პარასკევი, 20 ნოემბერი, 2026
GE EN RU
დონალდ ტრამპმა, სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა ოთხპუნქტიანი ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს 19.11.2026 19:38

დონალდ ტრამპს, სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს.

დეკლარაცია, რომლის სახელწოდებაა „მშვიდობის შესახებ", კრემლის ვებგვერდზე განთავსდა.

ლიდერების ერთობლივი განცხადებით, ისინი იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ გაერო-ს რეფორმირებას, რათა უფრო ეფექტურად უპასუხოს გლობალურ გამოწვევებს და შეასრულოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების ფუნდამენტური მისია.

ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ ნავთობპროდუქტების წარმოება გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად.

ამასთან, დეკლარაციაში ჩინეთის, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერები მოუწოდებენ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, ბოროტად არ გამოიყენოს თავისი იურისდიქცია. ლიდერებმა ასევე დაადასტურეს, რომ „ბირთვული ომი არ უნდა დაიწყოს" და პირობა დადეს, რომ ბირთვულ რისკებსა და გავრცელებაზე დიალოგს დაიწყებენ.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, სი ძინპინმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2026 წლის 19 ნოემბერს შენჭენში შეხვედრა გამართეს. რუსეთისა და აშშ-ის სახელმწიფოთა მეთაურებმა მადლიერება გამოხატეს ჩინეთის მიმართ ამ ისტორიული სამმხრივი სამიტის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის. სამი სახელმწიფოს მეთაურებმა საფუძვლიანად გაცვალეს მოსაზრებები მიმდინარე საერთაშორისო ვითარებაზე და გამოხატეს ერთგულება სტრატეგიული სტაბილურობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების შენარჩუნების მიმართ.

1. გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსით, რუსეთმა, ჩინეთმა და აშშ-მა გამოხატეს მზადყოფნა გაერო-ს რეფორმირების მიმართ, რათა გაერო-მ შეძლოს, უფრო ეფექტურად უპასუხოს გლობალურ გამოწვევებს და შეესაბამებოდეს თავის ფუნდამენტურ მისიას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში;

2. სამი სახელმწიფო გეგმავს ნავთობგადამუშავების პროდუქტების წარმოებისა და მიწოდების გაზრდას ყველა ქვეყნის საკეთილდღეოდ. მათ დაადასტურეს სტაბილური ენერგომომარაგების მნიშვნელობა;

3. სამი სახელმწიფოს მეთაურები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოთა თანხმობის პრინციპსა და სახელმწიფოს ოფიციალური პირების იმუნიტეტების დაცვას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და თანხმდებიან, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ და სხვა მსგავსმა სტრუქტურებმა ბოროტად არ უნდა გამოიყენონ თავიანთი უფლებამოსილებები;

4. სამი სახელმწიფოს მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერ იქნება და ის არასოდეს არ უნდა დაიწყოს. სამი ქვეყანა აწარმოებს დიალოგს ბირთვული რისკების შემცირებისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის მიზნით", - ნათქვამია ერთობლივ დეკლარაციაში.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ