13.11.2026 01:34
თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთით, მალათიის რეგიონში მოხდა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, S-70 ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, სამინისტრომ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
„მალათიაში ჩვენი S-70 ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად, რომლის მიზეზიც ჯერ კიდევ უცნობია, ვერტმფრენში მყოფი ოთხი გმირი თანამებრძოლი დაიღუპა. ვლოცულობთ, რომ ღმერთმა შეიწყალოს ჩვენი მოწამეები.
ვუსამძიმრებთ და ვლოცულობთ მათი მგლოვიარე ოჯახების და თურქეთის შეიარაღებული ძალებისთვის. ვლოცულობთ, ღმერთმა ჩვენი კეთილშობილი ერი გააძლიეროს", - ნათქვამია განცხადებაში.
თურქული მედიის ცნობით, ჩამოვარდნის ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების და სახანძრო ეკიპაჟები გაიგზავნა. ასევე დაუყოვნებლივ დაიწყო სამძებრო-სამაშველო ოპერაციები.