15.09.2020 14:36
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ევროპარლამენტარები კრიტიკულები არიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ.
„ევროპარლამენტის დოკუმენტში და ევროპარლამენტარების გამოსვლაში მკაფიოდ ჩანდა ტენდენცია, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და ქართველ ხალხს, მაგრამ არიან ძალიან კრიტიკულები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ. ეს არის ის მკაფიო ტენდენცია, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო პერიოდში ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც, სტრასბურგშიც. ეს იმას ნიშნავს, რომ ოქტომბრის არჩევნები აუცილებლად უნდა გახდეს გარდამტეხი ცვლილებების არჩევნები. გარდამტეხი ცვლილებები იმისთვის, რომ საქართველოში გამოსწორდეს ვითარება და აღარ გახდეს საჭირო ყველა ის კრიტიკული შენიშვნა, რომელიც დაფიქსირებულია ევროპარლამენტის დოკუმენტში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, რომლის დროსაც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge