Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა თებერვალში წარადგინოს – „ბლუმბერგი“

აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა თებერვალში წარადგინოს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის მოკავშირეები ელოდებიან, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მომავალ კვირას, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რუსეთსა და უკრაინას შორის „ომის დასრულების გეგმას“ წარადგენს.

გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ომის დასრულების გეგმა, სავარაუდოდ უნდა წარადგინოს უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა, რომელიც მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

წყაროებმა უარი თქვეს დაეკონკრეტებინათ, რამდენად დეტალური იქნება გეგმის განხილვა და რა ფორმატში გაიმართება ის. წყაროების თქმით, სავარაუდო გეგმის ელემენტებს შორისაა: პოტენციურად კონფლიქტის გაყინვა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების განუსაზღვრელი სტატუსი, ასევე უკრაინისთვის დაუკონკრეტებელი უსაფრთხოების გარანტიების მიცემა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კელოგმა დაადასტურა, რომ გეგმავს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას და „ამერიკის იმ მოკავშირეებთან შეხვედრას, რომლებიც მზად არიან აშშ-სთან თანამშრომლობისთვის“.

მანამდე, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ს უკვე აქვს „კარგი, საიმედო გეგმა“ უკრაინაში ომის დასასრულებლად.

2 თებერვალს გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ რვა პირს სასამართლომ გირაო შეუფარდა

2 თებერვალს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ რვა პირს სასამართლომ გირაო შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდებულები საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ.

გიგი უგულავას და კიდევ შვიდი პირის მიმართ პროკურატურა 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

სასამართლომ გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს 5000-ლარიანი გირაო, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ კუტუბიძეს 3500-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ბრალდების მხარის განცხადებით, დაკავებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები არსებობს.

სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ რვა პირს – გიგი უგულავას, ვასილ ელიავას, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, დიმიტრი ბიძინაშვილს, ნიკოლოზ კუპატაძეს, ნიკოლოზ ქუმსიშვილსა და ალექსანდრე გოგოლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით წარედგინათ, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდება ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა 80 ხმით, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას, თანმდევ პროექტებთან ერთად,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტით განისაზღვრება სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის ცნება; რეგულირდება დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟთან დაკავშირებული საკითხები; პროექტით აიკრძალება მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში; აგრეთვე აიკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება.

როგორც არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, წვრილმანი ხულიგნობა, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა – გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას, ნაცვლად 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმისა ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 3 000 ლარამდე ან 20 დღემდე პატიმრობას, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა, ნაცვლად 1500-დან 2000 ლარამდე ჯარიმისა ან 5-დან 15 დღემდე პატიმრობისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5000 ლარამდე ან 5-დან 60 დღემდე პატიმრობას.

მისივე თქმით, ვანდალიზმის განმეორებით ჩადენა, 2000 ლარი ჯარიმის ან 5 დღემდე პატიმრობის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას კვლავ 2 000 ლარის ოდენობით ან 60 დღემდე პატიმრობას.

მომხსენებლის განმარტებით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.

სახალხო დამცველმა დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს მიმართა

სახალხო დამცველმა დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს მიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა.

„დღეს, 5 თებერვალს სახალხო დამცველმა მიმართა ეუთო/ოდირს და სთხოვა სამართლებრივი დასკვნის მომზადება იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე კვირას დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. წარმოდგენილი ინიციატივა დაჩქარებულად განიხილება და მიზნად ისახავს ცვლილებების შეტანას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში.

მითითებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტი კვლავ დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რაც არ იძლევა მასში სრულფასოვანი მონაწილეობის და ჩართვის შესაძლებლობას.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა და იმედს გამოთქვამს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით, სრულად იქნება მხედველობაში მიღებული. ამასთან, მიღებული იქნება ყველა ზომა ადამიანის უფლებებზე ნეგატიური ეფექტების აღმოსაფხვრელად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ქართველიშვილი: აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოსთან საზღვარი იმიტომ დაკეტა, რომ საზღვრის გავლით ე.წ. ოპოზიციური მედიისა და მესამე სექტორისთვის USAID-ის გავლით ქეშად შეტანილი არაერთი მილიონის ფაქტი ამხილა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა იმაზე, თუ რა გახდა საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვრის დიდი ხნით ჩაკეტვის მიზეზი.

ექსპერტის თქმით, სწორედ საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის გავლით USAID-ი და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები ახდენდნენ თანხების შეტანას აზერბაიჯანში ე.წ ოპოზიციური მედიისა და მესამე სექტორის გააქტიურებისთვის, რის საბოლოო მიზანიც იყო აზერბაიჯანში ფერადი რევოლუციის მოწყობა.

„პარტია „ხალხის ძალა“ უკვე მესამე წელია საუბრობს USAID-ზე, სოროსის ფონდზე, NED-ზე და ასევე სწავლობს ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ მოკავშირე აზერბაიჯანში განვითარებულ მოვლენებს. აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობა უკვე დიდი ხანია შეჩერებულია, სოროსის ფონდები კი ვერ ამზადებენ სახელმწიფო გადატრიალებას და ფერად რევოლუციებს.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი დღემდე დაკეტილია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ამ საზღვრის გავლით ე.წ ოპოზიციური მედიისა და მესამე სექტორის გააქტიურების მიზნით და USAID-ის ხაზის გავლით ქეშად შეტანილი არაერთი მილიონის ფაქტი ამხილა.

ახლა საქართველოში დგას ძალიან საინტერესო პერიოდი. ყოველდღიურად და სხვადასხვა ბრუნვაში თავს არ გვახსენებენ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერები. აღარ გვაქვს იმის შიში, რომ კვალავ ათეულობით მილიონი შემოვა ქვეყნის აყირავებისთვის, გადატრიალებისა და მაიდანიზაციის მიზნით.
ახლა საქართველოს აქვს ხელსაყრელი პერიოდი, როცა ჩვენი ძალისხმევა მთლიანად არ უნდა მივმართოთ გარე ძალების შეჩერებაზე. ჩვენი ძალები ახლა უნდა მოვახმაროთ ქვეყნის აღმშენებლობას და სხვადასხვა სფეროების რეფორმას.

ყოველდღიურიო ბრძოლა წესების გარეშე ამ ყველაფრის საშუალებას ამდენი ხნის განმავლობაში არ გვაძლევდა. დღეს კი საქართველოს ეძლევა პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სამშვიდობოზე გასვლის ძალიან კარგი შესაძლებლობა,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

,,USAID არა მხოლოდ არ თანამშრომლობს, არამედ ძირს უთხრის იმ სამუშაოს, რომელსაც იმ ქვეყანაში ვასრულებთ”- რუბიო

თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ის საელჩოებს ესტუმრებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირებისა და ელჩებისგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრეტენზია იქნება ის, რომ USAID-ი არა მხოლოდ არ თანამშრომლობს, არამედ ძირს უთხრის იმ სამუშაოს, რომელსაც ჩვენ მასპინძელ ქვეყანაში ვასრულებთ, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

„თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ის საელჩოებს ესტუმრებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირებისა და ელჩებისგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრეტენზია იქნება ის, რომ USAID-ი არა მხოლოდ არ თანამშრომლობს, არამედ ძირს უთხრის იმ სამუშაოს, რომელსაც ჩვენ მასპინძელ ქვეყანაში ვასრულებთ, მხარს უჭერენ პროგრამებს, რომლებიც აღაშფოთებენ მასპინძელი ქვეყნის მთავრობას, ვისთანაც ჩვენ ვცდილობთ ვითანამშრომლოთ უფრო ფართო მასშტაბით და ა.შ.“ – აღნიშნა მარკო რუბიომ.

„ასე რომ, ისინი აბსოლუტურად არ რეაგირებენ. ისინი უბრალოდ არ მიიჩნევენ, რომ მუშაობენ აშშ-სთვის, ისინი უბრალოდ ფიქრობენ, რომ გლობალური ორგანიზაცია არიან და რომ მათი პატრონი არის მსოფლიო და არა შეერთებული შტატები. და ეს არ არის ის, რასაც დებულება ამბობს და ეს არ არის მდგრადი“, – დასძინა მან.

 გიგი უგულავას და კიდევ 7 პირის მიმართ პროკურატურა 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენებას მოითხოვს

„თბილისი მოლთან” სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებულების, გიგი უგულავას და კიდევ 7 პირის მიმართ პროკურატურა 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

როგორც პროკურორმა ირაკლი ყვავაძემ შუამდგომლობაში განმარტა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები არსებობს.

მისივე განმარტებით, დაკავებულები გიგი უგულავა, ვასილ ელიავა, ირაკლი ტაბატაძე, ირაკლი წიგნაძე, დიმიტრი ბიძინაშვილი, ნიკოლოზ კუპატაძე, ნიკოლოზ ქუმსიშვილი და ალექსანდრე გოგოლაძე სამართალდამცავების მიმართ აგრესიულები იყვნენ და არ ემორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნას.

პროკურორის თქმით, დაკავებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები არსებობს.

ადვოკატები ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ, ისინი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვენ. იმ შემთხვევაში, თუკი, სასამართლო გირაოს გამოყენებას მაინც გადაწყვეტს, უფლებადამცველები მინიმალური ოდენობით გირაოს გამოყენებას ითხოვენ.

ცნობისთვის, დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით წარედგინათ, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

,,საკანონმდებლო ცვლილებებს მეტი ერთიანობა და პროტესტი უნდა დავუპირისპიროთ”- გიორგი ვაშაძე

საკანონმდებლო ცვლილებებს მეტი ერთიანობა და პროტესტი უნდა დავუპირისპიროთ, რაც უფრო ღრმად შეტოპავენ, უფრო სწრაფად დაასრულებს საკუთარ თავს ვერშემდგარი ივანიშვილის დიქტატურა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, მედიის გაჩუმება, პროტესტის ჩახშობა და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება.

“რაც შემოაქვთ ახლა სამ მიზანს ისახავს. პირველი გააჩუმონ მედია და მედიასთან დაკავშირებით კანონი შემოიღეს. თქვენ კოლეგებს შეიძლება, ციხეშიც უკრან თავი ისე, როგორც მზია ამაღლობელი ჰყავთ გამოკეტილი. ვფიქრობ, სოლიდარობა მასთან მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. მეორე მიზანია ჩაახშონ პროტესტი, ანუ აღკვეთონ პროტესტის შესაძლებლობა და აი ეს კანონებია. მესამე მიზანია დააპატიმრონ პოლიტიკური ოპონენტები ანუ ჩვენ, პოლიტიკური ოპონენტები გამოგვკეტონ ციხეში. აი, ეს არის მათი მიზანი. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ მეტი ერთიანობა, მეტი პროტესტი და რაც უფრო ღრმად შეტოპავენ მოკლე პერიოდში, მით უფრო სწრაფად დაასრულებს თავის თავს ვერშემდგარი ივანიშვილის დიქტატურა“, – განაცხადა ვაშაძემ.

“USAID – ამერიკის საგარეო დახმარების უწყება ძირეული ცვლილებების წინაშე დგას”-“ამერიკის ხმა”

აშშ-ის (და საერთოდ, საზღვარგარეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ფართოდ და აქტიურად იხილება საკითხი ამერიკული საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – „იუესაიდის” (USAID) სამომავლო პერსპექტივის თაობაზე – გაუქმდება საბოლოოდ თუ დარჩება (მაგრამ რეფორმირებული სახით) 1961 წელს კონგრესის მიერ შექმნილი უწყება, რომელსაც უცხოური ქვეყნების დახმარების მიზნით შეიქმნა? 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია და დონალდ ტრამპის მიერ ჩამოყალიბებული მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი, რომელსაც მილიარდერი ილონ მასკი ხელმძღვანელობს, ფიქრობს, რომ „იუესაიდი“ მხოლოდ ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა მიერ ბიუჯეტში შეტანილი ფულის გაფანტვის ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს. მისი საქმიანობა – უცხო ქვეყნებისადმი დახმარება არ ჯდება დონალდ ტრამპის პრინციპში – „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.

აშშ-ის რადიოსადგური Voice of America („ამერიკის ხმა“) აქვეყნებს სტატიას სათაურით „USAID – ამერიკის საგარეო დახმარების უწყება ძირეული ცვლილებების წინაშე დგას“, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი ამ სტრუქტურის ბედ-იღბალია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 3 თებერვალს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), რომელიც ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების საგარეო დახმარების პროგრამებს განკარგავს, პრაქტიკულად დაიხურა, თუმცა ჯერ-ჯერობით იურიდიულად არ გაუქმებულა. ორგანიზაციის თანამშრომლებს სამსახურის კომპიუტერული სისტემა დაებლოკათ, ნაწილმა ხელმძღვანელების სახელით მიწერილი შეტყობინება მიიღეს, რომელიც ამბობს, რომ შენობა “სააგენტოს პერსონალისთვის 3 თებერვალს დახურული იქნება”.

3 თებერვალს, ელ-სალვადორში ვიზიტით მყოფმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ის USAID-ის დირექტორის მოვალეობასაც შეითავსებს. რუბიოს განცხადებით, ის სათავეში ჩაუდგება USAID-ის მუშაობის თეთრი სახლის ადმინისტრაციის პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას. რუბიომ სააგენტოს კონგრესისა და თეთრი სახლის მიმართ, ისტორიულად „უპასუხისმგებლო“ უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მტკიცებით, სააგენტოს მიმართულება სახელმწიფო დეპარტამენტისგან უნდა მიეღო.

„USAID ერთგვარად უგულებელყოფდა ამას და ისე იღებდა გადაწყვეტილებებს, თითქოს ის ეროვნული ინტერესებისგან ცალკე არსებული, რაღაც გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია იყო”, – თქვა მარკო რუბიომ და დასძინა: “ეს გადასახადის გადამხდელთა თანხებია და ჩვენ ამერიკის ხალხისადმი გვაქვს იმის ვალდებულება, რომ უცხოეთში გახარჯული თითოეული დოლარი ხელს უწყობდეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს”.

მარკო რუბიოს კომენტარებთან შედარებით, გაცილებით მკაცრი იყო ილონ მასკის განცხადება. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, მილიარდერი ილონ მასკი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ახლადშექმნილ უნიკალურ სამთავრობო უწყებას ხელმძღვანელობს, სახელად “დოჯი”, რომელიც იშიფრება, როგორც მთავრობის ეფექტიანობის სააგენტო. ის მიზნად სამთავრობო ხარჯების შემცირებას და ფედერალური ორგანიზაციების რესტრუქტურიზაციას ისახავს.

„აშკარა გახდა, რომ იქ მატლის გარეშე ერთი ვაშლიც კი არ არის”, – განაცხადა ილონ მასკმა ორშაბათს, 3 თებერვალს. მისი თქმით, სინამდვილეში USAID “ჭიების ბურთია”, რომელიც უნდა მოიშორო, რადგან მისი გაჯანსაღება შეუძლებელია. ამიტომაც, “ჩვენ მას ვხურავთ”, – თქვა მასკმა.

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ისტორია დაახლოებით ექვს ათწლეულს ითვლის. ის დემოკრატი პრეზიდენტის, ჯონ კენედის მიერ დაარსებული ფედერალური ორგანიზაციაა. ამერიკის დახმარებისა და განვითარების სააგენტო ჰუმანიტარულ, განვითარებისა და უსაფრთხოების პროგრამებს დაახლოებით 120 ქვეყანაში ზედამხედველობს.

USAID პრეზიდენტ ტრამპისა და რესპუბლიკელ კანონმდებელთა ერთი ნაწილის კრიტიკის საგანი გახდა. “მას რადიკალი შეშლილების ჯგუფი მართავს. ჩვენ მათ ვიშორებთ”, – უთხრა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 თებერვალს ჟურნალისტებს.

მომხდარს დემოკრატი კანონმდებლები აკრიტიკებენ. მათი აზრით, პრეზიდენტ ტრამპს მსგავსი ნაბიჯების გადასადგმელად, საკონსტიტუციო უფლებამოსილება არ გააჩნია და USAID-ის დახურვა კონგრესის ავტორიზაციის გარეშე, პრეზიდენტს განკარგულების საფუძველზე არ შეუძლია.

2 თებერვალს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ათივე დემოკრატმა მარკო რუბიოს ერთობლივი წერილი გაუგზავნა, რომელშიც ისინი USAID-ს იცავენ. “კონგრესმა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) დააფუძნა, როგორც დამოუკიდებელი სააგენტო, სახელმწიფო დეპარტამენტისგან განცალკევებული, რათა მან უზრუნველყოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად, საგარეო დახმარების განვითარების ექსპერტიზის სწრაფად გამოყენება, განსაკუთრებით – კრიზისის დროს”, – აღნიშნავენ სენატორები.

დასასრულს კანონმდებლები აცხადებენ: “აქედან გამომდინარე, USAID-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან გაერთიანების ნებისმიერი მცდელობა საჭიროა, და კანონით უნდა იყოს კიდეც, კონგრესის მიერ გადახედული, განხილული და დამტკიცებული”.

დემოკრატმა სენატორმა ელიზაბეტ უორენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მასკს უფლებრივად ამერიკის ფედერალურ თანამშრომელთა პირად ინფორმაციაზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს. ”ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ რეაგირება მოვახდინოთ და ხალხი ზიანისგან დავიცვათ”, – განაცხადა მასაჩუსეტსის შტატის სენატორმა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

,,შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება”- მამუკა მდინარაძე

შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება. შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე აიკრძალება საჯარო მოსამსახურის მიერ უცხოური წყაროდან რაიმე სარგებლის მიღება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, საუბარია პირდაპირ ან ირიბ სახელფასო დანამატზე, ტრენინგზე, ვიზიტზე და სხვა.

„აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას; გამარტივდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნები. გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნა და გათავისუფლება განისაზღვრება მინისტრის ან სხვა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის დისკრეციულ უფლებამოსილებად;
შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება. შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე აიკრძალება საჯარო მოსამსახურის მიერ უცხოური წყაროდან რაიმე სარგებლის მიღება (ეს იქნება პირდაპირი ან ირიბი სახელფასო დანამატი, ტრენინგი, ვიზიტი და სხვ.)“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებისთვის სახელმწიფოს მართვის ყველა შესაბამისი ბერკეტის მისაღებად რამდენიმე კანონს დააინიციირებს.

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. მხარეებმა ერთმანეთს 150-150 სამხედრო ტყვე გადასცეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელებში წერს, რუსეთიდან დაბრუნებულ უკრაინელ დამცველებს შორის არიან ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედროები, სადესანტო-მოიერიშე და სახმელეთო ჯარების წევრები, ეროვნული გვარდიის წევრები, მესაზღვრეები, ტერიტორიული თავდაცვის წევრები და სამართალდამცველები.

„ყველა მათგანი ფრონტის სხვადასხვა მიმართულებიდანაა, თუმცა მათ აერთიანებთ საერთო: ისინი უკრაინისთვის იბრძოდნენ. ზოგიერთი მათგანი ტყვეობაში ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა“ – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი ტყვეების დაბრუნების პროცესის მხარდაჭერისთის მადლობას უხდის პარტნიორებს, კერძოდ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.

უკრაინიდან 150 სამხედრო ტყვეს დაბრუნების შესახებ განცხადებას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. უწყების ცნობით, ამჟამად რუსი სამხედრო მოსამსახურეები ბელარუსში იმყოფებიან, სადაც ისინი საჭირო ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას იღებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ტყვეების დაბრუნებაში ჰუმანიტარული შუამდგომლობა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეასრულა.

,,ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ სახელმწიფო არის სახელმწიფო და არავის უნდა მიეცეს სახელმწიფოს შეურაცხყოფის, ან დაკნინების უფლება”- პრემიერი

სახელმწიფო იქნება ხელშეუხებელი და ჩვენ ვერავის, მით უმეტეს გარე ძალებს და უცხოელ აგენტებს ვერ მივცემთ უფლებას, ხელი აღმართონ ქართულ სახელმწიფოსა და ამ სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ სახელმწიფო არის სახელმწიფო და არავის უნდა მიეცეს სახელმწიფოს შეურაცხყოფის, ან დაკნინების უფლება.

„ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ სახელმწიფო არის სახელმწიფო და არავის უნდა მიეცეს სახელმწიფოს შეურაცხყოფის, დაკნინების უფლება და ა.შ. იგივე პოლიცია გამოხატავს სახელმწიფოს, იგივე სასამართლო, მოსამართლე გამოხატავს სახელმწიფოს. როგორც კი ეს პრინციპი ირღვევა, სახელმწიფოს წარმომადგენლის ხელშეუხებლობის პრინციპი, მაშინვე იწყება ხოლმე სახელმწიფოს შერყევა, როგორც ასეთი. რასაც ვაკვირდებოდი, ამის მიზანმიმართული მცდელობა იყო მთელი ამ თვეების განმავლობაში, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე. იმისათვის, რომ შეუქცევადი გახდეს ის პროცესი, რაც უკავშირდება სახელმწიფოს განმტკიცებას, ჩვენ გვჭირდება ამ ყველაფრის უზრუნველყოფა საკანონმდებლო ცვლილებებითაც და ზუსტად ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომლებიც შედის როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. სახელმწიფო იქნება ხელშეუხებელი და ჩვენ ვერავის, მით უმეტეს გარე ძალებს და უცხოელ აგენტებს ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ ხელი აღმართონ ქართულ სახელმწიფოსა და ამ სახელმწიფოს წარმომადგენლებზე,”- აღნიშნა პრემიერმა.