30.10.2026 01:29
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უარი თქვეს იდეაზე, რომ კანადისთვის ბლოკის "ასოცირებული წევრის" სტატუსი შეეთავაზებინათ. ამის ნაცვლად აირჩიეს უფრო რბილი ფორმულირება, რომელიც „კიდევ უფრო მჭიდრო ასოცირებას“ ჰპირდება ევროკავშირი-კანადის ისტორიული მნიშვნელობის სამიტის წინ.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა POLITICO ერთობლივი განცხადების პროექტზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიპლომატების განცხადებით, ქვეყნების ჯგუფი, მათ შორის გერმანია, საბერძნეთი და საფრანგეთი, წინააღმდეგი წავიდა მონრეალში გამოსაქვეყნებელ ერთობლივ ევროკავშირი-კანადის განცხადებაში ასოცირებული წევრობის ხსენების.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავდაპირველად კანადისთვის „ასოცირებული წევრობის“ შეთავაზება სექტემბერში, ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ გამოსვლაში წამოაყენა, რამაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა გააოცა.
ერთობლივი განცხადების წინა პროექტში ეწერა, რომ ევროკავშირი და კანადა „იმუშავებდნენ, რათა 2027 წლის ევროკავშირი-კანადის სამიტისთვის განესაზღვრათ ასოცირებული წევრის კონცეფცია, რომელიც ასახავს ამ კიდევ უფრო მჭიდრო ასოცირების გზით ჩვენს საერთო მისწრაფებასა და თანამშრომლობას კეთილდღეობის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და სტრატეგიული ავტონომიის საერთო მიზნების მისაღწევად“.
საბოლოო ვერსიაში ტექსტი ასე იკითხება:
„ჩვენ შევქმნით კიდევ უფრო მჭიდრო ასოცირებას კანადასა და ევროკავშირს შორის… და ვიმუშავებთ, რათა 2027 წლის ევროკავშირი-კანადის სამიტისთვის განვსაზღვროთ კანადის ევროკავშირთან მუდმივად უფრო მჭიდრო ასოცირების კონცეფცია, რაც არ გულისხმობს სრულუფლებიან წევრობას“.
ამრიგად, ფორმულირება უფრო რბილი ჩანაწერით შეიცვალა, რომელიც კანადას არა სრულ წევრობას, არამედ „მუდმივად უფრო მჭიდრო ასოცირებასა“ და მნიშვნელოვნად გაფართოებულ პარტნიორობას ჰპირდება.
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კონკრეტულ ნომენკლატურას მნიშვნელობა არ აქვს: „მთავარია ის რეალური ცვლილება, რასაც ეს პარტნიორობა კანადელების ცხოვრებაში შეიტანს“.