09.10.2020 14:59
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ამომრჩეველი სათანადო რაოდენობით გამოცხადდება საარჩევნო ყუთთან, მმართველი პარტია პირველსავე ტურში გაიმარჯვებს. ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის მიმართვასთან დაკავშირებით გააკეთა.
„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოწოდება. ჩვენთვის მთავარი მოწოდებაა თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფა. ხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ პოზიციები ყველგან ძალიან ძლიერია. ამ ვითარებაში ჩვენი ერთადერთი ამოცანაა მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება. იყო რამდენიმე ინციდენტი, ძირითადად ქვემო ქართლში და სამართალდამცავი ორგანოების, ასევე ჩვენი ჩარევის შემდეგ, თქვენ ნახეთ, რომ ვითარება შეიცვალა. ჩვენს აქტივთან მუდმივი კონსულტაციები გვქონდა. დღეს შენარჩუნებულია მშვიდი გარემო. ჩვენი მიზანიც ეს არის.
ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველა ოლქში პირველსავე ტურში მოვიგოთ. ამისათვის საჭიროა მობილიზაცია. თუ ამომრჩეველი სათანადო რაოდენობით გამოცხადდება საარჩევნო ყუთთან, პირველსავე ტურში ჩვენს გამარჯვებას ვერაფერი დაუდგება წინ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებულ მიმართვაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდის რეიტინგი 54-დან 60 %-მდე მერყეობს, რიგ შემთხვევებში კი 63 %-საც აჭარბებს.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge