25.09.2026 20:19
უკრაინაში ფოლადის წარმოების უმსხვილესი საწარმო, ArcelorMittal Kryvyi Rih უსაფრთხოების მიზნებით და რუსული დარტყმების ფონზე ოპერირებას აჩერებს, - ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
"ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში არცელორმიტალ კრივი რიჰი ოთხი სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, დაშავებულები და საწარმოო ობიექტების მასშტაბური დაზიანება", - აცხადებს კომპანია. საერთო ჯამში, ოთხმა თავდასხმამ ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 17 თანამშრომელი დაჭრა, რომელთაგან ერთი კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია.
როგორც გამოცემა წერს, საწარმო უკრაინაში 2005 წლიდან ოპერირებს და ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის ფოლადსა და რკინის მადანს აწარმოებს. რუსეთი მუდმივად უმიზნებდა მულტინაციონალური კომპანიის აქტივებს ომის დაწყებიდანვე, თუმცა ბოლო კვირების დაბომბვებმა კომპანიას აიძულა, რომ "ქარხნის უსაფრთხოდ მართვა ვეღარ შეძლოს", - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა.
მიუხედავად ამისა, კომპანია იმედოვნებს, რომ მშვიდობის დამყარებისთანავე გაიხსნება: "უკრაინის მთავრობასთან ერთად განვხილავთ ქარხნის მომავალს და ყურადღებას გავამახვილებთ ინფრასტრუქტურის შენარჩუნებაზე, რათა მშვიდობის დაბრუნებისთანავე წარმოების განახლების შესაძლებლობები ხელმისაწვდომი იყოს", - დასძინა ლონგობარდომ.
რუსულმა თავდასხმებმა ქვეყნის ფოლადის წარმოების დიდი ნაწილი მწყობრიდან გამოიყვანა. აგვისტოში უკრაინის კიდევ ერთმა მსხვილმა ფოლადის მწარმოებელმა, Zaporizhstal, შეაჩერა ყველა ოპერაცია მას შემდეგ, რაც რუსულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა საწარმოს ობიექტები დააზიანა და შვიდი თანამშრომელი იმსხვერპლა. სექტემბერში კი კამიანსკეში მდებარე Kamet Steel-მა შეწყვიტა მუშაობა, რადგან რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმას ხუთი თანამშრომლის სიცოცხლე შეეწირა.
Metinvest ხელმძღვანელის ოფისის ხელმძღვანელმა ლექსანდრ ვოდოვიზმა, რომლის მართვის ქვეშაც "ზაპორიჟსტალი" და "კამეტ სტილია", ოთხშაბათს უკრაინის ფოლადის ინდუსტრიაში არსებული ვითარება "კატასტროფულად" შეაფასა.