რუსეთმა პირველი სექტემბრის ღამეს კიევში ბალისტიკური რაკეტებით სარკინიგზო ობიექტებს დაარტყა, დაღუპულია შვიდი ადამიანი 01.09.2026 11:57

 

რუსეთმა პირველი სექტემბრის ღამეს კიევში ბალისტიკური რაკეტებით სარკინიგზო ობიექტებს დაარტყა, დაღუპულია შვიდი ადამიანი, მათ შორის ექვსი „უკრზალიზნიციის" თანამშრომელია. ინფორმაციას „უკრზალიზნიციის" პრესსამსახურზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.

„ბალისტიკურმა დარტყმამ შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათგან ექვსი ჩვენი თანამშრომელია. ერთი ჩვენი კოლეგა საავადმყოფოშია გადაყვანილი და ჭრილობები აქვს. ჩვენი თანამშრომლები მის გვერდით არიან და ყველა საჭირო დახმარებას უწევენ. ათობით ადამიანმა თავშესაფრებში გადარჩენა მოახერხა და ახლა მათ მდგომარეობიდან გამოსვლაში ვეხმარებით", - აღნიშნა უკრზალიზნიციის" სამმართველოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ პერცოვსკიმ.

მისივე თქმით, ნგრევა მასშტაბურია და ერთ-ერთი საამქრო სრულად განადგურდა.

მაშველები ამ დროისთვის რამდენიმე ხანძრის ლოკალიზებასა და ჩაქრობას აგრძელებენ.

ამავდროულად გავრცელდა ინფორმაცია კიევის ოლქის ქალაქ ბორისპოლზე თავდასხმის შესახებ, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიევის ოლქზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები და ავტომობილები. რამდენიმე ადგილზე ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია ხუთსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, მაღაზია და ორი კერძო საცხოვრებელი სახლი. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის დანაყოფებმა 48 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს და ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ