13.10.2020 12:37
ოპოზიციური შტაბი, რომელიც ამომრჩეველთა ხმების დაცვის მიზნით შეიქმნა, მუშაობის ყოველდღიურ რეჟიმზე გადადის. როგორც შტაბის ხელმძღვანელმა, პაატა დავითაიამ განაცხადა, დღეს ჩანიშნულ შეხვედრაზე არჩევნების დღეს ტექნიკური მხარეების მოგვარებაზე ისაუბრებენ, ასევე განიხილავენ იმ ხარვეზებს, რომელიც კანონმდებლობაში არსებობს და შესაძლოა, ხელისუფლებამ არჩევნებზე ზეწოლის მექანიზმებად გამოიყენოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველთა ხმების დაცვის შტაბმა მუდმივმოქმედი ფუნქციონირება დაიწყო, აიღო ოფისი, სადაც ექნება 24-საათიან რეჟიმში მუშაობა. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვგეგმავთ ტექნიკური მხარეების მოგვარებას არჩევნების დღესთან დაკავშირებით, აგრეთვე განვიხილავთ იმ საკანონმდებლო ხარვეზებს, რომელიც არსებობს კანონმდებლობაში და ხელისუფლებამ შესაძლოა, გამოიყენოს არჩევნებზე ზეწოლის მექანიზმებად. ვამზადებთ დოკუმენტს, რომელსაც გადავცემთ დიპლომატიურ კორპუსს და გრძელვადიან დამკვირვებლებს. ასევე გვინდა იმ გრაფიკის შედგენა, რაც ნიშნავს დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო მისიებთან შეხვედრას. მზადდება სპეციალური მოხსენება პოლიტიკურ პარტიებზე და მათ ლიდერებზე ზეწოლის შესახებ“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.
30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვით ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ. შეთანხმების მიხედვით, შეიქმნა ამომრჩევლების ხმების დაცვის შტაბი, რომელსაც პაატა დავითაია ხელმძღვანელობს.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge