სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
GE EN RU
უკრაინის თავდაცვის ძალებმა 4 მიმართულებით მოწინააღმდეგის 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს 03.04.2023 10:39

რუსეთ-უკრაინის ომის 404-ე დღე - ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

 

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 610 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ძალების საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 175 160-ს მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

 

ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 619 ტანკს, 6 993 ჯავშანმანქანას, 2 694 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 306 საბრძოლო თვითმფრინავს და 291 ვერტმფრენს, 5 553 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 262 უპილოტო საფრენ აპარატს, 298 ერთეულ სპეცტექნიკას, 911 ფრთოსან რაკეტას.

 

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით მოწინააღმდეგის 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

 

„მოწინააღმდეგის ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე. საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან : ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა. ბახმუტის მიმართულებით მტერი არ წყვეტს ბახმუტზე შტურმს და ცდილობს მასზე სრული კონტროლის მოპოვებას“, - აცხადებენ გენშტაბში.

 

ამასთან, უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 5 სარაკეტო და 32 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 50-ჯერ გახსნეს.

 

რუსული ძალების ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის უბნებზე 8 დარტყმა განახორციელა.

 

თავის მხრივ, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტსა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 3 უბანს დაარტყეს. მათ ასევე, გაანადგურეს მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის 3 პოზიცია და 6 მნიშვნელოვან სამიზნეს დაარტყეს.

 

პოლონეთისა და სლოვაკეთის გადაწყვეტილება “მიგ-29” ტიპის ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით სხვებისთვის მაგალითი უნდა იყოს. ამის შესახებ პოლონეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში შიმონ შინკოვსკიმ გერმანულ გამოცემა RND-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, გერმანია უკრაინის დასახმარებლად პრაქტიკული გზების გამონახვის ნაცვლად ხშირად ფორმალობითაა დაკავებული.

 

„დაიჭირეთ სიკეთის მხარე არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც“, - აღნიშნა შიმონ შინკოვსკიმ.

 

უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა მოკავშირეებს, თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები გადასცენ, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას ცის დაცვასა და კონტრშეტევის განხორციელებაში. მარტში, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინას „მიგ-29” ტიპის ოთხი თვითმფრინავის მიწოდებას დაჰპირდა. მოგვიანებით, სლოვაკეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას „მიგ-29” ტიპის 13 თვითმფრინავს გადასცემს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ უკრაინას პირველი ოთხი ავიაგამანადგურებელი უკვე გადასცა.

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს კვირა მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის გამარჯვებისთვის და დაგეგმილი ღონისძიებებისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს.

 

"მომდევნო კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი თავდაცვისთვის, ჩვენი გამარჯვებისკენ სვლისთვის. ჩვენ უკვე ვემზადებით დაგეგმილი მოვლენებისა და გადაწყვეტილებისთვის", - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, რუსული ტერორის შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინის სამხედრო გამარჯვებაა.

 

„რუსული ტერორის შესაჩერებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს, აღვადგინოთ უსაფრთხოება ყველა ჩვენს ქალაქსა და საზოგადოებაში - სუმის ოლქიდან დონბასამდე, ხარკოვის ხერსონის ოლქამდე, კიევის ოლქიდან იალტამდე და ეს გზაა უკრაინის სამხედრო გამარჯვება. სხვა გზა არ არის და არც იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი დღეს დილით უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა.

 

რობერტ ჰაბეკის განცხადებით, კიევში დაგეგმილი პოლიტიკური მოლაპარაკებების მიზანია, უკრაინას მისცენ იმის იმედი, რომ ქვეყანა ომის შემდგომ აღდგება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იქნება ფოკუსირებული.

 

რობერტ ჰაბეკს, რომელიც გერმანიის ეკონომიკის მინისტრიცაა, კიევში ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებიც ახლავს, მათ შორის გერმანიის მრეწველობის ფედერაციის პრეზიდენტი ზიგფრიდ რუსვურმი.

 

რუსვურმის განცხადებით, ვიზიტი არის „სიგნალი უკრაინელებისთვის“, რომ გერმანიის ბიზნეს სექტორი მათ გვერდით დგას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ