05.04.2023 12:12
ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რაუნდი გვაქვს. მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ დღეს დისკუსია შედგა ყველა მონაწილესთან. ყველა მონაწილე ხვდება, რომ ჩართულობა და ჟენევის ფორმატის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რაც ასევე გვსურს თანათავმჯდომარეებს, - ეს განცხადება ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ტოივო კლაარმა გააკეთა.
„ცოტა რთულია იმის პროგნოზირება, როგორ წარიმართება მოლაპარაკება, მაგრამ არსებობს საერთო განცდა, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა მივაღწიოთ პატარ-პატარა გამარჯვებებს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფორმატია როგორც შეხვედრებისთვის, ისე სამომავლო განვითარებისთვის. რა თქმა უნდა ახლა საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით სიტუაცია რთულია, მაგრამ სწორედ ამ მიზეზითაც მნიშვნელოვანია ამ ფორმატის არსებობა. შეწყვეტის შემთხვევაში მისი აღდგენა ძალიან რთული იქნება. ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც ერთი მაგიდის გარშემო ვიკრიბებით საქართველო, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე აფხაზები და ოსები.
საერთაშორისო დისკუსია მიმდინარეობს გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის თანათავმჯდომარეობით. ამ ფორმატში მონაწილეთა საერთაშორისო წარმომადგენლობა ძალიან ფართოა და ეს თავისთავად ძალიან ღირებულია. ესაა ფორმატი, რომელიც შეიქმნა 2008 წლის ომის შემდეგ და ვფიქრობ ყველა მონაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისა და სტაბილურების თვალსაზრისით“, – განაცხადა ტოივო კლაარმა.