12.08.2026 10:52
რუსეთმა ოთხ წელზე მეტი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა 32 წლის ამერიკელი ყოფილი საზღვაო ქვეითი რობერტ გილმანი. ვლადიმირ პუტინმა მას ჰუმანიტარული საფუძვლით შეწყალება მისცა, რის შემდეგაც გილმანი აშშ-ში დაბრუნდა. ამერიკული მხარის განცხადებით, მის სანაცვლოდ რუსეთს არც პატიმარი გადაუციათ და არც სხვა დათმობა გაკეთებულა.
გილმანის ისტორია 2022 წლის იანვარში დაიწყო. რუსული სამართალდამცავი ორგანოების ვერსიით, იგი სოხუმი-მოსკოვის მატარებლით მგზავრობდა და ვორონეჟში ჩამოსვეს, მას შემდეგ, რაც ვაგონში ნასვამ მდგომარეობაში წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულეს. მოგვიანებით პოლიციის განყოფილებაში მას პოლიციელზე ძალადობაც დასდეს ბრალად.
მნიშვნელოვანი დეტალი: არსებული ინფორმაციით, გილმანი მატარებელში სოჭში ჩაჯდა და არა სოხუმში. შესაბამისად, სოხუმში მისი ყოფნა საჯარო წყაროებით არ დასტურდება - „სოხუმი-მოსკოვი" ამ შემთხვევაში მატარებლის მარშრუტის სახელია.
პატიმრობის პერიოდში გილმანს ახალი ბრალდებებიც წაუყენეს - რუსული მხარე მას კოლონიის თანამშრომლებზე, გამომძიებელსა და იზოლატორის ინსპექტორზე ძალადობაში ადანაშაულებდა. საბოლოოდ მისი საერთო სასჯელი 10 წელსა და ერთ თვემდე გაიზარდა. ოჯახი და უფლებადამცველები კი აცხადებდნენ, რომ პატიმრობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.
განსაკუთრებით საყურადღებოა ვაშინგტონის რეაქცია: აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა გილმანის დაბრუნების შემდეგ დაწერა - „მადლობას ვუხდით პრეზიდენტ პუტინს რობერტის ჰუმანიტარული საფუძვლით შეწყალებისა და მთელი პროცესის განმავლობაში მისი პირადი ჩართულობისთვის."
უიტკოფის თქმით, გილმანის გათავისუფლებაზე მასთან ერთად მუშაობდნენ მარკო რუბიო, ადამ ბიულერი, სებასტიან გორკა და ჯარედ კუშნერი.
ავტორ(ებ)ი :