შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
GE EN RU
სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ალექსანდრ ვუჩიჩი მმართველი „პროგრესული პარტიის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელდა 05.09.2026 18:02

 

სერბეთის მმართველი „პროგრესული პარტიის" (SNS) საბჭომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი პარტიის საარჩევნო სიის პირველ ნომრად და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.

გადაწყვეტილება ქალაქ ნიშში, პარტიის ყრილობაზე იქნა მიღებული, რომელსაც თავად ალექსანდრ ვუჩიჩიც ესწრებოდა.

„მინდა, აღვნიშნო, რომ სერბეთის „პროგრესული პარტიის" მთავარმა ბიურომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ სახელწოდებით „ალექსანდრ ვუჩიჩი - ერთიანი სერბეთი". ალექსანდრ ვუჩიჩი სიის პირველი ნომერია, ის ჩვენი კანდიდატია პრემიერ-მინისტრის პოსტზე", - განაცხადა SNS-ის თავმჯდომარემ, მილოშ ვუჩევიჩმა.

ვუჩევიჩმა მოუწოდა თანაპარტიელებს, მოემზადონ ხელმოწერების შესაგროვებლად.

თავად ვუჩიჩმა კანდიდატად მის დასახელებას დიდი პატივი უწოდა. მისი თქმით, სერბეთის მომავალი მთავრობა უნდა იყოს სწრაფი და ეფექტური, შედგებოდეს პრემიერ-მინისტრისა და 12 მინისტრისგან.

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სიაში იყვნენ ახალგაზრდები. და თქვენ უნდა ეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა შეიყვანოთ მასში", - განაცხადა ვუჩიჩმა.

ცნობისთვის, აგვისტოში ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 18 ან 25 ოქტომბერს ჩატარდება. 

როგორც „როიტერი" წერდა, ვუჩიჩის განცხადება, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ანტიკორუფციულ საპროტესტო აქციებს მოჰყვა.

2024 წლის ნოემბერში ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე ახლად გარემონტებული ბეტონის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. მოქალაქეები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს ასახელებდნენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ