01.09.2026 18:02
სომხეთი მრავალვექტორიან საგარეო პოლიტიკას ატარებს, რომელსაც ჩვენ დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას ვუწოდებთ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" სამიტის დროს განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, ამ პოლიტიკის არსი ასეთია - ერთი გეოპოლიტიკური პოლუსის მიზიდულობა როდესაც იმდენად ძლიერი ხდება, რომ მას შეუძლია ქვეყნის დამოუკიდებლობის განადგურება, ერევანი ააქტიურებს ურთიერთობებს მეორე პოლუსთან, რომელსაც საკმარისი მიზიდულობა აქვს მოცემული სიტუაციისთვის, რათა შენარჩუნებული იყოს წონასწორობა სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის რთულ გზაზე.
„ასეთი პოლიტიკის მთავარი მიზანია სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნება და განმტკიცება. ამ სტრატეგიების შემუშავებისას ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ კონფლიქტის პირობებში ცხოვრებისას შეუძლებელია დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის ქონა და, ამ გაგებით, მულტიპოლარობა, პირველ რიგში, იმ რეგიონში უნდა გამოვლინდეს, სადაც ცხოვრობ. სწორედ ამიტომ, მეზობელ ირანთან და საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად, ჩვენ ვამყარებთ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს ჩვენს ორ სხვა მეზობელთან - აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ეს, რა თქმა უნდა, უფრო კონკრეტული ხდება გასული წლის 8 აგვისტოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერითა და მონაწილეობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების წყალობით. ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ აზერბაიჯანთან და თურქეთთან ჩვენი სახელმწიფოთაშორისი კომუნიკაციების გასახსნელად, მათ შორის „ტრამპის მარშრუტის" პროექტის განხორციელების გზით, რომლის პრაქტიკული განხორციელება ადგილზე უახლოეს თვეებში დაიწყება
. ეს ახალ სატრანსპორტო შესაძლებლობებს გააჩენს არა მხოლოდ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ანუ კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე, არამედ სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, რაც სპარსეთის ყურეს შავ ზღვასთან დააკავშირებს. ამგვარად, პროექტის განხორციელებით რეგიონის ყველა ქვეყანა ისარგებლებს", - აღნიშნა ფაშინიანმა.
ავტორ(ებ)ი :