მოჯტაბა ხამენეი პირობას დებს, რომ აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობის გამო შურს იძიებს – „ეს ერის მოთხოვნაა და აუცილებლად მოხდება“ 11.07.2026 17:19

 

ირანის უზენაესი სულიერი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი პირობას დებს, რომ მამამისის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობის გამო შურს იძიებს. მისივე თქმით, შურისძიება „ერის მოთხოვნაა" და აუცილებლად მოხდება.

მოჯტაბა ხამენეი ასევე აცხადებს, რომ ირანელები აიათოლა ალი ხამენეის სწავლებას დაიცავენ და სირთულეების არ შეეშინდებათ.

„პირობას ვდებ, შურს ვიძიებთ მოწამე ლიდერის და ამ ორი ომის ყველა მოწამის სისხლისთვის დამნაშავე და შერცხვენილ მკვლელებზე. აქ ვიქნებით თუ არა, ეს მიღწეული იქნება და მალე მთელ მსოფლიოში თავისუფლების მაძიებელთა შორის თითოეული ადამიანი შეასრულებს ამ ღვთაებრივი მისიის ნაწილს. როდესაც ცრემლიანი თვალებითა და გატეხილი გულით ვემშვიდობებით შენს ნეშტს, გპირდებით, დავიცავთ შენს სწავლებებს და მტკიცედ მივყვებით შენ მიერ ნაჩვენებ გზას. ამ გზაზე სირთულეების არ შეგვეშინდება და, შენსავით, ღვთაებრივ დაპირებებსა და კურთხევას ჩავეჭიდებით", - ნათქვამია მოჯტაბა ხამენეის წერილში.

შეგახსენებთ, რომ აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის შესახებ 28 თებერვალს გახდა ცნობილი. ხამენეი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი შეტევის პირველივე დღეს დაიღუპა, როდესაც თეირანში მის რეზიდენციაზე თავდასხმა განხორციელდა. რაც შეეხება ირანის ახალ სულიერ ლიდერს, მოჯტაბა ალი ხამენეი მამამისის გარდაცვალების შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოჯტაბა ხამენეი დაიჭრა ისრაელის დარტყმების დროს, თუმცა უკვე გამოჯანმრთელდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ