26.09.2026 19:40
სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ იმედი აქვს, რუსეთთან ბუნებრივი აირის შესახებ შეთანხმება კიდევ გახანგრძლივდება.
„მჯერა, რომ დღევანდელი საუბრის შემდეგ შეთანხმება გაგრძელდება და გაზის სტაბილურ მიწოდებას უზრუნველვყოფთ", - წერს ვუჩიჩი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, სერბეთი კვლავ ისარგებლებს შეღავათიანი ფასით - 318 ევრო 1000 კუბურ მეტრზე, საბაზრო, 868-ევროიანი ფასის ნაცვლად.
სერბეთი დიდწილად რუსულ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული. 2025 წლის ზაფხულში წინა სამწლიანი კონტრაქტის ვადა ამოეწურა და მას შემდეგ ქვეყანა მხოლოდ ვადის ხანმოკლე გახანგრძლივებით სარგებლობს. მიმდინარე კონტრაქტს ვადა 30 სექტემბერს ეწურება.
ვუჩიჩმა პუტინთან საუბრისას ასევე განიხილა ნავთობკომპანია NIS-ის საკითხი, რომელსაც აშშ-ის სანქციები ეხება რუსული წილის გამო . აღნიშნული სანქციების გაუქმებისთვის რუსეთი სრულად უნდა გავიდეს კომპანიიდან.