25.10.2026 13:18
უკრაინის სამხედრო ძალებმა დაარღვიეს „სტარლინკის" მომსახურების პირობები და ის ადამიანების დასახოცად თავდასხმითი დრონებით დარტყმებისთვის გამოიყენეს. ეს ხარვეზი გასულ კვირას აღმოიფხვრა. ამის შესახებ კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „სტარლინკის", როგორც სამოქალაქო კომერციული სერვისის გამოყენება ადამიანების დასახოცად თავდასხმითი დრონებით დარტყმების განხორციელებლისთვის არადროს ყოფილა და არც არასდროს უნდა იყოს ნებადართული.
რაც შეეხება „სტარშილდს", მასკის განცხადებით, ეს განსხვავებული სისტემაა, რომელსაც აშშ-ის მთავრობა აკონტროლებს. მისივე თქმით, ამ სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება სწორედ აშშ-ის მთავრობაზეა დამოკიდებული.
„„სტარლინკი" კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის, რადგან ამ ეტაპზე ის ერთადერთი სისტემაა, რომლის ჩახშობა ან განადგურება შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასეა. „სტარლინკის" გათიშვის შემთხვევაში უკრაინის ფრონტის ხაზი დაუყოვნებლივ ჩამოიშლებოდა. ეს მუქარა არ არის - ეს უბრალოდ ფაქტის კონსტატაციაა. „სტარლინკმა" ასევე გადამწყვეტი როლი შეასრულა იმაშიც, რომ ომის საწყის ეტაპზე რუსეთმა უკრაინის დაპყრობა ვერ შეძლო, რადგან კომუნიკაციის ყველა სხვა საშუალება რუსეთმა გაანადგურა ან ჩაახშო. SpaceX-მა უკრაინის დასაცავად დედამიწაზე არსებულ ნებისმიერ სხვა კერძო კომპანიაზე გაცილებით მეტი გააკეთა. ამავდროულად, სხვა არაფერი გამაჩნია, თუ არა სრული ზიზღი იმ ბოროტი, ფარისეველი ომის გამჩაღებლების მიმართ, რომლებიც დაუსრულებელ ხოცვა-ჟლეტას უჭერენ მხარს და კონფლიქტის მოგვარების არანაირ რეალისტურ გზას არ გვთავაზობენ. ჯოჯოხეთში დაიწვით!" - წერს ილონ მასკი.