NYT-ის, WSJ-ისა და Bloomberg-ის ჟურნალისტებს G20-ის შეხვედრაზე აკრედიტაციაზე უარი უთხრეს 30.08.2026 19:12

 აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ The New York Times-ის, The Wall Street Journal-ისა და Bloomberg News-ის რამდენიმე ჟურნალისტს აკრედიტაცია არ მისცა G20-ის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე, რომელიც 31 აგვისტო–1 სექტემბერს ჩრდილოეთ კაროლინის ეშვილში გაიმართება.

 

 აკრედიტაცია ვერ მიიღო NYT-ის ფინანსთა სამინისტროს კორესპონდენტმა ალან რაპეპორტმა, რომელიც უწყებას 2017 წლიდან აშუქებს და მანამდე G7-ისა და G20-ის არაერთ შეხვედრას დასწრებია. უარი მიიღო ასევე Wall Street Journal-ის ჟურნალისტმა მეტ გროსმანმა. Bloomberg-ის შემთხვევაშიც საუბარია კონკრეტული ჟურნალისტების არდაშვებაზე.

 

 The New York Times-მა გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გამოცდილი ჟურნალისტების ღონისძიებიდან გამორიცხვა დამოუკიდებელი მედიის შესაძლებლობას ასუსტებს, ხელისუფლებას პასუხისმგებლობა მოსთხოვოს.

 

 აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მთლიანად მედიის შეზღუდვაზე საუბარი არ არის — შეხვედრაზე აკრედიტებულია დაახლოებით 300 ჟურნალისტი, მათ შორის NPR-ის, The Washington Post-ისა და Al Jazeera-ს წარმომადგენლები.

 

 ამასთან, NYT მთლიანად არ დაუბლოკავთ: აკრედიტაცია მიიღო გამოცემის ბერლინის ბიუროს ხელმძღვანელმა ჯიმ ტანკერსლიმ. შესაბამისად, დავა ეხება კონკრეტული ჟურნალისტების არდაშვებას და არა სამი გამოცემის სრულ გამორიცხვას.


 წყარო: The New York Times

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ