17.09.2020 12:22
„არჩევნებს და არამხოლოდ არჩევნებს, წინასაარჩევნო კამპანიასაც, საფრთხე არ ემუქრება. ამ კუთხით რაიმე შეზღუდვა არ არის დაწესებული,“- ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მისივე თქმით, საქართველო რჩება „მწვანე ზონის“ მწვანე სტატუსის მქონე ქვეყნად, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიის პირობებში ვირუსის გავრცელება არის საქართველოს ხელისუფლების და ჯანდაცვის სამსახურების კონტროლის ქვეშ.
„ დღესდღეობით არჩევნებს და არამხოლოდ არჩევნებს, წინასაარჩევნო კამპანიასაც, არ ემუქრება საფრთხე. ამ კუთხით რაიმე შეზღუდვა არ არის დაწესებული. თუ ჩვენ გვექნება საჭიროება, მივიღოთ რაიმე ზომები, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საბჭო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ არჩევნებს ეს პროცესი არ შეაფერხებს და არჩევნები ამ მომენტისათვის არანაირი საფრთხის წინაშე არ დგას. არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„ჩვენ გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების, ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და გვჯერა, რომ ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ჩამოაყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობას და მინისტრთა კაბინეტს. მმართველმა გუნდმა განახორციელა ფუნდამენტური და დემოკრატიული რეფორმები იმისთვის, რომ მომდევნო პარლამენტი იყოს უფრო დაბალანსებული და თანამშრომლობაზე ორიენტირებული,“- განაცხადა თალაკვაძემ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge