შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
GE EN RU
მედია: რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა - დაზიანებულია ჩრდილოეთის ხიდი, დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის ბავშვი 07.11.2026 10:51

 

რუსეთმა გვიან ღამით კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

თავდასხმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებიდან რამდენიმე საათში მოხდა. მანამდე ზელენსკიმ გააფრთხილა საზოგადოება, რომ რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებდა, იუწყება მედია.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, კიევში სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა, კიდევ ერთი პირი კი - კიევის ოლქში.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ქალაქში დაშავებულებს შორის 14 წლის გოგონაა. კიდევ ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანდა კიევისთვის მნიშვნელოვანი ჩრდილოეთის ხიდიც, რომელიც ამჟამად ორივე მიმართულებით დაკეტილია.

ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, აფეთქებები ქალაქის გარეუბნებშიც მოხდა. მერმა განაცხადა, რომ რუსეთი ბალისტიკური რაკეტებით ინფრასტრუქტურულ ობიექტებს უტევდა.

მოგვიანებით კლიჩკომ კიევის სოლომიანსკის რაიონში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაზიანების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. კიდევ ერთი, ასევე ხუთსართულიანი შენობის ფანჯრები ჩაიმსხვრა. ორივე ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.

კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სოლომიანსკის რაიონში არასაცხოვრებელ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. თავდასხმის შედეგად იმავე რაიონში საბავშვო ბაღიც დაზიანდა.

კიევის ოლქის გუბერნატორის ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, ბროვარის რაიონში რუსული რეაქტიული დრონით თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა და ერთი ადამიანი დაშავდა. მამაკაცი დაზიანებული შენობის ნანგრევებიდან გამოიყვანეს და დამწვრობითა და მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ