05.11.2026 18:12
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ტრამპის პოლიტიკით უკმაყოფილო ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს, რათა 2028 წლის არჩევნებისთვის „ახალი მემარჯვენეების" ალიანსი შექმნას. ამის შესახებ ინფორმაციას foxnews.com ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „რესპუბლიკურმა პარტიამ" 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში საკმაოდ სერიოზული მარცხი განიცადა. ვენსს და ტრამპს შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, განსაკუთრებით ირანის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის საკითხში.
„ჩვენი დამარცხების მიზეზი ომია. ამის შესახებ პრეზიდენტმაც განაცხადა. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ სენატზე კონტროლის დაკარგვა მომდევნო წლების განმავლობაში ამად ღირდა, მაშინ დაამტკიცეთ, რომ ეს ადეკვატური ფასია," - განაცხადა ვენსმა.
ვენსის თქმით, ყველამ კარგად იცის, თუ რატომ დამარცხდა 3 ნოემბრის არჩევნებში „რესპუბლიკური პარტია" და მომავალზე საუბრისას აუცილებელია ამის გაანალიზება.
ვენსის თქმით, სოციოლოგები მკაფიოდ აყალიბებენ ოთხ ამოცანას, რაც აუცილებელია „რესპუბლიკური პარტიის" რეიტინგის ასამაღლებლად და ამომრჩევლის ნდობის აღსადგენად - ირანში ომის დასრულება, ცხოვრების დონის გაუმჯობესება და ინფლაციის პრობლემების მოგვარება, ამერიკაზე ზრუნვა და ისრაელთა ურთიერთობების გადახედვა.
ჯეი დი ვენსი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი კანდიდატები არიან. Fox News-ის წყარო იუწყება, რომ ტრამპის განცხადებების მიუხედავად - „ჩვენ ჯეი დი უნდა ავირჩიოთ", მარკო რუბიო ისევ რჩება „რესპუბლიკელების" პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატად.
Fox News Digital-ს ტრამპის ადმინისტრაციის ანონიმურმა წყარომ აცნობა, რომ ჯეი დი ვენსის პროგრამის 4 პუნქტი ფართო გაგებით „ახალი მემარჯვენეების" გაერთიანებას ითვალისწინებს. ეს უნდა იყოს „რესპუბლიკელების" კოალიცია, ვინც მხარს უჭერს იდეას „ამერიკა პირველ რიგში", ნეიტრალიტეტის პოლიტიკას საზღვარგარეთ არსებული კონფლიქტების საკითხში, აშშ-ში სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და საზღვრის ჩაკეტვას.
ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ბოლო ორი წლის განმავლობაში ტრამპის რიტორიკას, ძირითად საკითხებში, მხარს უჭერდა, მაგრამ ის მისი გუნდის მცირე წევრებს შორის იყო, ვინც ირანის წინააღმდეგ ომის გაგრძელებით იყო შეშფოთებული. დონალდ ტრამპმაც აღიარა, რომ ჯეი დი ვენსს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარების იდეა თავიდანვე არ მოსწონდა.