28.07.2026 21:49
მედიის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო შესაძლოა, მუშაობდეს საქმეზე, რომელიც ფრაქცია „ხალხის მსახურის" ლიდერის დავით არახამიას ეჭვმიტანილად ცნობას ითვალისწინებს.
როგორც მედიასაშუალებები წერენ, საქმე უკავშირდება პარლამენტის დეპუტატებს შორის კორუფციას.
გამოცემა იუწყება, რომ ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებში ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ მიიღეს დადგენილება არახამიას თანაშემწის ბიოლოგიური ნიმუშის ასაღებად. ეს საგამოძიებო მოქმედება შესაძლებელია, უკავშირდებოდეს საქმეს, რომელიც რადას დეპუტატებისთვის ხელფასების კონვერტებით დარიგებას ეხება.
ცნობილია, რომ ფრაქციის ლიდერის თანაშემწე ამ საქმესთან დაკავშირებით დეკემბერში უკვე გაჩხრიკეს. გამოცემა ვარაუდობს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოები ბანკნოტებზე თითის ანაბეჭდების საშუალებით ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ პარლამენტარების „ხელფასსა" და პრეზიდენტის ფრაქციას შორის პირდაპირი კავშირია.
როგორც გამოცემასთან საუბარში ანონიმური წყაროები აღნიშნავენ, არახამიას საქმე უახლოეს თვეებში იმავე სცენარით განვითარდება, რაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკთან მიმართებით მოხდა.
„ანტიკორუფციული ბიურო მზადაა კორუმპირებული ჩინოვნიკების „პოლიტიკური წმენდის" ახალი სეზონის დასაწყებად. ახლა საქმე დავით არახამიას ეხება. სიტუაცია დაახლოებით ისევე ვითარდება, როგორც ერმაკის შემთხვევაში, როდესაც ბრალდების წარდგენას ექვსი თვე ველოდით და დეტექტივები ამისთვის ემზადებოდნენ: მათ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, გაჩხრიკეს ერმაკის სახლი და ბინა გრუშევსკის ქუჩაზე, სადაც ეძებდნენ ერმაკის ან მისი გარემოცვის კუთვნილ ბიოლოგიური ნიმუშებს. ახლა დავით არახამია ანალოგიურ სიტუაციაშია", - ნათქვამია პუბლიკაციაში.
უკრაინულ მედია სწორედ არახამიას მიიჩნევს მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად. თუმცა, წყაროები აღნიშნავენ, რომ დავით არახამიას ეჭვმიტანილად ცნობა მარტივი არ იქნება, რადგან ის უმაღლესი რადას წევრია და ანტიკორუფციულ უწყებებს ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. კანონის თანახმად, მხოლოდ გენერალურ პროკურორს შეუძლია მოქმედი პარლამენტარებისთვის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ შეტყობინების გაგზავნა. როგორც მედია წერს, უკრაინის ამჟამინდელი გენერალური პროკურორი, რუსლან კრავჩენკო „სრულად მათ კონტროლის ქვეშაა და ზელენსკის წინააღმდეგ არ წავა".
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 14 იანვარს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა პარტია „ხალხის მსახურის" ლიდერის, დავით არახამიას ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს. როგორც მაშინ მედია წერდა, ჩხრეკა სავარაუდოდ, უმაღლესი რადას დეპუტატების მოსყიდვის საქმეს უკავშირდებოდა.
ავტორ(ებ)ი :