24.11.2026 18:03
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ელის. საქმე ეხება მოწმის სავარაუდო მოსყიდვის მცდელობას, რომლის მიზანიც, გამოძიების ვერსიით, მისი ჩვენების შეცვლა და სარკოზის წინააღმდეგ ადრე გაკეთებულ განცხადებებზე უარის თქმა იყო.
გამოძიების მასალების მიხედვით, 2020 წელს ფრანგულ-ლიბანელმა ბიზნესმენმა ზიად ტაკიედინმა ინტერვიუებში განაცხადა, რომ ინფორმაცია სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის ლიბიიდან თანხების გადაცემის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მანამდე კი ბიზნესმენი ამტკიცებდა, რომ საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად ლიბიური ფული გამოიყენეს.
გამომძიებლების ეჭვით, ტაკიედინს ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ ფინანსური სარგებელი შესთავაზეს. საქმეში ფიგურირებს სარკოზის მეუღლე, კარლა ბრუნიც. გამოძიება ვარაუდობს, რომ ის ამ საქმესთან დაკავშირებულ ფინანსურ ოპერაციებში მონაწილეობდა.
როგორც მედია აღნიშნავს, ამჯერად სარკოზის არა უშუალოდ ლიბიიდან თანხების მიღების, არამედ მოწმის ჩვენების სავარაუდო შეცვლის საქმეზე გაასამართლებენ.
სასამართლო პროცესი 2027 წლის ბოლოს არის დაგეგმილი. საქმეში რამდენიმე პირი ფიგურირებს.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლა სარკოზი ლიბიიდან მისი 2007 წლის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის სავარაუდო დაფინანსების საქმეზე 2025 წელს დამნაშავედ ცნეს და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს.