ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთი მალე დაიწყებს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის წარდგენის პროცესს 24.08.2026 17:13

სომხეთი მალე დაიწყებს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის წარდგენის პროცესს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დარჩენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას აზრი მაშინ ექნება, როდესაც ევროპულ გაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ განაცხადს შესაბამისი პასუხები მოჰყვება.

 

„ამ კითხვებზე პასუხის ქონა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროცედურული თვალსაზრისით, არამედ იმისთვისაც, რომ რეფერენდუმის დროს ხალხის მიერ დასმულ კითხვებზე, სულ მცირე, მიახლოებითი პასუხები გვქონდეს. ამ კითხვებზე პასუხებზე სამუშაოდ სომხეთმა ჯერ ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი უნდა წარადგინოს. ესეც პროცესია, რომელიც მოითხოვს ფართომასშტაბიან მუშაობას და ჩვენ, სავარაუდოდ, ამ პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ",- განაცხადა ფაშინიანმა.

 

საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკაზე საუბრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ დივერსიფიკაცია და ალტერნატივების ფორმირება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების საკითხია, რადგან ალტერნატივების არარსებობა სხვა სახელმწიფოებს საშუალებას აძლევთ, სომხეთს ნებისმიერი გადაწყვეტილება თავს მოახვიონ.

 

„დამოუკიდებლობა ნიშნავს მცირე ჯგუფებზე დამოკიდებულების ჩანაცვლებას მრავალზე დამოკიდებულებით და ნავთობპროდუქტების ბაზარი ამ ფორმულის გამოყენების ბრწყინვალე მაგალითია. 2024-დან 2026 წლამდე სომხეთის რესპუბლიკაში ნავთობპროდუქტები 20 სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდიოდა. ეს არის რეალური დივერსიფიკაცია, დაბალანსებული აწონვა და დაბალანსებული პოლიტიკა და ეს პოლიტიკა უნდა გავრცელდეს ყველა ეკონომიკურ სექტორზე. ჰორმუზის სრუტეში კრიზისისა და რუსეთის ფედერაციაში ნავთობპროდუქტების მიწოდების შედეგად სომხეთს ბენზინის კრიზისი არ შეექმნა, რადგან 2018 წლის რევოლუციამდე და მანამდე ნავთობპროდუქტების ბაზარი, რომელიც აშკარად კონტროლირებადი იყო, გათავისუფლდა და 2025 წელს ამას აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების იმპორტიც დაემატა", - თქვა ფაშინიანმა.

 

როგორც სომხური მედია წერს, 29 მაისს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ოთხმა ქვეყანამ გამოაცხადა, რომ სომხეთის წევრობის საკითხი დეკემბერში განიხილება. მათ მოუწოდეს სომხეთის ხელისუფლებას, რაც შეიძლება მალე ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენის შესახებ.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ