22.11.2026 19:26
ლიბიის ქალაქ ბენღაზის პორტში რუსულ სამხედრო კორვეტ „მერკურიზე“ აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალიზებული გამოცემა „ნავალ ნიუსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ აფეთქების შემდეგ ხომალდზე ხანძარი გაჩნდა. „ნავალ ნიუსის“ შეფასებით, კორვეტი, სავარაუდოდ, განადგურებულია, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, ხომალდი ჩაიძირა თუ ხანძარმა გაანადგურა.
რუსული კორვეტი „მერკური“ ბენღაზის პორტში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა. გამოცემის ცნობით, ის იმ რუსულ გემებს აცილებდა, რომლებიც სამხედრო დანიშნულების ტვირთების ექსპორტს ახორციელებენ. ლიბიურმა მედიამ ბენღაზის პორტში აფეთქების ფაქტი დაადასტურა, თუმცა თავდაპირველად არ დაუკონკრეტებია, რომ შემთხვევა რუსულ სამხედრო ხომალდს უკავშირდებოდა.
ტელეარხ „ალ-აჰრარის“ წყაროს ინფორმაციით, აფეთქება საბრძოლო მასალების საწყობში მოხდა.
მოგვიანებით, აღმოსავლეთ ლიბიის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ აფეთქება რუსულ ხომალდზე მოხდა. ხელისუფლების განცხადებით, წინასწარი გამოძიების თანახმად, აფეთქების მიზეზი შესაძლოა, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმა ყოფილიყო.