11.11.2026 16:55
იტალიაში, სულ მცირე, 300 სკოლიდან მოსწავლეთა ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი ელექტრონული ფოსტით მიღებული შეტყობინებები გახდა, რომლებიც სასწავლო დაწესებულებებში ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ გაფრთხილებას შეიცავდა.
მსგავსი მუქარის შემცველი წერილები მიიღეს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაშიც.
ინფორმაციას „როიტერი" და „ინდეფენდენთი" ავრცელებენ.
იტალიის განათლების მინისტრის, ჯუზეპე ვალდიტარას განცხადებით, საუბარია დაახლოებით 300 სკოლაზე და მათი რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.
უსაფრთხოების მიზნით მოსწავლეები შენობებიდან გაიყვანეს. იტალიის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. ხელისუფლების წყაროს ინფორმაციით, ელექტრონულ წერილებს ხელს აწერდა პირი, რომელიც თავს „მისოგინისტანის ვილაიეთის ლიდერ მიხაილ ანდროპოვად" ასაღებდა.
ამავე სახელით გასულ კვირას მუქარის შემცველი შეტყობინებები ირლანდიისა და ბულგარეთის მედიასაშუალებებშიც მიიღეს. მსგავსი შეტყობინებები ჩრდილოეთ ირლანდიის ასობით სკოლამაც მიიღო. ამ ეტაპზე რეალური საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. სკოლებს სასწავლო პროცესის გაგრძელების რეკომენდაცია მიეცათ, თუ პოლიცია განსხვავებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. შოტლანდიის პოლიციაში აცხადებენ, რომ სკოლებში გაგზავნილი შეტყობინებები შეისწავლეს და მათ ცრუ განგაშად მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა, გამოძიება გრძელდება.
ცნობისთვის, ეს ინციდენტები ევროპაში ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ მზარდი შეშფოთების ფონზე ხდება. ბოლო კვირებში მსგავსი მუქარის სამიზნე გახდნენ სხვადასხვა ქვეყანაში სავაჭრო ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, ავიაცია და ტელემაუწყებლები. ამასთან, ჯერ დადასტურებული არ არის, რომ აღნიშნული შემთხვევები ერთიანი კოორდინირებული კამპანიის ნაწილია.