05.11.2026 22:24
უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირში უკრაინის 2030 წლისთვის გაწევრიანებას „არარეალისტურად" მიიჩნევს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა ვილნიუსში ვიზიტის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი უნდა იყოს.
„ჩვენ ამას რეალისტურად არ მივიჩნევთ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესს და ჩემი აზრით, ამ საკითხში ვეთანხმებით ლიეტუვას", - უნგრეთის განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს ერთი და იგივე მოთხოვნები, რაც გამორიცხავს უკრაინისთვის ნებისმიერ დაჩქარებულ გაწევრიანების პროცესს.
„ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს იგივე პროცედურა, რაც ჩვენ გავიარეთ. ჩვენ ასევე არ ვუჭერთ მხარს დაჩქარებულ გაწევრიანებას", - განაცხადა ორბანმა.
ამავდროულად, ანიტა ორბანმა აღნიშნა, რომ უკრაინამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია გაწევრიანების პროცესში: მოლაპარაკების ექვსი კლასტერიდან ოთხი უკვე გახსნილია. მან ეს პროგრესი ნაწილობრივ უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას, ასევე ტრანსკარპატიაში უნგრეთის ეროვნული უმცირესობის უფლებების დაცვის შესახებ შეთანხმებით მიაღწია.
ამასთან, შეხვედრისას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა უფრო მეტი ოპტიმიზმი გამოთქვა 2030 წლისთვის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სამიზნე თარიღი უნდა დადგინდეს.
„ჩვენ უფრო ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ვადების მიმართ. ჩვენ გვჯერა, რომ სამიზნე თარიღის დადგენა შესაძლებელია და ეს უნდა მოხდეს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა პროცესის დასრულება 2030 წლისთვის კვლავ შესაძლებელია. თუ ჩვენ, ევროკავშირის მხრიდან, ყველაფერს საკმარისად სწრაფად გავაკეთებთ და უკრაინა რეფორმებს განახორციელებს, ეს თეორიულად შესაძლებელია. ", - განაცხადა ბუდრისმა.