შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
მარტა კოსი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისას პრივილეგიებს ვერ მიიღებს, ხოლო გაწევრიანების სავარაუდო თარიღი 2027 წლის 1-ელი იანვარი ვერ იქნება 03.10.2026 00:40

 

ევროკავშირში გაწევრიანებისას უკრაინა რაიმე შეღავათიან პირობებს, ან პრივილეგიებს ვერ მიიღებს, ხოლო გაწევრიანების სავარაუდო თარიღი 2027 წლის 1-ელი იანვარი ვერ იქნება. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა. 

ევროკომისრის თქმით, ინტეგრაციის პროცესი მხოლოდ კანდიდატი ქვეყნის დამსახურებებსა და აუცილებელი რეფორმების განხორციელებაზეა დაფუძნებული.

„მიღება დამსახურებაზეა დაფუძნებული: ცხადია, რომ ეს თარიღი შეუძლებელია. გაწევრიანების პროცესში არანაირი პრივილეგია, ან შეღავათი არ არსებობს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინა გადარჩენისთვის ომს აწარმოებს, ამიტომ ჩვენი მოვალეობაა, მას დავეხმაროთ", - ხაზგასმით აღნიშნა მარტა კოსმა.

მან დასძინა, რომ ევროკავშირი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე უკრაინისთვის მოლაპარაკებების რაც შეიძლება მეტი კლასტერის გახსნას შეძლებს.

მედიის ცნობით, 6 ოქტომბერს ევროკომისია გაფართოების პოლიტიკის განახლებულ ანგარიშს წარადგენს.

ოქტომბრის შუა რიცხვებში დაგეგმილ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ბლოკის ქვეყნების ლიდერები ოთხ ძირითად საკითხს განიხილავენ: 

1) გაფართოების გავლენას წევრ სახელმწიფოებზე;

2) ევროკავშირის შიდა რეფორმებს წევრთა უფრო დიდ რაოდენობასთან უფრო ეფექტურად მუშაობისთვის (მათ შორის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ერთსულოვნების პრინციპიდან კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრაზე შესაძლო გადასვლა);

3) ახალი წევრების მიერ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პატივისცემის დაცვის მექანიზმებს;

4) კანდიდატი ქვეყნების თანდათანობითი და გაძლიერებული ინტეგრაციის კონცეფციას.

ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეტაპობრივი ინტეგრაციის მოდელი არ ცვლის სრულ გაწევრიანებას, არამედ კანდიდატებს საშუალებას აძლევს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ევროკავშირთან ყველა მოთხოვნის შესრულების პროცესში.

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ