23.09.2026 10:25
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკული ზავი "ამ ეტაპზე არ არსებობს"
მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომს სარგებელი არცერთი მხარისთვის არ მოაქვს.
„ამიტომ ომის შეჩერება სრულიად ლოგიკურია. მაგრამ, სამწუხაროდ, საგარეო პოლიტიკაში და მსგავს საკითხებში ზოგჯერ ის, რაც ლოგიკურია, აუცილებლად არ ხდება. ამიტომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ჩვენ კვლავ მზად ვიქნებით - სადაც არ უნდა გაჩნდეს შესაძლებლობა, რომ ვითარება უკეთესობისკენ შევცვალოთ და ამ ორ მხარეს შორის უთანხმოებები დავძლიოთ. პრეზიდენტი ამის გასაკეთებლად მზად არის და ჩვენ კვლავ შევეცდებით ამის გაკეთებას", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
როგორც მარკო რუბიომ აღნიშნა, ომი რომელიმე მხარის გამარჯვებით არ დასრულდება. მისივე თქმით, კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით დარეგულირდება.
„ეს ომი ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს და უკრაინაში ომი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებით დასრულდება. ის არ დასრულდება ერთი ან მეორე მხარის რაიმე „გამანადგურებელი" გამარჯვებით. ის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებით დასრულდება", - აღნიშნა რუბიომ.