რობერტ ფიცო – ოფიციალურად ვაცხადებ, რომ სლოვაკეთი არ ყოფილა, არ არის და არ იქნება „მსურველთა კოალიციის“ წევრი 24.07.2026 23:53

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უარყო ინფორმაცია, თითქოს მისი ქვეყანა უკრაინის მხარდამჭერ კოალიციას შეუერთდა.

 

წერილობითი მიმართვა ფიცომ სოციალურ ქსელში მას შემდეგ გაავრცელა, რაც საფრანგეთის საელჩომ განაცხადა, რომ ბრატისლავა უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფის, „მსურველთა კოალიციის" წევრი გახდა.

 

ფიცომ ირონიით უპასუხა ამ ინფორმაციას და თქვა, რომ მალე ალბათ მოუწევს იმის მტკიცება, რომ მას რობერტ ფიცო ჰქვია.

 

„როგორც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, ოფიციალურად ვაცხადებ - სლოვაკეთი არ ყოფილა, არ არის და არ იქნება „მსურველთა კოალიციის" წევრი", - აღნიშნა რობერტ ფიცომ.

 

მისივე თქმით, პრემიერის სტატუსით ამ გაერთიანების არცერთ სხდომაში არ მიუღია მონაწილეობა.

 

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის პირადად დაუკავშირდა სლოვაკეთში საფრანგეთის ელჩს, ნიკოლა სურანს და სთხოვა, საელჩოს არ გაევრცელებინა ყალბი ინფორმაცია სლოვაკეთის წევრობის შესახებ. მისივე თქმით, ელჩმა დაუდასტურა, რომ საქმე გაუგებრობას ეხებოდა და დაჰპირდა, საჯაროდაც განემარტა ეს.

 

„სამწუხაროა, რომ ასეთ მაღალ დონეზე ხდება ასეთი გაუგებრობები, რომლებიც პრემიერის უშუალო ჩარევას საჭიროებს", - განაცხადა ფიცომ.

 

მისივე განმარტებით, პარიზში 13-14 ივლისს გამართული ღონისძიება, რომელსაც ეს ცნობები ეყრდნობოდა, საფრანგეთის სახელმწიფო დღესასწაულთან დაკავშირებული სამხედრო აღლუმი იყო. ფიცოს თქმით, თავად არ დასწრებია ამ ღონისძიებას და მის ნაცვლად ქვეყანა სლოვაკეთის ელჩმა წარმოადგინა.

 

ცნობისთვის, 13 ივლისს პარიზში „მსურველთა კოალიციის" შეხვედრას 40 ქვეყანა შეუერთდა.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ