სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
"დადგა დრო, ესპანეთის მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს, როგორი მომავალი სურს"-პედრო სანჩესმა ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 29 ნოემბერს დანიშნა 05.10.2026 11:58

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა 5 ოქტომბერს ოფიციალურ ვიდეომიმართვაში გამოაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 29 ნოემბერს გაიმართება.

მისი თქმით, დადგა დრო, ესპანეთის მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს, როგორი მომავალი სურს.

„ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ - გსურთ მთავრობა, რომელიც უმრავლესობის ინტერესებისთვის მუშაობს, თუ ძალაუფლებას გადასცემთ ულტრამემარჯვენე კოალიციას, რომლის ერთადერთი მიზანია იმ უფლებების შეზღუდვა, რომლებიც ბოლო რვა წლის განმავლობაში მოვიპოვეთ, რათა სარგებელი მხოლოდ პრივილეგირებულთა მცირე ჯგუფმა მიიღოს. დადგა დრო, ესპანელმა ხალხმა გადაწყვიტოს, როგორი მომავალი სურს. ახლა ეს თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ, ესპანელმა ხალხმა, უნდა გადაწყვიტოთ, რა როლი გსურთ შეასრულოთ ამ ეპოქაში და რა როლი გსურთ, ესპანეთმა შეასრულოს. ჩვენ ვიმუშავებთ თქვენი ნდობის დასაბრუნებლად, იმედის დასაბრუნებლად და კვლავ გამარჯვებისთვის", - განაცხადა სანჩესმა.

მოქმედი პარლამენტის ვადა 2027 წლის ივლისამდე იყო. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება საბინაო კრიზისის გამო გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. საბინაო კრიზისის გასაპროტესტებლად ესპანეთის ქალაქების ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. აქტივისტები ესპანეთის მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ და შეკრებილებს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ.

 

ასევე დაგაინტერესებთ