15.09.2026 12:41
უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი მედიასთან ვრცელ სტატიაში რუსეთ-უკრაინის ომში არსებულ სტრატეგიულ პრობლემებზე, ისტორიულ შეცდომებსა და ტექნოლოგიურ გამოწვევებზე საუბრობს.
მისი შეფასებით, მიმდინარე კონფლიქტმა, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ანალოგი არ აქვს, ძირფესვიანად შეცვალა გლობალური მსოფლიო წესრიგი.
მიმდინარე ომი არ არის მხოლოდ მოვლენების, ფაქტებისა და მსხვერპლთა რაოდენობის ისტორია. ეს იმ ადამიანების ამბავიცაა, რომლებიც ამ პროცესების უკან დგანან. თუმცა, დღეს ეს ისტორია მხოლოდ იწერება და მის ნამდვილ შეფასებას მომავალი თაობები მისცემენ. სწორედ იმ შეცდომებმა, რომლებმაც ეს ომი გამოიწვია, ხელი შეუშალა მის დროულად დასრულებას და მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირებას.
როგორც ზალუჟნი აღნიშნავს, ეს კონფლიქტი, მეორე მსოფლიო ომის მსგავსად, იმ ადამიანების სიმხდალით დაიწყო, რომლებიც ცდილობდნენ, ე.წ. წითელი ხაზების გადაკვეთის შიშით და ბირთვული ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, "მხეცი არ შეეწუხებინათ". შედეგად, მსოფლიო წესრიგი შეიცვალა, ხოლო თავად ომი მარკეტინგული კამპანიებისა და სწრაფი მოგების ძიების ობიექტად იქცა.
ავტორის თქმით, 2023 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, ფრონტზე ამოქმედდა ტექნოლოგიური პროგრესი, რომელმაც თითქმის 80 წელი იდგა უძრავად. დღეს დრონები უკვე ცალკე იარაღად აღარ არსებობენ - ისინი უფრო ფართო არსენალის შემადგენელ ნაწილად იქცნენ. ამან ომი კიდევ უფრო ეფექტურ და დაუნდობელ ხოცვა-ჟლეტად აქცია, სადაც საფრთხე თანაბრად ემუქრება როგორც თხრილში მყოფ ჯარისკაცს, ისე მშვიდობიან ქალაქში მყოფ ადამიანს.
ზალუჟნი მკაცრად აკრიტიკებს ძველი, საბჭოთა სტრატეგიებისა და მეთოდების ახალი იარაღით გამეორების მცდელობას. ტერიტორიების ძველი მეთოდებით შენარჩუნების სურვილმა მობილიზაცია ჩიხში შეიყვანა. შეუძლებელია ტექნოლოგიურ და მრავალრიცხოვან "საბჭოთა მანქანასთან" ბრძოლა მოძველებული მიდგომებით.
ომი მოითხოვს არა მხოლოდ ცალკეულ ტექნოლოგიებს, არამედ მათ გამოყენებაზე დამყარებულ სრულიად ახალ დოქტრინასა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ცვლილებას. ავტორი ხაზს უსვამს, რომ უკრაინა და რუსეთი დღეს რეალურ დროში მოქმედ ტესტირების პოლიგონებად იქცნენ. გამოსავალი მდგომარეობს რუსეთის სისტემურ წნეხზე სიმეტრიული და სისტემური პასუხის გაცემაში, რისთვისაც აუცილებელია ტექნოლოგიური ალიანსების ძიება, ერთობლივი წარმოება და ისეთი ერთიანი სტრატეგიის შექმნა, რომელიც, ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
ავტორ(ებ)ი :