„ევრონიუსი“ – ევროპის მეინსტრიმულმა პოლიტიკურმა პარტიებმა შესაძლოა, ევროკავშირის დონეზე უმრავლესობა დაკარგონ, რაც მემარჯვენე და პოპულისტური ძალების მზარდ გავლენას აჩვენებს 12.08.2026 19:15

 

ახალი პროგნოზის თანახმად, ევროპის მეინსტრიმულმა პოლიტიკურმა პარტიებმა შესაძლოა, ევროკავშირის დონეზე უმრავლესობა დაკარგონ, რაც მემარჯვენე და პოპულისტური ძალების მზარდ გავლენას აჩვენებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი" ავრცელებს.

„ევრონიუსის" ინფორმაციით, ახალი მონაცემების მიხედვით, მომდევნო მოწვევის ევროპარლამენტში უმრავლესობა შესაძლოა, ცენტრისტულ კოალიციას აღარ ჰქონდეს.

სტატიაში ნათქვამია, რომ სამი პოლიტიკური ჯგუფი: მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია", ცენტრისტული Renew Europe და მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი", რომლებიც ევროპარლამენტის შექმნის შემდეგ დღემდე საპარლამენტო უმრავლესობას ქმნიან, მომდევნო მოწვევის ევროპარლამენტში პირველად ვერ შეძლებენ უმრავლესობის მოპოვებას.

პროგნოზი Europe Elects-მა გამოაქვეყნა. ეს არის საარჩევნო მონაცემების პლატფორმა, რომელიც ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანაში ამომრჩეველთა განწყობებზე დაყრდნობით, შესაბამისი ქვეყნების საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის მანდატების განაწილებას ითვლის.

„ევრონიუსი" წერს, რომ ეს პროგნოზი მნიშვნელოვანია, რადგანაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ევროპულ პოლიტიკაში დომინანტი ძალები აღმოჩნდებიან ისეთ სიტუაციაში, როდესაც ევროკავშირის დონეზე უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი მანდატები არ ექნებათ.

„2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებმა უკვე აჩვენა პოლიტიკური ცენტრის გადახრა მარჯვნივ. მემარჯვენე-ცენტრისტულმა და მემარჯვენე პარტიებმა თითქმის 60 ადგილი მოიპოვეს. ამ ცვლილების დიდი ნაწილი რადიკალურმა მემარჯვენე, კონსერვატიულმა და ეროვნულ-პოპულისტურმა ძალებმა განაპირობეს", - წერს „ევრონიუსი"

Europe Elects-ის პროგნოზით, მომდევნო ევროპარლამენტში ყველაზე მეტ, 18 მანდატს „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი" დაკარგავს. მას მოჰყვება „ევროპის სახალხო პარტია" 15 მანდატის დაკარგვის პერსპექტივით და Renew - 9 მანდატით. მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსი, რომელიც მოქმედი მოწვევის ევროპარლამენტში ხშირად ეხმარებოდა ცენტრისტულ უმრავლესობას, 14 ადგილს დაკარგავს. ამავდროულად, მკვეთრად მემარჯვენე ევროპის სუვერენული ერების ჯგუფი, რომელშიც შედის გერმანიის „ალტერნატივა გერმანიისთვის" 19 მანდატს მოიპოვებს.

ამავე პროგნოზის მიხედვით, 19 ადგილით გაიზრდება ასევე რადიკალური მემარცხენე ჯგუფი The Left, ძირითადად საფრანგეთსა და გერმანიაში მემარცხენე პარტიების მხარდაჭერის ზრდის ხარჯზე. ეს მიუთითებს, რომ პოლიტიკური ტენდენცია მხოლოდ მემარჯვენე ძალებს არ აძლიერებს. იზრდება ზოგადად ანტი-ისტებლიშმენტური ძალების მხარდაჭერა. თუმცა, ზრდის უდიდესი ნაწილი მაინც მემარჯვენე ძალებს აქვთ.

პროგნოზის მიხედვით, „ევროპის პატრიოტები", რომელშიც შედის მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება", 12 მანდატს მოიპოვებს. ამ ზრდას ესპანეთში პარტია Vox-ისა და ავსტრიის „თავისუფლების პარტიის" გაძლიერება განაპირობებს, რომლებიც ამავე ჯგუფში შედიან.

„ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები" (ECR), რომელშიც ჯორჯია მელონის „იტალიის ძმები" დომინირებენ, ძირითადად სტაბილურ პოზიციას შეინარჩუნებს და მხოლოდ სამი დამატებითი მანდატი ექნებათ.

როგორც პროგნოზის ავტორები ამბობენ, პოლიტიკური ჯგუფების რეიტინგი ზომის მიხედვით, ძირითადად, უცვლელი დარჩება. თუმცა, ორ ძირითად ცენტრისტულ ძალასა და ყველაზე დიდ მემარჯვენე ჯგუფს შორის სხვაობა მკვეთრად შემცირდება.

მათვე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება თავად ევროპის სახალზო პარტიის შიგნით მოხდება. კერძოდ, ესპანეთის სახალხო პარტია და პოლონეთის სამოქალაქო პლატფორმა ევროპის სახალხო პარტიის ყველაზე მსხვილი ეროვნული დელეგაციები გახდებიან, რითაც გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ათწლიანი დომინირება დასრულდება.

Europe Elects-ის დირექტორის, ტობიას გერჰარდ შმინკეს განცხადებით, ახალი პროგნოზი ადასტურებს იმ პოლიტიკურ ტენდენციებს, რომლებიც ბოლო წლებში ევროკავშირის საარჩევნო ლანდშაფტს განსაზღვრავს.

„პირველი, რასაც ხშირად ყურადღებას არ აქცევენ, არის ის, რომ ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური სისტემის ფრაგმენტაციას. ამჟამად „ევროპის სახალხო პარტიას" ევროპაში დაახლოებით 21%-იანი მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად, უმრავლესობის შესაქმნელად ბევრი პოლიტიკური ოჯახის გაერთიანება იქნება საჭირო", - განუცხადა შმინკემ „ევრონიუსს".

მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია პოლიტიკური ცენტრის მხარდაჭერის ეროზიაა, რაც უფრო ფართო პროცესის - ლიბერალური დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ევროკავშირის ფარგლებში, ევროპულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის შესახებ კონსენსუსის შესუსტების, ნაწილია.

„ის, რასაც ჯერ კიდევ ვხედავთ, არის რადიკალური მემარჯვენე ბანაკის ეტაპობრივი გაძლიერება მთლიანობაში. ახლა კი ისეთ წერტილში ვართ, როდესაც ამ პარტიების იგნორირება კოალიციური დინამიკის თვალსაზრისით უკვე რთულია - იქნება ეს ევროპარლამენტში თუ ეროვნულ დონეზე", - განაცხადა შმინკემ.

ევროპარლამენტის შემდეგი არჩევნები 2029 წლის ივნისში გაიმართება.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ