08.07.2026 22:21
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე ნატო-ს სამიტი შეაჯამა და მას ძალიან წარმატებული უწოდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოთახში „უზარმაზარი სიყვარული სუფევდა".
„სამწუხაროა, რომ პრესას არ შეეძლო დაენახა, რას ვაკეთებდით, რადგან იქ ძალიან, ძალიან ჭკვიანი ადამიანები იყვნენ. მათ გულებში ბევრი სიკეთე ჰქონდათ - არა ბოროტება, არამედ სიკეთე. ნატო-ს ლიდერებმა თქვეს: „გვიყვარხართ". ზრდასრული ადამიანები ამბობენ ამას. სასიამოვნოა, არა? შესაძლოა, ჩემზე გავლენის მოხდენას ცდილობენ", - აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და აღნიშნა, რომ ერდოღანი დიდებული ლიდერია.
„ის ძლიერი ადამიანია. სწორედ ამიტომ მართავს ამ დიდებულ ქვეყანას", - განაცხადა ტრამპმა.
რაც შეეხება თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდას, ტრამპმა აღნიშნა, რომ რამდენიმე ქვეყანა ამას არ ეთანხმება.
„უმეტესობა ამას ემხრობა, თუმცა გვყავს რამდენიმე ქვეყანა, რომელიც არ ემხრობა, მაგრამ მაქვს განცდა, რომ ამას მაინც გააკეთებენ და საკმაოდ სწრაფადაც. სხვათა შორის, ამ ქვეყნებიდან ბევრი ძალიან მდიდარია. არ უნდა გვეცოდებოდნენ ისინი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სათანადოდ არიან დაცულნი", - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ამერიკულ კომპანიებთან თავდაცვის სფეროში 3 მილიარდი დოლარის მოცულობის ახალი საინვესტიციო შეთანხმებები გაფორმდა.
„ევროპული ქვეყნების შეიარაღებული ძალების გაძლიერების პროცესში ყველაზე დიდი სარგებელი ამერიკული სამხედრო ტექნიკის მწარმოებლებს ექნებათ. მათ ამერიკული შეიარაღება სურთ, რადგან ის უკეთ მუშაობს. საქმე სხვა არაფერში არ არის. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ტექნიკას ვაწარმოებთ. ეს ყველაფერი სარგებელს მოუტანს როგორც შეერთებულ შტატებს, ისე ევროპას, რადგან ევროპელები საუკეთესო სამხედრო აღჭურვილობას მიიღებენ", - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვებსაც. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა, რომ ირანთან მიმდინარე ომი მისთვის სტრატეგიული მარცხია და რატომ ვერ ახერხებს მის დასრულებას.
კითხვის საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მიმდინარე ომი აშშ-სთვის უზარმაზარი სამხედრო წარმატება იყო.
„თქვენი კითხვის საპასუხოდ გეტყვით, რომ მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ. მათ 350%-იანი ინფლაცია აქვთ. ომი როდესაც დაიწყო, ინფლაცია 5-6% იყო. ირანს შეთანხმების დადება სურს, მაგრამ არ იცის, როგორ გააკეთოს ეს. შემდეგ კი ღამით გემებს ესვრიან. ეს არ მომწონს", - აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, ამჟამად ის ირანის ნომერ პირველი სამიზნეა.
„იცით, შესაძლოა, აღარ ვიყო, რადგან ახლა მათი ნომერ პირველი სამიზნე ვარ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ავტორ(ებ)ი :