07.09.2026 20:52
საქსონია-ანჰალტში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) გამარჯვება ბრიუსელისთვის მცირე შოკად იქცა - ევროკავშირის უდიდეს ეკონომიკაში ულტრამემარჯვენეების დაწინაურება ევროპაში შეშფოთებას იწვევს, - წერს ესპანური გამოცემა El Pais სტატიაში სათაურით „ბრიუსელში შიშობენ, რომ გერმანიის პოლიტიკურმა პოლარიზაციამ შესაძლოა შეაფერხოს ევროკავშირის მასშტაბით ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა".
AfD-ს შთამბეჭდავი შედეგი სცდება მხარის საზღვრებს და ქვეყნის პოლიტიკური ცენტრის რღვევის მორიგ სიგნალს წარმოადგენს, რაც თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ბერლინის უნარს, იმოქმედოს, როგორც ევროკავშირის მთავარმა საყრდენმა.
მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება საქსონია-ანჰალტში - შეძლებს თუ არა ულტრამემარჯვენე ძალა მთავრობის ფორმირებას - ევროკავშირის რამდენიმე წყარო აფრთხილებს, რომ შიდა პოლარიზაციამ, რომელიც გერმანიაში სულ უფრო აშკარა ხდება, შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს ევროპულ პოლიტიკასა და ისეთ ფუნდამენტურ შეთანხმებებზე, როგორიცაა უკრაინა, რუსეთი, თავდაცვა, კონკურენტუნარიანობა ან თავად ევროკავშირის გაფართოება.
„ყოველივე ეს ევროპის მომავლისთვის გადამწყვეტ ეტაპზე ვითარდება, როდესაც პარალელურად იზრდება აშშ-ში დონალდ ტრამპისგან მომდინარე საფრთხეები, ძლიერდება ჩინეთის პოზიციები, რუსეთ-უკრაინის ომი კი სულ უფრო ხანგრძლივდება", - აღნიშნულია სტატიაში.
„გერმანული პოლიტიკური ცენტრის რღვევა პრობლემას წარმოადგენს მთელი ევროპისთვის", - აცხადებს ბრიუსელში ერთ-ერთი წყარო.
ანალიტიკოსები და ექსპერტები ასევე აფრთხილებენ, რომ კვირას ამ მხარეში მომხდარი მოვლენები, რომელიც ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის ნაწილი იყო და ულტრამემარჯვენეების ერთ-ერთ მთავარ საარჩევნო ლაბორატორიად იქცა, შესაძლოა აღქმული იყოს იმ ბრძოლის წინაპირობად, რომელიც უახლოეს თვეებში სხვა რეგიონებშიც გაჩაღდება.
ავტორ(ებ)ი :