ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
GE EN RU
დონალდ ტრამპი გორბაჩოვის გზაზე - ავთანდილ წულაძე 29.09.2026 12:56

დონალდ ტრამპი დიდ იმედებს ამყარებდა პირად შეხვედრაზე ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან, თუმცა უმეტესობა ანალიტიკოსებისა მიიჩნევს, რომ გამარჯვებული სწორედ სი აღმოჩნდა. ტრამპმა ვერ მოახერხა მოეპოვებინა დათმობები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა აშშ‑ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები, ხელოვნური ინტელექტის რეგულირება, ირანის მხარდაჭერა ჩინეთის მიერ და რუსეთის დახმარება უკრაინის ომში.

ჩინეთის გლობალური მიზანია შეარყიოს ამერიკის სამხედრო, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ძალა და დაიკავოს პირველი ადგილი მსოფლიო სისტემაში. ტრამპის საგარეო პოლიტიკამ დასავლური ალიანსები დაასუსტა, მაშინ როცა პეკინი აქტიურად ამყარებს საერთაშორისო კავშირებს.

 

ირანის ომმა ნათლად აჩვენა, რომ აშშ ვერ ახერხებს ეფექტურ სამხედრო და ეკონომიკურ ზეწოლას თეირანზე და ვერ იცავს ახლო აღმოსავლეთის მოკავშირეებს ირანის რაკეტებისა და დრონებისგან.

 

ტრამპს ასევე არ გამოუვიდა უკრაინის ომის შეჩერება. რუსეთი აწვდის ნავთობს მსოფლიო ბაზარზე, მიუხედავად სანქციებისა. ახლახან ტრამპის მიერ ხელმოწერილი „გრემის კანონი" პრეზიდენტს აძლევს უფლებას მაღალი ტარიფები დააწესოს იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, მაგრამ ტრამპმა უკვე წააგო ჩინეთთან სავაჭრო ომის პირველი რაუნდი და მეორე რაუნდის დაწყების ნაცვლად სი ძინპინთან ორთვიანი „ტარიფული ზავი" გააფორმა.

 

სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ნოემბრის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელებმა შესაძლოა უმრავლესობა არა მხოლოდ წარმომადგენელთა პალატაში, არამედ სენატშიც დაკარგონ, რაც ნიშნავს, რომ დემოკრატებით კონტროლირებადი კონგრესი უფრო დიდ როლს ითამაშებს საგარეო პოლიტიკაში და შეცვლის ტრამპის კურსს. დემოკრატები მოითხოვენ დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობების აღდგენას.

 

ტრამპის პოლიტიკის შეცდომები განსაკუთრებით გამოაშკარავდა ირანის ომში, სადაც აშშ აღმოჩნდა მოუმზადებელი ახალი ტიპის ომისთვის, რომელშიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ იაფფასიანი დრონები. ყოფილი აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი თავის სტატიაში Rewiring the Arsenal of Democracy (https://www.foreignaffairs.com/united-states/rewiring-arsenal-democracy-war-dan-driscoll) აღნიშნავს, რომ აშშ და დასავლეთის ქვეყნები კვლავ ცივი ომის სტანდარტებით ავითარებენ შეიარაღებას, მაშინ როცა ციფრული ეპოქა სხვა მიდგომას მოითხოვს. დრისკოლი ხაზს უსვამს უკრაინული კერძო კომპანიების წარმატებას და რეკომენდაციას აძლევს დასავლეთის ქვეყნებს შეიარაღების სტანდარტიზაციაზე, კერძო ბიზნესის წახალისებას და ინოვაციების მხარდაჭერაზე.

 

აშშ‑ისა და მოკავშირეების მოუმზადებლობა ახალი ტიპის ომებისთვის ქმნის შესაძლებლობებს დასავლეთის მოწინააღმდეგეებისთვის. ჩინეთი უარს ამბობს ტრამპთან „გარიგებაზე" და იმედოვნებს, რომ ამერიკის გლობალური ლიდერობის შესუსტება მისთვის გზას გახსნის პირველობისკენ.

 

რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინაში, რადგან აშშ ირანზეა გადართული, ხოლო ევროპა პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას ვერ ბედავს.

 

ირანი კი, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისა, ჩინეთისა და რუსეთის მხარდაჭერით უფრო თავდაჯერებულია.

 

ისტორიული პარალელები ცივი ომის პერიოდიდან გვიჩვენებს, რომ დათბობა იწყება ან ძალთა ბალანსის დროს, ან მაშინ, როცა ერთ მხარეს რესურსები არ ჰყოფნის. დღეს აშშ აღმოჩნდა მსგავს მდგომარეობაში, როგორც სსრკ გორბაჩოვის დროს: რესურსების ნაკლებობა აიძულებს მოკავშირეებთან ურთიერთობის შემცირებას. ტრამპი, როგორც „ამერიკული გორბაჩოვი", ცდილობს პირადი დიპლომატიით მოაგვაროს პრობლემები ჩინეთთან, რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან, მაშინ როცა სი ძინპინი, როგორც რეიგანი, მტკიცე პოზიციას იკავებს და ტრამპს დათმობებს აიძულებს.

 

ამერიკის დემოკრატიული სისტემა საშუალებას იძლევა, რომ არჩევნებით შეიცვალოს საგარეო პოლიტიკის კურსი, ამიტომ აშშ‑ს, ალბათ, არ ელის სსრკ‑ის ბედი, თუმცა ამერიკის სუსტი პოზიციები ზრდის საერთაშორისო დაძაბულობის ურფო გაღრმავებისა და ესკალაციის საფრთხეს.

 

ავთანდილ წულაძე-პოლიტიკის ანალიტიკოსი

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ