ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
GE EN RU
„სიენენი“ – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, ირანთან ომის გამო, შესაძლოა, პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის საკითხს კენჭი უყაროს 05.11.2026 16:14

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, ირანთან ომის გამო, შესაძლოა, თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის საკითხს კენჭი უყაროს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი" წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კენტუკის შტატის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა თომას მასიმ, რომელიც ტრამპის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არის ცნობილი, „სიენენს" განუცხადა, რომ პენტაგონის ხელმძღვანელის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრის ინიცირებას კონგრესის მუშაობის განახლებისთანავე, მომავალ კვირას აპირებს. რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე წყაროს ცნობით, ქვედა პალატაში ამ ინიციატივას მხარდაჭერა ექნება.

გამოცემის ინფორმაციით, შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის ფონზე, პარტიის წევრები ცდილობენ, ირანთან ომზე პასუხისმგებლობა ჰეგსეტს დააკისრონ. როგორც „სიენენი" წერს, კულუარებში საუბრობენ, რომ სწორედ მან უბიძგა დონალდ ტრამპს, ირანზე იერიში სტრატეგიისა და შედეგების მართვის გეგმის გარეშე მიეტანა.

პენტაგონის პრესმდივანმა, შონ პარნელმა განაცხადა, რომ ჰეგსეტი „უკან არ დაიხევს და არ დაუშვებს, რომ დააშინონ პოლიტიკოსებმა, რომლებიც პარტიულ ქულებს აგროვებენ ან ყალბ გამოძიებებს იწყებენ იქ, სადაც არანაირი სამართალდარღვევა არ არის".

თავდაცვის მდივნის თანამდებობიდან იმპიჩმენტის გზით გადასაყენებლად საკითხმა სენატშიც უნდა გაიაროს კენჭისყრა, სადაც გადაწყვეტილების მისაღებად სენატორთა ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პიტ ჰეგსეტის შეცვლას არ განიხილავს.

 

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ