პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი რეგიონული გაერთიანება „კარპატების რვიანი“ დააფუძნა 18.09.2026 21:55

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი რეგიონული გაერთიანება „კარპატების რვიანი" დააფუძნა. მასში კარპატების რეგიონის რვა ქვეყანა შედის და მთავარი მიზანი ვაჭრობისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაა.

შეხვედრაზე ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა რეგიონის მოკავშირეებს იმისთვის, რომ 2022 წელს, ომის დაწყების შემდეგ სავაჭრო და სატრანსპორტო დერეფნები ღია დარჩა.

„ეს არის იმ მოძრაობის დასაწყისი, რომელმაც ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო უნდა დააახლოოს და ევროკავშირის დონეზე შექმნას თანამშრომლობის კიდევ ერთი ძლიერი ფორმატი უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ლოგისტიკის მნიშვნელოვანი გაძლიერების კუთხით", - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს და მომავალი წლების განმავლობაში მთავარი გამოწვევა უსაფრთხოებაა.

როგორც „როიტერი" აღნიშნავს, ახალი ფორმატი აერთიანებს რუმინეთს, სერბეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს, ავსტრიას, უნგრეთსა და ევროკავშირს.

ღონისძიებას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი და რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი დაესწრნენ.

დონალდ ტუსკმა ყურადღება გაამახვილა ანტიბალისტიკური თავდაცვის ინიციატივაზე, რომელსაც პოლონეთი უერთდება.

„ჩვენ ახლო მეგობრები, მოკავშირეები და პარტნიორები ვართ. გვაქვს საერთო საფრთხე, აგრესიული რუსეთი. ჩემს აზრს ვერავინ შეცვლის. პოლონეთმა უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომში და ჩვენ ამ მხარდაჭერას განვაგრძობთ, ეს ეჭვგარეშეა. ისტორია ვერ დაგვყოფს დღეს რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაში", - აღნიშნა ტუსკმა.

სამიტი, რომელიც 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ბიზნეს ფორუმსაც მოიცავს. ზელენსკის განცხადებით, ღონისძიებაზე 550-მდე ბიზნესის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო მომზადებული საინვესტიციო და სავაჭრო შეთანხმებების ღირებულება 1 მილიარდ ევროს აღწევს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ