17.10.2026 22:19
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზებას ცდილობს.
„აშშ ამაზე მუშაობს. მათ სამმხრივი შეხვედრის წინადადება აქვთ", - განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, ასეთი შეხვედრის ჩატარების ადგილად შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანას - არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ან საუდის არაბეთს განიხილავს.
ზელენსკიმ არ გამორიცხა, რომ შეხვედრა შესაძლოა მაიამიში G20-ის მომავალი სამიტის ფარგლებშიც შედგეს. „თუმცა დადასტურება ჯერ არ ყოფილა არც რუსეთისგან და, შესაბამისად, არც აშშ-სგან", - დასძინა მან.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სამმხრივი შეხვედრის ადგილად შესაძლოა ევროპული ქვეყნებიდან ერთ-ერთიც იქცეს. „ვიცი, რომ ევროპელები იწყებენ კონტაქტებს ამ საკითხზე. შედეგს ცოტა მოგვიანებით ვნახავთ", - თქვა მან.
რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა მხოლოდ მოსკოვში შეიძლება გაიმართოს. უკრაინა ხაზს უსვამს, რომ მზადაა მოლაპარაკებებისთვის პრეზიდენტების დონეზე, თუმცა არა მოსკოვში.
14-15 დეკემბერს მაიამიში G20-ის სამიტი გაიმართება, რომელზეც, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარკო რუბიომ გამოაცხადა, პუტინიც არის მიწვეული.