩენილიყო, მის ნაცვლად კი საქართველოში გაეგზავნა ანდრია მოციქული თავის ხელთუქმნელ ხატთან ერთად.

და აი, ყოვლადწმინდა ქალწულმა, დედა ღვთისმშობელმა აუწყა ანდრია მოციქულს ღვთის ნება, მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე, ამ ფიცარზე გამოისახა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი და უთხრა ანდრია მოციქულს, რომ ეს ხატი იქნებოდა ქართველთა მცველი უკუნისამდე, ხოლო თვითონ – მათი ცხოვრების შემწე და გამგე და ვერავინ მტერთაგან ვერ სძლევს მათ.

მაცხოვარი როცა გამოეცხადა ღვთისმშობელს, ამ დროს ასევე უთხრა ეს დიდებული სიტყვები: „არა უგულებელსვყოფ შენი მეოხებით ერსა მას საზეპუროსა, უფროის ყოველთა ნათესავთასა შენდამი წილხვდომილს“. აი, ასეთ საოცარ მოვლენას ვიხსენებთ, ძვირფასო ძმებო და დებო.

წმინდა ანდრია მოციქულმა იქადაგა საქართველოს მრავალ კუთხეში, აკურთხა მღვდლები, დიაკვნები, ააშენა ტაძრები და ამიტომაც ითვლება იგი ჩვენი ქვეყნის მფარველად, საქართველოს ეკლესია კი იწოდება სამოციქულოდ, რადგან სწორედ ანდრია პირველწოდებულმა დააფუძნა ჩვენში ქრისტეს რწმენა.

ეს მოვლენები – ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა, ანდრია პირველწოდებულის ქადაგება საქართველოში, მცხეთაში მაცხოვრის კვართის მობრძანებასთან ერთად – არის სწორედ იმ საზეპუროობის ნიშნები, რომელზეც უთხრა იესო ქრისტემ გამოცხადების დროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ამ მოვლენებით გამოჩნდა უფლის განსაკუთრებული სიყვარული ქართველი ერისადმი და ის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ჩვენი მფარველი და მცველი. ვმადლობთ და ვადიდებთ უფალს ყოველივე ამისთვის.

ჩვენ ვფიქრობთ, რა გზით უნდა იაროს ჩვენმა ქვეყანამ. აი, სწორედ ეს მოვლენები გვიჩვენებს, რომ ჩვენი სულიერი და ზნეობრივი განვითარების მთავარი მიმართულება ამაში მდგომარეობს.

პავლე მოციქული წერს ასეთ სიტყვებს: „ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა იცხოვრონ ამიერიდან არა თავისთვის, არამედ იმისთვის, ვინც მოკვდა და აღდგა მათთვის“ (II კორ. 5,15). ჩვენი, როგორც ერის და არამარტო, როგორც ცალკეული პიროვნების, მოწოდება არის ის, რომ ვუპასუხოთ ამ დიდ სიყვარულს და ვიცხოვროთ არა ჩვენი ამქვეყნიური, მიწიური ინტერესებისთვის, არამედ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, იმისთვის, ვინც ჩვენთვის მოკვდა და აღდგა, ვინც დაგვიდგინა თავისი ყოვლადწმინდა დედა მცველად და მფარველად, ვინც მოგვივლინა თავისი უახლოესი მოწაფე ჩვენს მოსაქცევად – ანდრია პირველწოდებული სვიმონ კანანელთან და სხვა მოციქულებთან ერთად.

ჩვენი წინაპრები, ძვირფასო ძმებო და დებო, მუდამ ცდილობდნენ, ეპასუხათ ამ მოწოდებისთვის და ამ გზით ევლოთ. ამიტომაც უფალმა თავისი მადლითა და კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა; და თუ გვინდა, რომ ამიერიდანაც, მომავალშიც გადავრჩეთ ამ მიწიურ ცხოვრებაშიც, როგორც ერი, და მარადიულ ცხოვრებაშიც გავხდეთ იმ დიდი საღვთო სიყვარულის თანაზიარნი, რომელიც ასე უხვად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, უნდა ვეცადოთ, ამ გზით ვიაროთ, დავიცვათ და გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე – მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილი ჩვენი სამშობლო.

დღეს დიდი სიყვარულით მინდა მივულოცო მივულოცო ეს დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომელიც არის წმინდა ანდრიას სამოციქულო მსახურების ნამდვილი გამგრძელებელი. თქვენ იცით, რომ ეს დღესასწაულიც დაწესდა მისი ლოცვა-კურთხევით და მისი ღვაწლის დიდი შედეგია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს დღესასწაული გამოაცხადა სახელმწიფო დღესასწაულად, რითაც დაადასტურა, რომ ეს არა მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის, არამედ სახელმწიფო მნიშვნელობის დღეც არის.

მადლობას ვუხდით მის უწმინდესობას და უნეტარესობას, ვუსურვებთ დღეგრძელობას და ჯანმრთელობას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აჯილდოებს ჩვენს სასიქადულო რეჟისორს, ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ნება მომეცით, წაგიკითხოთ ეს სიგელი:

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

თანამედროვე ქართული კინოს ფრიად გამორჩეული რეჟისორი, პედაგოგი, უბადლო ესთეტი და ქვეყნის დიდი გულშემატკივარი, ბატონი მერაბ კოკოჩაშვილი დაჯილდოვდეს საპატრიარქო სიგელით.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“

ასევე, ბატონ მერაბს გადაეცემა საზოგადოება „ივერიისას“ სახელით სპეციალური ჯილდო – ოქროს ჯვარი, მახათის ტაძრის გუმბათის ჯვრის ასლი.

ბატონო მერაბ, ღმერთმა გაგახაროთ და გადღეგრძელოთ. ყველას გვიყვარხართ და გისურვებთ დიდ ახალ შემოქმედებით წარმატებებს და დიდხანს სიცოცხლეს. დიდი მადლობა”, – განაცხადა მეუფე შიომ.

„დღევანდელი დღე ჩემთვის არის განსაკუთრებული, ვინაიდან, თქვენ მიერ ჩემთვის მოძღვნილი ჯვარი ეს არის ნიშანი იმისა, რომ უნდა იყო რწმენითა და სულიერებით სავსე, უნდა იყო სავსე სიმართლით და თავდადებული შენი ქვეყნისა და შენი ხალხისთვის. უღრმესი მადლობა]”, – აღნიშნავს მერაბ კოკოჩაშვილი.

მეუფე შიომ მას მადლობა გადაუხადა.

„გაიხარეთ, ბატონო მერაბ, თქვენ ამას ნამდვილად ადასტურებთ თქვენი ცხოვრებითა და შემოქმედებით. ღმერთმა დაგლოცოთ!“, – აღნიშნა მეუფე შიო

პოლონეთმა ვარშავის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარ ხანძარში რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა

პოლონეთმა ვარშავის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარ ხანძარში რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა.

ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი ჯგუფი რუსეთის ტერიტორიიდან იმართებოდა. პასუხად, ოფიციალური ვარშავა კრაკოვში, რუსეთის გენერალურ საკონსულოს ხურავს.

“ამ არაადეკვატურ ნაბიჯებს ადეკვატური რეაგირება უახლოეს მომავალში მოჰყვება”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა.

ლავროვის უწყება პოლონეთს ორმხრივი ურთიერთობების ნგრევაში ადანაშაულებს. ხანძარი სავაჭრო ცენტრში შარშან მაისში გაჩნდა.

 „რატის ბარში” მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში  “რატის ბარში” მომხდარი  მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს  ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით, ხოლო მეორე პირს – დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, ქ. თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე „რატის ბარში”, ბრალდებულმა  დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული  მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

მეორე ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და  იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული – განზრახ მკვლელობა – აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე ბრალდებულს   ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა)  წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით  კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მიხეილ ყაველაშვილი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო 

12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება. სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და თბილისი მერ კახა კალაძესთან ერთად, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვას დაესწრო. პრეზიდენტმა საზოგადოებას ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე მიულოცა.

საზეიმო წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, მღვდელმთავრებთან ერთად, აღავლინა, რომლის დასრულების შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა.

ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს, ვინ სად წასულიყო საქადაგებლად, ღვთისმშობელს წილად ერგო ივერიის მოქცევა – მეუფე შიო

როდესაც მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვინ სად წასულიყო საქადაგებლად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წილად ერგო ივერიის მოქცევა, – განაცხადა ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი).

„ვინაიდან მისი გარდაცვალება იყო მოახლოებული, მაცხოვარი გამოეცხადა მას და უბრძანა იერუსალიმში დარჩენილიყო, მის ნაცვლად კი საქართველოში გაეგზავნა ანდრია მოციქული თავის ხელთუქმნელ ხატთან ერთად. ყოვლადწმინდა ქალწულმა, დედა ღვთისმშობელმა აუწყა ანდრია მოციქულს ღვთის ნება, მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე და ამ ფიცარზე გამოისახა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. მან უთხრა ანდრია მოციქულს, რომ ეს ხატი იქნება ქართველთა მცველი უკუნისამდე“, – განმარტა მეუფე შიომ.

დღესვე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯილდო გადასცა.

შსს კახეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით 1967 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი რ.ლ. დააკავეს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 მაისს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით ფეხის არეში რ.ლ. დაჭრა, რის შემდგომაც ბრალდებულმა რ.ლ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა ჯ.კ.-ს.

ბრალდებული რ.ლ. კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება, ხოლო ჯ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები – სანადირო თოფი და პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როდესაც ევროპის დღეზე, ევროკავშირის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე თავს ესხმიან მედიას, ეს აჩვენებს ევროკავშირის საელჩოს ღირებულებით კრახს – შალვა პაპუაშვილი

როდესაც ევროპის დღეზე, ევროკავშირის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე თავს ესხმიან მედიას, ეს აჩვენებს ევროკავშირის საელჩოს ღირებულებით კრახს, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბუდაპეშტში.

პაპუაშვილი ამ განცხადებით ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს გამოეხმაურა.

„როდესაც ევროპის დღეზე, ევროკავშირის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე თავს ესხმიან მედიას, ეს აჩვენებს ევროკავშირის საელჩოს ღირებულებით კრახს, როდესაც ამ თავდასხმაზე რეაგირება არ ხდება. შეიძლება ექსცესები მოხდეს ყველგან, თუმცა როდესაც უჩუმდება ევროკავშირის საელჩო ჟურნალისტზე თავდასხმას, ეს აჩვენებს, რომ ის ამით ითმენს, თვალს ხუჭავს და რაც ყველაზე სამწუხაროა, ახალისებს ჟურნალისტებზე თავდასხმას.

მათ შორის ამ თავდასხმაში მონაწილეობდნენ ევროკავშირისგან დაფინანსებული ადამიანები. სამწუხარო ტენდენცია ჩამოყალიბდა ევროკავშირის საელჩოს მხრიდან, რომელიც იქცა როგორც სიძულვილის ენის, ისე რიგ შემთხვევაში, ძალადობის წამახალისებლად როდესაც მისი დაფინანსებული ადამიანები არიან ჩართული ძალადობაში, სიძულვილის ენაში, დეზინფორმაციის გავრცელებაში და ამაზე არათუ თვალს ხუჭავს, საერთოდ არ რეაგირებს, რაც საბოლოო ჯამში, ახალისებს ძალადობას და სიძულვილს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა კრემლის ბენეფიციარმა ელენე ხოშტარიამ. იმ დროს, როდესაც ჟურნალისტი ინტერვიუს წერდა, ელენე ხოშტარია მას მიეჭრა, მუშაობაში ხელი მიზანმიმართულად შეუშალა, რესპონდენტს კი საუბარი არ აცადა. ხოშტარიამ ჟურნალისტს რუსი უწოდა, „ქრონიკის“ კორესპოდენტმა კი მას შეახსენა, რომ რუსეთიდან თავად ფინანსდება.