13.10.2020 14:32
„გირჩი“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სამპუნქტიან გეგმას სთავაზობს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე, პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ამომრჩევლის მუდმივი ინფორმირებისთვის და საზოგადოების მუდმივი წესების დაცვისთვის, მნიშვნელოვანია რამდენიმე წესის დაცვა.
„კორონას პანდემიამ თავისი გავლენა იქონია. ამომრჩევლები ვალდებული არიან ჰქონდეთ პირბადე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცედურები არის დასახვეწი. კერძოდ, ამომრჩევლის მუდმივი ინფორმირებისთვის და საზოგადოების მუდმივი წესების დაცვისთვის, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, შემდეგი სამი პროცესის ჩატარება: პირველი, საარჩევნო კომისიის წევრმა, რომელიც იქნება რიგის მარეგულირებელი, ყოველ ჯერზე, როცა გაუზომავს ტემპერატურას ამომრჩეველს მისი სხეულის ტემპერატურა უნდა გამოაცხადოს ხმამაღლა. მეორე, როდესაც ჩაატარებს თერმოსკრინინგს ამომრჩეველს უნდა აჩვენოს მისი სხეულის ტემპერატურა, მესამე, ამომრჩეველს უნდა აეკრძალოს საარჩევნო უბანზე საკუთარი თერმომეტრით მისვლა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ცენტრალულმა საარჩევნო კომისიამ გაითვალისწინოს ეს მოთხოვნები და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge