ნიკოლ ფაშინიანი - მეზობელ ირანთან და საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად, ვაგრძელებთ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებას აზერბაიჯანთან და თურქეთთან 01.09.2026 16:20

 

სომხეთი მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას ატარებს, რომელსაც ჩვენ დაბალანსებულ და გაწონასწორებულ საგარეო პოლიტიკას ვუწოდებთ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია პლუს" ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ამ პოლიტიკის არსი შემდეგში მდგომარეობს: როდესაც რომელიმე გეოპოლიტიკური პოლუსის მიზიდულობის ძალა იმდენად ძლიერდება, რომ შესაძლოა ჩვენი დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ დააყენოს, ჩვენ ვააქტიურებთ ურთიერთობებს სხვა პოლუსთან, რომელსაც მოცემულ ვითარებაში საკმარისი მიმზიდველობა აქვს, რათა შევინარჩუნოთ წონასწორობა სირთულეებით აღსავსე სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გზაზე. ასეთი პოლიტიკის მთავარი მიზანია სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნება და განმტკიცება. ამ სტრატეგიების შემუშავებისას მივედით დასკვნამდე, რომ შეუძლებელია დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ქონა კონფლიქტის პირობებში ცხოვრებით, და ამ თვალსაზრისით, მრავალპოლუსიანობა, უპირველეს ყოვლისა, იმ რეგიონში უნდა ვლინდებოდეს, სადაც ცხოვრობ. სწორედ ამიტომ, მეზობელ ირანთან და საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად, ჩვენ ვაგრძელებთ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებას ჩვენს ორ სხვა მეზობელთან - აზერბაიჯანთან და თურქეთთან", - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთი მუშაობს აზერბაიჯანთან და თურქეთთან სახელმწიფოთაშორისი კომუნიკაციების გასახსნელად, მათ შორის პროექტის - „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" -განხორციელების გზით.

„ამჟამად აზერბაიჯანთან და თურქეთთან ვმუშაობთ სახელმწიფოთაშორისი კომუნიკაციების გასახსნელად, მათ შორის TRIPP პროექტის განხორციელების გზით, რომლის პრაქტიკული განხორციელება ადგილზე მომდევნო თვეებში დაიწყება. ეს გახსნის ახალ სატრანსპორტო შესაძლებლობებს არა მხოლოდ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ანუ კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე, არამედ სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, რაც სპარსეთის ყურეს შავ ზღვასთან დააკავშირებს. ამიტომ, პროექტის განხორციელებით რეგიონის ყველა ქვეყანა ისარგებლებს", - აღნიშნა ფაშინიანმა.

მრავალპოლუსიან პოლიტიკაზე საუბრისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ბოლო წლებში სტრატეგიულ ურთიერთობებს ამყარებს საქართველოსთან, ჩინეთთან, ყაზახეთთან, შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან, გერმანიასთან, ლუქსემბურგთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, ბულგარეთთან, ხორვატიასთან, ლიეტუვასთან და ევროკავშირთან.

„ჩვენი ურთიერთობები ინდოეთთან და ირანთან არსებითად სტრატეგიული ხასიათისაა და ამჟამად ვმუშაობთ მათ ფორმალიზებაზე", - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

მისი თქმით, სომხეთის რესპუბლიკა იზიარებს მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ხედვას და ხაზს უსვამს გაეროს საკვანძო როლს მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბების საქმეში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ